ეკატერინე ბასილაია
05.11.2018

 "ერთადერთი, რაც ხელისუფლებას რაღაც აქტივს შესძენს, ეს არის მიძინებული, "ლატენტური ანტიმიშას" გაღვიძების მცდელობა. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ ეშინია ძველის დაბრუნების.

"ასე რომ, არსებობს გარკვეული რესურსი. რამდენად დიდია ეს რესურსი და რამდენად საკმარისი იქნება "ოცნებისთვის" შედეგის მისაღებად, ამას დაბეჯითებით ვერ გეტყვით," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

"მთელი კვირა": დააპატიმრეს ზუგდიდის ყოფილი მერი და ყოფილი ვიცე-მერი, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 10-ლარიდან 50 ლარამდე გაზარდეს შემწეობა და კანაფის კულტივაციის კანონპროექტი გამოიწვიეს. ხელისუფლება, კანაფის თემის გარდა, სხვა ყველაფერზე ამბობს, რომ ეს არჩევნებს არ უკავშირდება. თქვენი აღქმით, ეს ყველაფერი დროში დაემთხვა არჩევნებს, თუ "ოცნება" ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს?

გია ხუხაშვილი: ჰო, კიდევ ორშაბათიდან ხალხს მოვეფერებითო. გასაგებია, რომ ხელისუფლების ყველა ქმედება უკავშირდება არჩევნებს. სამწუხაროდ, ამ პერიოდში სახელმწიფოებრივი ამოცანები უკანა პლანზეა გადასული. ეს დამახასიათებელია ქართული პოლიტიკური ელიტისთვის, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ან ძალაუფლების მოპოვების ამოცანები დგას ხოლმე, რაც ეხება ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც.

რაც შეეხება ამ ყველაფრის ეფექტურობას, ამას მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. მეეჭვება, რომ მეორე ტურამდე ის ინიციატივები, რაც გახმოვანდა, რაიმე ეფექტის მომტანი იქნება. ეს პირველი ტურის წინ რომ გაეკეთებინათ, შეიძლებოდა, რაღაც მოჰყოლოდა, მაგრამ როდესაც ტურებს შორს ხდება მოფერებისა და თანაგრძნობის ოპერაციების ჩატარება, ძალიან ცინიკურად გამოიყურება და ამომრჩევლისთვის აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ერთადერთი, რაც ხელისუფლებას რაღაც აქტივს შესძენს, ეს არის მიძინებული, ლანენტური ანტიმიშას გაღვიძების მცდელობა. ისევ ნეგატიური ნარატივი. ამით გარკვეული მობილიზება შეუძლიათ იმიტომ, რომ, მართალია, ძალიან ბევრ ადამიანს არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ ეშინია ძველის დაბრუნების, მინიმუმ, სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

ასე რომ, აქ არსებობს გარკვეული რესურსი. რამდენად დიდია ეს რესურსი და რამდენად საკმარისი იქნება შედეგის მისაღებად, დაბეჯითებით ვერ გეტყვით. ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ გადავწყვიტე, წინასაარჩევნოდ კონკრეტული პროგნოზებისა და დასკვნებისგან თავი შევიკავო.

"მ.კ.": არის მოლოდინი, რომ ხელისუფლება ნემსის ყუნწში გაძვრება, რათა ხალხის გული მოიგოს საარჩევნოდ.თუ ელოდებით სხვა ნაბიჯებს, ან ელოდებით, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის გარდა სხვასაც დაიჭერენ?

გ.ხ.: "სხვასაც" გააჩნია. მეჩვენება, რომ ეს უკვე გარკვეულწილად დაგვიანებულია. თუ დაიჭერენ, თუ შეეხებიან იმ ადამიანებს, დღეს ვისაც იცავენ და ანგელოზებს ეძახიან, ამ შემთხვევაში კიდევ გარკვეული შანსი ჩნდება, მაგრამ ეჭვი მეპარება, ეს მოხდეს. ხელისუფლება არ არის მზად, მათ ან არ უნდათ, ან არ შეუძლიათ ამის გაკეთება.

დასასრული

"მ.კ.": თქვენ არ ელოდებით სხვა, ახალ და ბევრ ნაბიჯს?

გ.ხ.: როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ არჩევნებს უყურებს როგორც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. მეჩვენება, რომ ხელისუფლებამ კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა და კიდევ არ არის მზად, რეალურ პრობლემებს თვალი გაუსწოროს. შეუძლებელია, პირველ და მეორე ტურს შორის ადამიანები დაარწმუნო, რომ შენ ამას წრფელი გულით აკეთებ და არა იმ ამოცანით, რომ ამომრჩეველი რაღაცნაირად მიათრიო ყუთამდე.

სხვათა შორს, არც კანაფის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტის გამოწვევას მოუტანია ეფექტი. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ ფასი დაკარგა იმიტომ, რომ ხალხში გაჩნდა განცდა - ეს იმიტომ კი არ გააკეთეს, რომ ცუდია, არამედ დროს იგებენ და მერე ისევ დააბრუნებენ ამ კანონპროექტს.

როდესაც ხალხი იმდენად არ ენდობა ხელისუფლებას, რომ თუნდაც მის კარგ ნაბიჯს არ აღიქვამს პოზიტიურად, ეს ძალიან ცუდი სიმპტომია. ამიტომ ვამბობ, რომ არჩევნებსა და არჩევნებს შორის გადადგმული ნაბიჯები ძალიან სუსტი ეფექტისა იქნება. ერთადერთი, ეს არის "ლატენტური ანტიმიშას" გამოღვიძება.

"მ.კ.": "მიშა მოდის" ლოზუნგი ამუშავდა კიდეც უკვე. ზვიადაურმა დააანონსა, სპორტსმენების მობილიზებას ვიწყებ, რომ "9 წელი" არ დაბრუნდესო და წინა ხელისუფლების დროს მოკლული ახალგაზრდების მშობლებიც გამოვიდნენ ამავე ლოზუნგით. ეს შედეგს მოიტანს?

გ.ხ.: სხვადასხვა ჯგუფი, ძველი "ქართული ოცნებელები" გააქტიურდნენ და ეს რაღაც შედეგს მოიტანს. არც ზვიადაურზე და არც სხვა ვინმეზე არ ვლაპარაკობ კონკრეტულად. მე ვამბობ, რომ ეს "გაღვიძების" ოპერაცია მრავალწახნაგოვანია და რომელიმე ერთი რომ რაღაც სერიოზულ შედეგს მოიტანს, ამის იმედი არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი ერთად, ჯამში, პლუს, საინფორმაციო მხარდაჭერა და ა.შ., ადამიანების გარკვეულ ჯგუფებს საარჩევნოდ გაააქტიურებს.

იმისათვის, რომ ხელისუფლებას გაუჩნდეს რეალური პერსპექტივა და შანსი, აქტივობა უნდა გაიზარდოს. მე მგონი, მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც მეორე ტურში უფრო მეტი ადამიანი მისულა არჩევნებზე, ვიდრე პირველ ტურში. თითქოს ყველა ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია, რომ აქტივობა დაბალი იყოს და ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოიგოს, დღეს კი შეიქმნა პარადოქსული ვითარება - ხელისუფლება დაინტერესებულია აქტივობის გაზრდით.

თუ საარჩევნო აქტივობა ვერ გაზარდეს, არითმეტიკულად აგებენ. ხელისუფლების ამოცანაა, ახალი ამომრჩეველი მიიყვანოს არჩევნებზე და ამათ ვეძახი მე "ლატენტური ანტიმიშას" სეგმენტს. ეს სეგმენტი დიდია თუ პატარა, არ ვიცით. მოახერხებენ თუ ვერ მოახერხებენ, ესეც საკითხავია.

"მ.კ.": ახალქალაქში "ოცნების" მაჟორიტარმა ენზელ მკოიანმა და მისმა ძმამ პლაკატების ჩამოხევის გამო ვაშაძის შტაბის 4 წევრი სცემეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ოპოზიცია გაუგებარ მოთხოვნებს აყენებს - მკოიანს უფლებამოსილება შეუჩერდეს, - რასაც არ გააკეთებენ, მკოიანთან ერთად იბრძოლებენ ბოლომდე, მეორე ტურშიც. რა მესიჯია ეს, საკუთარ მომხრეებს მოუწოდებენ, რომ ყველა ხერხით იბრძოლონ გასამარჯვებლად და ხელს დააფარებენ?

გ.ხ.: კი, რა თქმა უნდა, ეს მესიჯია, მაგრამ ბრიყვული მესიჯია. ამით ისინი აჩვენებენ, რომ სამართალი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი, რაც პოლიტიკურად საზიანოა და ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ ვიღაცას მხნეობა მოემატება. მით უმეტეს, ენზელ მკოიანზე ლაპარაკი, როგორც "ოცნების" გუნდის წევრზე, ძალიან სასაცილოა. იგი ყველა ხელისუფლების დროს დეპუტატი იყო და ჯერ შევარდნაძის სახელით მაშინდელ ოპოზიციას ურახუნებდა, შემდეგ სააკაშვილის სახელით ჩვენ გვირახუნებდა და დღეს "ოცნების" სახელით "ნაცმოძრაობას" ურახუნებს. შემდეგი ხელისუფლება რომ მოვა, ალბათ თალაკვაძეს გაუჩეჩქვავს თავს და მერე გადაუხადოს მადლობა.

"მ.კ.": მეორე ტურში ბევრად მეტი დაპირისპირების მოლოდინი ხომ არ უნდა გვქონდეს?

გ.ხ.: დაპირისპირებები იქნება. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოახერხა ამ ორმა ანტიძალამ საზოგადოების გახლეჩა. სისტემურად, "ქართული ოცნების" დღევანდელი ელიტა "ნაცმოძრაობიდან" არის აღმოცენებული. ფაქტობრივად, დღეს ჩვენ ვუყურებთ მტრის ბანაკში ჩანერგილი "ნაციონალებისა" და ნატურალური "ნაციონალების" ორთაბრძოლას ერთი და იმავე მეთოდებით, ერთი და იმავე ტექნოლოგიებით, ერთი და იმავე სიბინძურითა და ტალახის სროლით.

საზოგადოებას კი არა, უკვე ოჯახებს ხლეჩენ, აგერ "ოცნების" დეპუტატმა გოგიამ დაპატიმრებული მამა, ზუგდიდის ყოფილი მერი დაამუნათა იმიტომ, რომ დეპუტატია და ალბათ ეს მანდატიც მამამისის დამსახურებაა. ოზურგეთში ცოლი ქმარს ემიჯნება. ასეთ უბედურებაში შევედით. ასეთია ამ ორი ანტიძალის სახე. როდესაც ნეგატივზე აგებ ყველაფერს, გარდაუვალია ასეთი ტიპის ნაციონალური ფსიქოზი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×