ბიძინა ივაიშვილის საგანგებო მიმართვას, მისი ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" აფასებს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი შეცდომებს მიხვდა, თუმცა გვიან. მისი აზრით, მან უნდა განმარტოს რას გულისხმობს, როდესაც 2012 წელს მებრძოლ გვარდიას უხმობს და აუხსნას მათ, აღიარებს თუ არა, რომ მურუსიძეზე სასამართლო სისტემის აგება შეცდომა იყო.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ის მზად არის ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთოს, თუმცა ეს სისტემის სრული ცვლილების შემთხვევაში მოხდება და ეს მხოლოდ ერთჯერადი კონტრაქტის საფუძველზე არ უნდა მოხდეს.
ხუხაშვილი აცხადებს, რომ მას არა აქვს არც იმის უფლება, რომ არ ენდოს და არც იმის რომ ენდოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას, გაზვიადებულია. მისი თქმით, მას სააკაშვილს როცა ძალაუფლება ჰქონდა, მაშინ არ ეშინოდა, ახლა მითუმეტეს, მოქალაქე სააკაშვილის არავის ეშინია.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ის არჩევნებამდე „ოცნებას" ურჩევდა, ზურაბიშვილისთვის პარიზის ბილეთი აეღოთ და გაემგზავრებინათ, ხოლო არჩევნების წინა დღეს ჩამოეყვანათ. მისი აზრით, ეს ყველაზე კარგი წინასაარჩევნო კამპანია იქნებოდა.
„რეზონანსი" : ბიძინა ივანიშვილმა საზოგადებას საგანგებო განცხადებით მიმართა, სადაც ბოდიში მოუხადა მთავრობის მიერ ვერ შესრულებულ დაპირებებზე და სთხოვა, რომ გაბრაზებულ გულზე გადაწყვეტილება არ მიიღონ. როგორ ფიქრობთ, ეს არის შეცდომის აღიარება? მას საზოგადოება კიდევ ენდობა?
გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს, თუმცა სამწუხაროდ ამას იმაზე გვიან მიხვდა, ვიდრე ეს საჭირო იყო. ლიდერი ჩვეულებრივი მოკვდავისგან იმით განსხვავდება, რომ მას აქვს უნარი პრობლემები წინასწარ განსაზღვროს და მათი პრევენცია მოახდინოს.
ეს განცხადება დიდიწილად მაინც უკან მიდევნებულს ჰგავს. ფაქტობრივად მან ბევრი პრობლემა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც საფრთხე რელური გახდა და ყველაფერი თვალწინ დაუდგა.
სხვათა შორის, მისი აგრესია ჩემს მისამართით იმას მოჰყვა, როდესაც ვთქვი, რომ მან ლიდერის ალღო დაკარგა. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, უბრალოდ ეს იყო მწარე რეალობა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა.
„რ": მან თავის განცხადებაში 2012 წლის ძველ ბრიგადას მიმართა, რომლებიც მასთან ერთად იბრძოდნენ და გვერდით დადგომა სთხოვა. მათ მოუბოდიშა და უთხრა, რომ იცის და ესმის მათი გულისწყრომა. ეს რას უნდა ნიშნავდეს?
გ.ხ: გასაგებია მისი მიმართვა, მაგრამ მან უნდა განმარტოს რაზე საუბრობს. თუ ეს ძველი გვარდია ერთჯერადი ამოცანის გადასაწყვეტად, ანუ არჩევნების მოსაგებად სჭირდება, ეს ერთი მოცემულობაა.
თუ აღიარებს, რომ ძველი გვარდიის მოშორება და გვერდით მურუსიძის სისტემის დამყარება, შეცდომა იყო და ამ ხალხთან ქვეყნის მართვის გაგრძელება უნდა, ეს სხვა საკითხია. მე ჯერჯერობით არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, რას გულისხმობს და რა მიზანი აქვს.
„რ": მან მიმართვაში ისიც აღიარა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია შეცდომა იყო. შეიძლება ველოდოთ, რომ ის სისტემის შიგნით რადიკალურ ცვლილებებს დაიწყებს?
გ.ხ: ამაზე რა კომენტარი გავაკეთო, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ რამდენიმე წელია ამაზე ღიად მივუთითებდი. მან კი ეს ყველაფერი მხოლოდ ახლა აღიარა. ეს აღიარება გულწრფელია, თუ უბრალოდ ამ პროცესის გადაგორებას ემსახურება, ამაზე სამწუხაროდ პასუხი არ მაქვს.
არა მაქვს საფუძველი, რომ ზედმეტად ვენდო ან ზედმეტად სკეპტიკური ვიყო. პიროვნულად ამ ადამიანის და მისი ოჯახის მიმართ ჩემი სენტიმენტები მაქვს, მიუხედავად იმისა, მან ჩემს მიმართ რა ტალახიც ისროლა. ამიტომ მინდა უკეთესის მოლოდინი მქონდეს, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვერ ვიქნები.
„რ": იმ საფრთხეზე რასაც ივანიშვილი თავის მიმართვაში საუბრობს, რეალურია? გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების ჩვენს საზოგადოებას უნდა ეშინოდეს?
გ.ხ: სიმართლე გითხრათ, რომ მე ასეთი აშკარა საფრთხეს ვერ ვხედავ. სააკაშვილი, როცა ხელისუფლებაში იყო და ამხელა ძალაუფლება ჰქონდა, მაშინ არ მეშინოდა და მითუმეტეს ახლა მოქალაქე სააკაშვილის საერთოდ არ მეშინია.
თუნდაც ვაშაძემ არჩევნები მოიგოს, ხელისუფლება სააკაშვილის ხელში ვერ აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს საფრთხე მინიმუმ გაზვიადებულია. ეს საფრთხე ისევ „ოცნების" ბრალია. მათ გამოკვებეს „ნაციონალები" და მათი რეამინირება მოახდინეს.
„რ": სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შემდეგ მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა და მას შემდეგ აღარავის უნახია. შეიძლება ითქვას, რომ ის მეორე ტურამდე გადამალეს?
გ.ხ: ეს ქალბატონი დიდ გაუგებრობაშია, რომ გამოჩნდეს რა რომ? სხვათაშორის, როდესაც ის საპრეზიდენტო კანდიდატად გამოაცხადეს, „ოცნებას" შევთავაზე, რომ ამ ქალბატონისთვის პარიზის ბილეთი აეღოთ და მხოლოდ არჩევნების დღეს ჩამოეყვანათ. ეს მისი მხრიდან ყველაზე კარგი წინასაარჩევნო კამპანია იქნებოდა. სამწუხაროდ ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, არ დამიჯერეს და შედეგიც სახეზეა.