"ბიძინა ივანიშვილის ეს მიმართვა შედეგის მომტანი იქნება, რადგან ქართველი ხალხი დიდსულოვანი და მიმტევებელია. როცა საჭირო იყო, იგი ხალხს გვერდში დაუდგა, ალბათ ახლა ხალხი დაუდგება მას გვერდით, მაგრამ ეს იქნება ბოლო, თუ ქვეყანაში ცვლილებები არ დაიწყო."
ასე ეხმიანება უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის ხალხისადმი მიმართვას.
"რეზონანსი": ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგელობას იღებს და პირობას დებს, რომ ერთ წელიწადში მართვის ყველა ხარვეზს გამოასწორებს. თავის მიმართვაში ისიც თქვა, რომ თუ "ოცნება" ვერ მუშაობს, ის პირველი წავა მათ წინააღმდეგ. მისცემს ხალხი ნდობის მანდატს?
დავით ჭიჭინაძე: ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაციაა და ამ არჩევნებში გამარჯვებული არავინ არ არის; "ნაციონალებსაც" არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ გამარჯვებულები არიან.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიმართვას, ეს დამარცხებული კაცის პოზიციიდან გაკეთებული განცხადებები არ არის. პირველმა ტურმა ბიძინა ივანივშილს აჩვენა საზოგადოებაში მისი გარემოცვის "პოპულარობა", რაშიც ბრალი მას ნაკლებად მიუძღვის.
ვფიქრობ, რომ ეს მიმართვა შედეგის მომტანი იქნება, რადგან ქართველი ხალხი დიდსულოვანი და მიმტევებელია, ჩვენი ჩინოვიკებისგან განსხვავებით, ბავშვობაში ვიღაცამ ცრემლი რომ ადინა და ის აქვთ დამახსოვრებული.
თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი ხალხს გვერდით დაუდგა და ალბათ ახლა ხალხი დაუდგება მას გვერდით, მაგრამ ეს იქნება ბოლო გვერდში დადგომა, თუ მართლაც არ დაიწყო ძირეული ცვლილებები.
მესმის, რომ დარჩენილ დროში ბევრი რამ ვერ მოესწრება, მაგრამ ეს ხორცმეტები სასწრფოდ ჩამოსაშორებელია, ტელევიზორში მაინც აღარ გამოაჩინოს და მათი ბოდვები არ ასმენინოს ხალხს, რადგან მათი ყოველი გამოსვლა ხალხს ძალიან აღიზიანებს.
"რ": ივანიშვილმა ქართული ოცნების "ძველ გვარდიასაც" მოგმართათ, კიდევ ერთხელ დასჭირდა საქართველოს თქვენი ერთგულება და სამოქალაქო გმირობაო და პირობა მოგცათ, რომ არავის ღვაწლი უყურადღებოდ არ დარჩება. დაუდგებით კიდევ ერთხელ გვერდით ბიძინა ივანიშვილს?
დ.ჭ: ჩვენ გუშინაც შევიკრიბეთ და ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს მტრად არ მოვიკიდებით, მაგრამ "ქართული ოცნების" იმ წევრებთან ერთად, რომლებიც მხოლოდ თანამდებობებზე და თავისი ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავენ, ხალხში ვერ გავალთ.
ნახეთ რა ხდება რაიონებში, გამგებლები და გამგეობის წევრები ისევ "ნაციონალები" არიან, ხალხს არჩევანი არ დაუტოვეს"- განაცხადა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ.