თამარ შუკვანი
05.11.2018

 მიგრანტთა ქარავანი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან უკვე ძალიან ახლოსაა. თუკი ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან წამოსულმა არალეგალთა ზღვამ აშშ-ში შესვლა მოახერხა, ამით ისინი ამერიკის საზღვარს მუდმივ საფრთხეს შეუქმნიან. ყველაზე საშინელი სცენარი, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ, ეს არის ის, რომ შესაძლოა ყველაფერი სისხლისღვრით დასრულდეს.

„მიგრანტებმა შესაძლოა მუდმივი საზღვარი გააკეთონ და აშშ-ის შეუქმნან მუდმივი საფრთხე. ეს ყველაზე ოპტიმისტური სცენარია. პესიმისტური კი, - მიგრანტები ყველანაირად შეეცდებიან, რომ გადალახონ და გადავიდნენ ამერიკის საზღვარზე და შესაძლოა საქმე სისხლისღვრამდეც მივიდეს," - „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს.

ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი საზღვრის დასაცავად ყველაფერს აკეთებს; აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური განცხადება გააკეთა, - იგი აპირებს ახალი საპრეზიდენტო განკარგულება გასცეს, რომლის მიხედვითაც მიგრანტთა ქარავანს ახალი სანქციები დაუწესდებათ.

„ეს საშიში ხალხის ჯგუფია," - აცხადებს ტრამპი. მან ქარავანს „ბოროტმოქმედები და ბანდის წევრები" უწოდა და საზღვრისკენ არმიის დამატებითი ნაწილები გაგზავნა. ცენტრალური ამერიკიდან მომავალი მიგრანტთა ქარავანის შესაჩერებლად მექსიკის საზღვართან ტრამპი 15 000 ამერიკელი სამხედროს განათავსებას გეგმავს.

ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმავალი მიგრანტი ქალები და ბავშვები მექსიკის ხელისუფლებამ ქვეყანაში დროებით შეუშვა. მექსიკამ დახმარება გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს სთხოვა იმისათვის, რომ ჰონდურასის, გვატემალისა და სალვადორის ხელისუფლებებმა ზომები ერთდროულად მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ „მიგრანტების ქარავანი" დაახლოებით 7 000 მიგრანტს ითვლის. მოძრაობას „მიგრანტების მარში" დაერქვა და მას ორგანიზატორებიც ჰყავს. მათ მიზანს აშშ-ში მოხვედრა წარმოადგენს, ან მექსიკის ხელისუფლებისათვის თავშესაფრის თხოვნა.

ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ეს მოძრაობა შესაძლოა შეგნებულად იყოს მომართული აშშ-სკენ, რადგან ასეთი ორგანიზებული სხვაგვარად ვერ იქნებოდა. იგი ამერიკის გარეთ იმართება.

„ეს ქარავანი მექსიკის მთავრობამაც გაატარა და სავარაუდოდ, ეს შეგნებულადაც იყო გაკეთებული. ამით სხვა სახელმწიფოებს სურთ ლათინო ამერიკის ქვეყნების მიმართ ტრამპის დამღუპველი პოლიტიკა აჩვენონ.

„ასე უცებ, ასე ორგანიზებულად ქარავანის მოწყობა და ცენტრალურ ამერიკის ტერიტორიაზე მისი გადაადგილება, ეს ნამდვილად არ არის სახუმარო საქმე. დიდი შანსია, რომ ამერიკის ტერიტორიაზე შეაღწიონ და ფაქტობრივად, იგივე ეფექტი ჰქონდეს, რაც სააკაშვილის უკრაინაში შესვლას.

„საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა; ტრამპმა ბრძანება გასცა, რომ ცეცხლი გაიხსნას და ამან შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. 7-ათასიანმა ქარავანმა უკვე მექსიკის საზღვარი გაარღვია და ამერიკის საზღვარს უახლოვდება.

„ლათინოამერიკელები საკმაოდ დიდი ექსტრემალობითა და თავზეხელაღებულობით გამოირჩევიან, თანაც ამ მასას დასაკარგი არაფერი აქვს. როგორც ჩანს, ამ ძალას პოლიტიკური ძალები უდგანან უკან, ყოველ შემთხვევაში ამერიკის ფარგლებს გარეთ," - აღნიშნა მან.

მისი თქმით, მიგრანტთა რაოდენობა იზრდება და სხვადასხვა სახელმწიფოებიდანაც უერთებიან. იგი ბანაკების შექმნას არ გამორცხავს, რაც აშშ-ს მუდვიმ პრობლემასა და საფიქრალს გაუჩენს.

„მიგრანტთა რაოდენობა იზრდება. მათ ყველა ქვეყანაში უერთდებიან. სურთ გადავიდნენ და ამერიკის ტერიტორიაზე შეიჭრან. მიგრანტებს მექსიკის ტერიტორიაზეც დიდი რაოდენობის მასა შეუერთდებათ.

„შესაძლოა ბანაკები შექმნან და ისინი შეეცდებიან ამერიკას პრობლემები მუდმივად შეუქმნან. ამერიკას გაუჭირდება 2 ათას კილომეტრიან საზღვარზე 15 ათასიანი შეიარაღებული ძალების განთავსება, რადგან ამერიკისა და მექსიკის საზღვარი ყოველთვის იყო დაუცველი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა საკმაოდ დიდი და ძლიერი ქვეყანაა, მისი საზღვრების დაცულობა საკმაოდ რთულია," - განაცხადა მაისაიამ.

ცნობისათვის, 6 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატბეში არჩევნები გაიმართება და დონალდ ტრამპის ბედიც სწორედ იმ დღეს გადაწყდება.

„აშშ-ში 6 ნოემბერს უკვე შუალედური არჩევნები იმართება, რაც ტრამპისათვის გადამწყვეტია, რადგან ამით მისი ბედი წყდება, ტრამპს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ თუ არა," - დასძინა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×