(რეზონანსი) აბასთუმანში თოფით მიყენებული ჭრილობებით 31 წლის ქალი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა.
შემთხვევა 26 ოქტომბერს სოფელ აბასთუმანში მოხდა. მუცლის არეში სანადირო თოფით დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხეში გადაიყვანა.
სოფელ აბასთუმანში მერის რწმუნებული ვიქტორ მინაძე ამბობს, რომ ქალი თოფით იყო დაჭრილი, თუმცა როგორ, ეს არ იცის. ადგილობრივების ნაწილის თქმით, ქალმა თავი მოიკლა. მედიასაშუალებით ცნობით, მან სიკვდილამდე წერილიც დატოვა.
„წერილში წერს, მშვიდი და უკეთესი ცხოვრება მინდოდა, რომ მქონოდაო. ქმარს სწერდა, მიყვარხარ, მაგრამ მივდივარ და გემშვიდობებიო", - ამბობს "სამხრეთ კარიბჭესთან" ოჯახის ახლობელი და ამატებს, რომ წერილი ქალის გარდაცვალების შემდეგ დედამთილმა იპოვა - „ცოტა ხნით ადრე ძმასთანაც დაურეკია, მოშორებით ცხოვრობს, ცუდად ვარ და ჩამოდიო. ეს ბიჭი რომ მისულა, ის უკვე დაღუპული დახვედრია".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ შესაძლოა, საქმე გადაკვალიფიცირდეს: „ვმუშაობთ სხვა ვერსიებზეც, მათ შორის თვითმკვლელობაზეც".