ტატა შოშიაშვილი
05.11.2018

 დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, მთავრობაში, შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. მისი აზრით, საზოგადოება კონკრეტულ ნაბიჯებს ელის ხელისუფლებისგან.

"საზოგადოებამ მკაფიოდ გვითხრა - შეცვალეთ მიდგომები, რომ მეტი შედეგი დადოთ და ეს ასეც იქნება. ეს იქნება არა ცალკეული ნაბიჯები, რომელიც პოლიტიკის ნაწილი არის, არამედ მართვის მეთოდების გაუმჯობესება. მათ შორის მე ვვარაუდობ საკადრო ცვლილებებსაც", - განაცხადა მინისტრმა.

ვის მოხსნას ვარაუდობს სერგეენკო და რას ნიშნავს მინისტრის ეს განცხადება? პოლიტიკური ანალიტიკოსების - რამაზ საყვარელიძისა და ნიკა ჩიტაძის აზრით, საკადრო ცვლილება მთავრობაში, შესაძლოა, ნებისმიერს შეეხოს, თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, არის შანსი, რომ, პირველ რიგში, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში მოხდეს ცვლილება. ექსპერტი სოსო ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ თანამდებობა თავად დავით სერგეენკომ უნდა დატოვოს.

რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკადრო ცვლილება მართლაც მოხდება, რთული იქნება თქმა, ვის შეეხება ის, თუმცა ამჟამად სწორედ ეკონომიკური სიტუაციის მხრივაა დიდი სირთულეები, რასაც სასწრაფოდ სჭირდება გადაწყვეტა.

"კონკრეტულად ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არ ვარ კარგად ჩახედული მინისტრთა კაბინეტის მოღვაწეობაში. მაგრამ რაც შეეხება პარტიის რეიტინგს, მეეჭვება, რომ ახლა მინისტრების შეცვლა შედეგს გამოიღებს.

"დავუშვათ, ყველაზე მწვავე თემა არის ლარის დევალვაცია. მეორე მხრივ, ფინანსთა მინისტრი ახლად დანიშნულია და, ვთქვათ, მას შეცდომები ჰქონდა დაშვებული და ვერ აიცილა თავიდან ეს დევალვაცია, ახალი მინისტრი რომ დაინიშნოს, დარჩენილ დროში რამეს მოასწრებს?

"მოსახლეობას ხომ არ აქვს პიროვნებების პრობლემა? მოსახლეობას შედეგთან აქვს პრობლემა და ამ შედეგს ვერც ერთი მინისტრი დარჩენილ დროში ვერ მიაწვდის ამომრჩეველს. ასე რომ, მგონია, ეს გადაწყვეტილება პირველი ტურის შედეგითაა ნაკარნახევი და არა იმით, რომ რეალურად მინისტრთა კაბინეტის ცვლილება რაიმეს მომტანი იქნება საარჩევნოდ", - თქვა საყვარელიძემ.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ თუ ცვლილება მოხდება, დიდია ალბათობა, რომ ეს მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს შეეხოს.

"თუ მინისტრთა კაბინეტში მოხდება საკადრო ცვლილება, შესაძლოა, შეეხოს ეკონომიკური მიმართულების მინისტრებს, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს, რადგან მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აღშფოთებას იწვევს ლარის კურსის დაცემა დოლარის მიმართ, პროდუქტებზე ფასების ზრდა, ფინანსური რესურსების არარაციონალური გამოყენება და მგონია, რომ ალბათ ეკონომიკური მიმართულების მინისტრებზე იქნება საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ორივე მინისტრი ახლად დანიშნულია.

"მაგრამ ხელისუფლება ამ შემთხვევაში ფიქრობს, რომ რახან ზურაბიშვილმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი არჩევნებზე, ეს მნიშვნელოვნად უკავშირდება ქვეყანაში სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და შესაძლებელია, რომ ამ ორმა მინისტრმა განტევების ვაცის ფუნქცია შეასრულოს", - აცხადებს ჩიტაძე.

სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობა შეიძლება დატოვოს ნებისმიერმა მინისტრმა, რომელსაც ოდესმე თუნდაც შემთხვევით უთქვამს რაიმე ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელი.

"როდესაც ამჟამინდელი სიტუაცია არის საგანგებო მდგომარეობა, გაგვიჭირდება წინასწარ თქმა, რა ნაბიჯებს გადადგამს ჩვენი პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლობა. რასაკვირველია, ამ საკითხს გადაწყვეტს მხოლოდ ერთი პირი ჩვენს ქვეყანაში, რადგან როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით მოქმედებს და ვერავის მოვიძიებთ ისეთს, რომელსაც ექნება ძალა, საჯაროდ გამოთქვას საკუთარი დამოკიდებულება ბატონი ივანიშვილის მიმართ. ყველანი მიყუჩდებიან და ბიძინას გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

"მე ვერ ვხედავ რომელიმე ისეთ მინისტრს, რომელსაც ოდესმე განსხვავებული ფრაზეოლოგია ეხმარა და განსხვავებული შეფასებები გამოეკვეთა. ამიტომ, ვთქვათ ასე, დიახ, უპირველეს ყოვლისა, მინისტრის განთავისუფლება მოხდება ფინანსური მიუღებლობის მიზეზით. თუ მინისტრებს შორის არის ვინმე, ვის მიმართაც ბატონ ივანიშვილს მეგობრული ურთიერთობა აქვს, სწორედ ასეთი უნდა განარიდოს იმ დავიდარაბას, რომელშიც არის ქვეყანა, გააცილოს ტაშფანდურით და ამით გადაარჩინოს მისთვის მისაღები პირი დღევანდელ რეალობას.

"ფორმალურად, ყველანი მისი ამორჩეულნი არიან და ვისაც ოდესმე ისეთი სიტყვა ექნება შემთხვევით წარმოთქმული, რაც ბატონი ბიძინასთვის არ იყო მისაღები, ამას გავიგებთ ზუსტად მაშინ, როდესაც გვეცოდინება, ვინ განთავისუფლდა თანამდებობიდან", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ მინისტრის შეცვლა უნდა განაპირობოს სამინისტროში არსებულმა რთულმა ვითარებამ, რომელსაც ის ვერ უმკლავდება.

"ცვლილება იმ სფეროში უნდა იყოს, სადაც მძიმე პრობლემების დენაა, რათა არ იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ საკითხი - შესაცვლელია თუ არა პიროვნება. ყველაზე მძიმე პრობლემა გვაქვს ლარის საკითხში. იქ არის შესაცვლელი ახლად დანიშნული მინისტრი? რომ შეცვალონ, ამით ლარის "გამოჯანმრთელება" ორი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ არჩევნების ჭრილში მინისტრთა კაბინეტის შეცვლა, არ მგონია, გამართლებული იყოს", - აღნიშნა საყვარელიძემ.

ჩიტაძის აზრით, თეორიულად, ნებისმიერ მინისტრს შეიძლება შეეხოს საკადრო ცვლილება, მაგრამ ზოგიერთ მათგანს ივანიშვილი განსაკუთრებით ენდობა და მათი გაშვება ნაკლებად მოსალოდნელია.

"ვთქვათ, ხელისუფლება იღვწის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდეს, მაგრამ ზოგმა მინისტრმა ვერ გაამართლა. შესაძლოა, საკადრო ცვლილება არც იყოს, მაგრამ თუ დაიწყება, ალბათ აღნიშნულ მინისტრებს შეეხება.

"წულუკიანსა და გახარიას ივანიშვილი განსაკუთრებით ენდობა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება რჩება და, თეორიულად, შესაძლოა, ნებისმიერ მინისტრს შეეხოს, გამორიცხული ამ შემთხვევაში არაფერი არ არის, მაგრამ, მგონია, რომ არჩევნებში ხელისუფლების გარკვეული მარცხი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში არის გაუარესებული.

"რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზეც ახალი კანდიდატურა მოგვევლინოს, მაგრამ მგონია, რომ ცვლილების შემთხვევაში, პირველ რიგში, ეკონომიკაზე იქნება ყურადღება გამახვილებული", - თქვა ექსპერტმა.

სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს მოღვაწე მინისტრებს შორის, პირველ რიგში, სწორედ დავით სერგეენკომ თავისი ნებით უნდა დატოვოს თანამდებობა.

"უპრიანი იქნება, რომ, უპირველეს ყოვლისა, თანამდებობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, დაემშვიდობოს ბატონი დავით სერგეენკო. უკვე ოთხდასახელებიანი სამინისტროს მინისტრია და იმის ნაცვლად, რომ შესაძლებელი გახდეს, ფეხზე წამოდგეს უკანასკნელ წლებში მიჭირხვნილი ქართული მედიცინა, რომელსაც ძალიან კარგი წარსული აქვს, უაღრესად სავალალო მდგომარეობაშია", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×