დაძაბულობა, ორად გაყოფილი საზოგადოება და დაპირისპირება პოლიტიკური შეხედულების გამო - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ფონზე, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს. პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპირისპირება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოჯახში თუ მეზობლებს შორის სულ უფრო მატულობს. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც, ქვეყნის მმართველობის ფორმიდან და პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არცთუ დიდი დატვირთვის უნდა ყოფილიყო, ლამის მმართველი პოლიტიკური ძალის ყოფნა-არყოფნის თემად და მოსახლეობის ორ რადიკალურად დაპირისპირებულ ბანაკად გახლეჩის მიზეზად იქცეს.
მეორე ტურისთვის საყოველთაო მობილიზება ძალიან ჰგავს პოლიტიკურად გაცილებით მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების მზადების კამპანიას. ანალიტიკოსების აზრით, ემოციურად ქართული საზოგადოება კვლავ 2012 წელს დაუბრუნდა, როდესაც პოლიტიკაში ახლად მოსული პოლიტიკური ძალა "ნაციონალური მოძრაობის" დასამარცხებლად ქუდზე კაცს უხმობდა.
დამაფიქრებელი შემთხვევა მოხდა გურიაში - ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ დუმბაძემ მისი მეუღლის - "რესპუბლიკური პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვლადიმერ ვადაჭკორიას განცხადება, რომ ის გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს, საჯაროდ დაგმო, რადგან, მისი თქმით, მეუღლის საქციელი მისთვის მიუღებელია და მის პოლიტიკურ შეხედულებას რადიკალურად ემიჯნება.
მმართველი გუნდის დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებით, თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება.
"ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" რევანშისტული განწყობა და მიზანი აქვს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანონ, ციხიდან მერაბიშვილი და ახალაია გამოიყვანონ.
ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომელნიც სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური რეანიმაციისთვის პრობლემაა. ფიზიკურ ლიკვიდაციას არც ერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ამ საფრთხის წინაშე ყველა გავერთიანდებით და იმ წყენას დავივიწყებთ, რაც შეიძლება ერთმანეთთან მიმართებით ექვსი წლის განმავლობაში გვქონოდა",- ამბობს გედევან ფოფხაძე.
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იგი წერს, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სასამართლო სისტემის რადიკალურ რეფორმას დიდი იმედით ელოდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. თუმცა ახლა ქვეყანა უფრო დიდი საფრთხის - რევანშიზმის წინაშე დგას, რასაც ქაოსის გამოწვევა და განვითარების შეფერხება შეუძლია.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საზოგადოების დაპირისპირებაში და ორ ბანაკად გაყოფაში მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა. მათი აზრით, მმართველი გუნდი ცდილობს, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა ხელოვნურად შექმნას და ამ შიშის ფონზე არჩევნებში გაიმარჯვოს, რაც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "მთელ კვირასთან" ამბობს, რომ მეორე ტურამდე ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა და საზოგადოების ორად გაყოფა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხია.
მისი აზრით, ხელისუფლება იძულებულია, რომ საზოგადოებას მხარდაჭერა "ანტიმიშას გაღვიძებით" აიძულოს, რაც ქვეყანაში პოლიტიკურად სიტუაციის დაძაბვას იწვევს. "ნაციონალები" და "ოცნება" ერთმანეთს არაფრით ჩამოუვარდებიან და ორივე წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენას იყენებს. ეს აგრესია კი საზოგადოებაში თავს იყრის და სხვადასხვა ფენაში ურთიერთდაპირისპირებით ვლინდება.
"სამწუხაროდ, ხელისუფლებას საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა აღარ აქვს და მიშათი შეშინებით მოსახლეობის საარჩევნო ყუთთან მიყვანას ცდილობს. ვალში არც "ნაციონალური" მოძრაობა რჩება. ორივე მათგანი აგრესიას ავლენს, რაც მოსახლეობის განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს. ორივე პოლიტიკურ ძალას მოსახლეობა შანტაჟის რეჟიმში ჰყავს აყვანილი და ყოველდღიურად მის დაშინებას ცდილობს. მიუხედავად არსებული მძიმე პოლიტიკური ფონისა, რევოლუციურ სცენარს არ ველოდები და ხელისუფლებას უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავის შეკავებას ვურჩევ.
"ოცნება" თუ ამ არჩევნებს ყველანაირი კითხვის გარეშე ჩაატარებს, მაშინ ოპოზიციასაც სხვა გზა არ ექნება. საზოგადოებაში აგრესიის გენერირებას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ცდილობს, თუმცა მე მაინც პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებ. არ შეიძლება, არჩევნები ზიზღის ენით და საზოგადოების დაპირისპირების ფონზე მოიგო", - აცხადებს ხუხაშვილი "მთელ კვირასთან".
იურისტი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია "მთელ კვირასთან" აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში არსებული აგრესია პირველად ხელისუფლების მხრიდან წამოვიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მესამე სექტორი ფაშისტებად მოიხსენია, რაც დაუშვებელია, ეს აგრესია შემდეგ საზოგადოების ყველა ფენაში იყრის თავს. თავად ხელისუფლებაა ინიციატორი, რომ საზოგადოება ორ ბანაკად გაიყოს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ დაუშვებელია, მმართველი გუნდის დეპუტატები საზოგადოებას აშინებდნენ სამოქალაქო ომის დაწყებით. მაგრამ ეტყობა, ხელისუფლება საკმაოდ შეშინებულია და შანტაჟის გზით ცდილობს, საზოგადოება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.
"საქართველოს მოსახლეობამ სამოქალაქო და ორი სამამულო ომი საკუთარ თავზე გადაიტანა. ამიტომ ვაშაძის გამარჯვების მოსახლეობას კი არა, ხელისუფლებას ეშინია. 90-იან წლებში უამრავი უბედურება გადავიტანეთ და საზოგადოებას მიშას უკან დაბრუნებით ვერავინ ვეღარ შეაშინებს.
"ხელისუფლებამ მოსახლეობას სხვა არჩევანი არ დაუტოვა და ცუდსა და უარესს შორის უნდა აირჩიოს. სიტუაციაა ასეთი - საითაც გავიქეცით, იქით წავიქეცით. თუ არჩევნები ერთ ოჯახს მაინც დაანგრევს და ერთ მოქალაქეს მაინც ზიანს მიაყენებს, ეს უკეთურება და უბედურებაა. არჩევნები და დემოკრატიული პროცესი მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის მომტანი უნდა იყოს.
"ხელისუფლება ამ არჩევნებზე მოსახლეობას სტაბილურობის გარანტს უნდა აძლევდეს და ესენი, პირიქით, ხალხს ემუქრებიან, რომ სამოქალაქო ომი დაიწყება. გვახსოვს, გამსახურდიას დროს უკიდურესმა ნაციონალიზმმა ქვეყანას რაც მოუტანა, ქართველებს კარგი მახსოვრობა გვაქვს და იმავეს აღარ გავიმეორებთ.
"არ ველი, რომ მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, ქვეყანაში მდგომარეობა რადიკალიზმისკენ წავა. ის კი, რაც დღეს ხდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი მგონია. სიძულვილის ენით საზოგადოებასაც და ოპოზიციასაც ისინი ელაპარაკებიან და ხალხში დაპირისპირებაც ამის ბრალია", - აცხადებს მუხაშავრია "მთელ კვირასთან".