„სარალიძეს პროკურატურა უნდა აინტერესებდეს და ეცნობოდეს გამოძიებას. ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია. მისი კომპეტენცია ნამდვილად არ არის, რომ მას რაიმე უპასუხოს," - აცხადებს ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი „რეზონანსთან" საუბრისას.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე „ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვდრას ითხოვს. მისი თქმით, ივანიშვილმა დასმულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს.
ია მეტრველის განცხადებით, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ივანიშვილს სარალიძესთან შეხვედრის დრო არ აქვს. ამასთანავე, არც ივანიშვილის კომპეტენციაში შედის შეკითხვებს უპასუხოს. ამისათვის, შესაბამისი ორგანო არსებობს, რომელმაც სარალიძის საქმის გამოსაძიებლად „ყველაფერი გააკეთა".
„ქვეყანაში არის წინასარჩევნო ვითარება, წინ გვაქვს მეორე ტური. ივანიშვილი არის პარტიის ხელმძღვანელი და მას უამრავი საქვეყნო საქმეები აქვს. ივანიშვილს ნამდვილად არ აქვს დრო კერძო პირებს ასე პირადად შეხვდეს.
„სარალიძის მოთხოვნები მყისიერად იქნა დაკმაყოფილებული - პროკურორი გადადგა, მისი მოთხოვნით „ნაციონალებით" დაკომპლექტებული კომისია შეიქმნა. თავად „ნაციონალებს" წარმოადგენს სარალიძე და ეს კომისია სწორედ მისი მომხრეებით იქნა დაკომპლექტებული.
„კონტროლზე აყვანა და ბოდიშები... სახელმწიფოდან სარალიძის მიმართებაში ყველაფერი კეთდება თუ რამე შეიძლება რომ გაკეთდეს. ბავშვები არიან დაჭერილი, ახლა კიდევ დაიჭირეს და მიმდინარეობს გამოძიება," - აღნიშნა მეტრეველმა.
მეტრველმა მისი კონკრეტული მაგალითიც ახსენა და დასძინა, რომ 15 წელიწადია იმ პირების დაკავებას ელოდება, ვინც მისი შვილის მკვლელობაში ფიგურირებს. რაც შეეხება სარალიძის საქმეს, აღნიშნა, რომ მას „მთელი საქართველო ვერ გადაჰყვება".
„ჩემ საქმეში კონკრეტულად ხუთი ადამიანი არის ბრალდებული, რომელთაც ველოდები და ექვსი წელია ვერ დაუჭერიათ. სარალიძის საქმეში მხოლოდ იმიტომ, რომ შეუტყობინებლობა არსებობს, ამ მუხლით უამრავი ადამიანი დაიჭირეს. სარალიძე ითხოვს მთელი საქართველოს ციხეში ჩასმას - ბებიების, ბაბაუების, დედების, მამების, ბავშვების და მთელი სკოლის.
„სარალიძე ვერ გადაჰყვება მთელი საქართველო. მტკიცებულებები არის საჭირო და როდესაც მტკიცებულბები არ არის, პროკურატურა ვერც მოზარდებს მოჰკიდებს ხელს და ვერც ვერავის. 15 წელია მოთმინებით ველოდები ჩემი შვილის სამართალს და სარალიძემ კეთილი ინებოს, მოითმინოს.
„როდესაც მეორე ტურში დიდი გამარჯვებით გავიმარჯვებთ, შემდეგ ვნახოთ. თუ კიდევ არ იქნება ეს სამართლიანი, მერე მოითხოვოს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. ამ ეტაპზე ამისათვის არავის სცალია, სარალიძეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომ შეხვდეს. ქვეყანაში მნიშვნელოვანი საკითხი სწყდება. ამის აუცილებლობა არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილი არ არის პროკურორი ან გამომძიებელი. ქვეყანაში ამისათვის არსებობს სტრუქტურები, რომლებსაც მან ნდობა უნდა გამოუცხადოს.
„ვფიქრობ, არც ახლაა ამის საჭიროება და მითუმეტეს, მერე არ დადგება, თუ მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და კონკრეტულად დამტკიცდება კიდევ ვინ იყვნენ დამნაშავეები. ამისათვის უამრავი ადამიანი იხდის სასჯელს. კონკრეტული პირები თუკი თვითონ იცის, დაასახელოს და მტკიცებულებებიც დადოს, რომ სამართალი მიღწეულ იქნას," - განაცხადა ია მეტრველმა.