ია აბულაშვილი
07.11.2018

 "არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ვერ დაამარცხებდა, ეს მითი დაინგრა" - აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელსაც "რეზონანსი" მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.

გია ნოდია: "არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა "ქართული ოცნება". ასევე ის, რომ დღევანდელი არსებული ოპოზიცია ვერ დაამარცხებდა "ქართულ ოცნებას", რადგან ყველა ბერკეტი და ბიძინას ფულები მის ხელშია, ეს მითი დაინგრა.

ეს შეძლო არსებულმა ოპოზიციამ და არა მესამე ძალამ, რომელიც სადღაც ზეციდან ჩამოფრინდა.

რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ისინი პანიკაში არიან. ივანიშვილმა თავის გამოსვლით ცხადყო, რომ არ იცის, რა ქნას, ვინ დაიჯერებს, თუ ექვს წელიწადში ვერაფერი ვერ გააკეთეს, ერთ წელიწადში გააკეთებენ.

არც იმაზე უსაუბრია, რას გააკეთებს კონკრეტულად. ერთადერთი გაზვნილი იყო, რომ მოდის "ნაციონალური მოძრაობა", ეს არის დამნაშავე ძალა და ჩვენ ისინი უნდა გავაჩეროთ; ანუ, ამბობს იმას, რასაც ამბობდა 2012 წელში. ამან ყველაფერმა პირველ ტურში თუ ვერ იმაშავა, რატომ უნდა იმუშაოს მეორე ტურში.

რაც შეეხება მეორე ტურში გამარჯვებულს, თუ ოპოზიციამ პირველ ტურში გაიმარჯვა, დიდი ალბათობით მეორე ტურშიც გაიმარჯვებს, მაგრამ "ოცნება" ისევ ხელისუფლებაში დარჩება, თუმცა აღქმული იქნება, რომ იგი დასუსტებულია.

გამარჯვებული ოპოზიციის პრეზიდენტიც ბევრს ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ოპოზიციას აძლევს ოპტიმიზმს, გაიმარჯვოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

ეს კი არ ნიშნავს სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას, რადგან არჩევნებმა აჩვენა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის გარეშე ცალკე აღებული "ნაცმოძრაობა" ვერ იგებს.

იმ შემთხვევაში, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს იქნება ოპოზიციური კოალიცია" - განაცხადა "რეზონანსთან" გია ნოდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×