ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებასა და თავის ძველ თანამებრძოლებს სპეციალური განცხადებით მიმართა. ივანიშვილის ბოდიში ქართველ ხალხს და კიდევ ერთი დაპირება, რომ მას თუ ამომრჩეველი შანსს მისცემს, ის გარანტიას იძლევა, რომ ყველა პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს.
რატომ უხმობს ივანიშვილი ძველ "გვარდიას" და ვის გულისხმობს; რა საფრთხეებს ხედავს ყოფილი პრემიერი და რატომ ეშინია ასე ძალიან ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებისა, როდესაც, ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს დიდი უფლებები არ გააჩნია და მთელი მმართველობის ცენტრი "ოცნების" ხელში რჩება.
მიიღებენ თუ არა ივანიშვილის შეთავაზებას ძველი "გვარდიელები" და მებრძოლები, როგორც მან თავის სატელევიზიო გამოსვლაში ისინი მოიხსენია.
"მინდა, მივმართო "ქართული ოცნების" ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში: საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი.
"გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!
"მინდა შეგახსენოთ, რაც არჩევნებამდეც განვაცხადე - მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს.
"ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას!" - აცხადებს ივანიშვილი.
აყოფილი პრემიერის ამ განცხადებას "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი ალექსანდრე პეტრიაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მზად არის, რომ საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყანას გამოადგეს და საჭიროების შემთხვევაში მისი პოვნა არ გაუჭირდებათ.
პეტრიაშვილი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას მართალია, ჩამოშორდა, თუმცა მას საკუთარი თავი დიპლომატიაში ჯერ არ ამოუწურავს. ის მზად არის, რომ საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყნის სამსახურში ჩადგეს და ამ ასპარეზზე ქვეყანას გამოადგეს.
"არანაირი შემოთავაზება არც ერთი მხრიდან ჯერ არ ყოფილა. მე თბილისში ვცხოვრობ, ყველამ იცის ჩემი მისამართი და არავის გაუჭირდება პოვნა.
"მართალია, პოლიტიკაში აღარ ვარ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემი შესაძლებლობები საერთაშორისო დიპლომატიაში ჯერ არ ამომიწურავს და თუ ამ ასპარეზზე ახლა ჩემს ქვეყანას ვჭირდები, რა თქმა უნდა, ამისათვის მზად ვარ", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ივანიშვილის მიმართვას გაზეთ "რეზონანსთან" გია ხუხაშვილიც ეხმაურება და ამბობს, რომ ის ქვეყნის სახელით ყველაფრისათვის მზად არის, მაგრამ არა - ერთჯერადი კონტრაქტით.
ხუხაშვილის თქმით, გარანტიებია საჭირო, რომელიც სისტემურ ცვლილებებს, პრობლემებზე სისტემურ პასუხს და არა კოსმეტიკურს გულისხმობს.
როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, ჯობდა, ბიძინა ივანიშვილს ეს განცხადება არჩევნებამდე გაეკეთებინა, რადგან პრობლემის წინაშე დადგომის შემდეგ თქმა, გარკვეულწილად, დამაჯერებლობას კარგავს.
"მისი განცხადებების პათოსი მისასალმებელია და ის ამით ძალიან ბევრ რამეს აღიარებს, თუმცა ეს განცხადებები ბევრად უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო. ამ შემთხვევაში, განცხადების ეფექტი ბევრად მეტი იქნებოდა.
"დღეს ეს დაემსგავსა უკან მიდევნებულ განცხადებას და არა განცხადებას, რომელიც დამახასიათებელია ლიდერისაგან. ლიდერი კი, ჩვეულებრივი მოკვდავისაგან იმით განსხვავდება, რომ ის პრობლემებს წინასწარ უსწორებს თვალს და პრევენციულად რეაგირებს.
"ამის მიუხედავად, მე მაინც არ მინდა, მას ეს დავუკარგო და ვთქვა, რომ მან ბევრი რამ აღიარა. ჩემ მიმართ მისი აგრესიაც ამით იყო განპირობებული და სწორედ ამას ვეუბნებოდი.
"ის ვალდებული იყო, ამაზე არჩევნებამდე ესაუბრა, როდესაც ვთქვი, რომ მან ლიდერის თვისებები დაკარგა, ეს მქონდა მხედველობაში.
"რაც შეეხება ძველ გვარდიას, არ ვიცი, რას გულისხმობს. ალბათ, უფრო კონკრეტულად უნდა ახსნას, რა უნდა. მე არ ვიცი, ეს ერთჯერადი გამოყენების ობიექტია ამ შემთხვევაში თუ ძველი გვარდიით უნდა ამ ქვეყნის მომავლის შენება, მეტი განმარტებაა საჭირო. ერთჯერადი გამოყენების ობიექტი ვერასდროს გავხდები, არც ვყოფილვარ და არც მომავალში ვაპირებ.
"ვფიქრობ, მან მიმართა ყველას, ვინც 2012 წელს ქუჩაში იდგა, მიტინგებზე გამოდიოდა, ცვლილებები სურდა, ალბათ, ეს ჰქონდა მხედველობაში. აქედან გამომდინარე, მე პირადად სიტყვების აღარ მჯერა. მზად ვარ ქვეყნის სახელით ყველაფრისთვის, მაგრამ არა - ერთჯერადი კონტრაქტით.
"სიტყვებმა დაკარგა ფასი, გარანტიებია საჭირო, წარმოადგინოს ეს გარანტიები და მერე ვილაპარაკოთ. ბიძინა ივანიშვილის დახმარება არ არის ჩემთვის საინტერესო, ჩემთვის საინტერესოა ქვეყნის დახმარება", - აცხადებს ხუხაშვილი.
"თავისუფალი დემოკარტების" ერთ-ერთი წევრი ნინო გოგუაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მან არ იცის, ვის მოუწოდა და ვის გულისხმობს ის ძველ გვარდიაში.
გოგუაძე ამბობს, რომ აქამდე ის ყველა თავის ძველ თანამებრძოლს "ნაციონალად" მოიხსენიებდა, რადგანაც მას აკრიტიკებდნენ და რეალობა მისთვის მიუღებელი იყო.
მისი თქმით, ის ივანიშვილის ნამდვილად ახლო თანამებრძოლი იყო, თუმცა როდესაც დაინახა, რომ "ოცნება" არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ისინი ოპოზიციაში წავიდნენ.
გოგუაძე აცხადებს, რომ უკვე მაშინვე გამოჩნდა, რომ ივანიშვილის მმართველობის სტილი ფარცხალაძისა და მურუსიძის მსგავს ადამიანებზე აეწყობოდა. ეს ყველა იმ ძველი მებრძოლისთვის მიუღებელი იყო, რადგანაც ისინი ამისათვის არ იბრძოდნენ.
"ჩვენ ივანიშვილის გვერდით იმიტომ ვიბრძოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა ყოფილიყო, სადაც კანონი უზენაესი იქნებოდა და სასამართლო, მედია დამოუკიდებელი ყოფილიყო.
"მაშინვე დავინახეთ, რომ ეს ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" მართვის პრინციპს დაადგა და აქამდე მივიდოდით. დღეს ვაშაძის კანდიდატურას მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს.
"ვაშაძეს მხარს იმიტომ არ ვუჭერთ, რომ მის უკან მიხეილ სააკაშვილი დგას. ბიძინა ივანიშვილმა, სამწუხაროდ, ხელისუფლება კომფორმისტი და ყველაფრის მკადრებელი კადრებით დააკომპლექტა. ამიტომ არიან ასეთ პანიკაში, რადგანაც არ იციან, ეს მედროვეები საით გადაიხრებიან.
"ერთადერთი, ხელისუფლებას მივმართავ, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად ჩაატარონ და ხალხის ნება სრულად ასახონ. ჩვენი პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ივანიშვილისაგან არანაირ შეთავაზებას არ მივიღებთ და ყველამ თავის განცხადებაზე პასუხი დამოუკიდებლად აგოს", - აცხადებს "რეზონანსთან" ნინო გოგუაძე.
ფოტო: "ივანიშვილმა ხელისუფლება კომფორმისტი და ყველაფრის მკადრებელი კადრებით დააკომპლექტა, ამიტომ არიან ასეთ პანიკაში, რადგანაც არ იციან, ეს მედროვეები საით გადაიხრებიან"
ფრაზა: "სიტყვებმა დაკარგა ფასი, გარანტიებია საჭირო, წარმოადგინოს ეს გარანტიები და მერე ვილაპარაკოთ. ივანიშვილის დახმარება არ არის ჩემთვის საინტერესო, ჩემთვის საინტერესოა ქვეყნის დახმარება".