(რეზონანსი) თუ მძევალი სჭირდება პროკურატურას, მე დავრჩები პატიმრობაში,- ამ სიტყვებით მიმართა ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა, ბრალდებულმა გია გულორდავამ მოსამართლეს.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ვიცე-მერის გია გულორდავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
"თუ მძევალი სჭირდება პროკურატურას, მე დავრჩები პატიმრობაში და გთხოვთ, ლაშა გოგია გაათავისუფლოთ. მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია არანაირ მოლაპარაკებაში,"- მიმართა გია გულორდავამ მოსამართლეს.
გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი.