სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დახმარების სათოხვნელად მისული ქალბატონსა და საკრებულოს წევრ ბადრი შენგელიას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას თავად საკრებულოში კატეგორიულად უარყოფენ. ამის შესახებ „რეზონანსთან" საკრებულოს წევრმა მანანა სირბილაძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ინციდენტი ერთ-ერთ მთხოვნელთან, მოქალაქე მაია ქორიძესთან მართლაც მოხდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება, რომლის პროვოცირებაც თავად მოქალაქემ მოახდინა.
„იყო სიტყვიერი შელაპარაკება, მსოფლიო ჩემპიონია ეს ბატონი ჭიდაობაში, მაგრამ ხელი, რომ დაერტყა, ეს ქალბატონი ასეთ ხასიაძე ვერ იქნებოდა.
„იყო მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება, რადგან ეს ქალბატონი გამოირჩევა ძალიან დიდი აგრესიულობით. ერთხელ ფეხით შემომიღო, შემომილეწა კარი - გინდათ თუ არა გამოდითო.
„ეს იყო დადგმული სპეკტაკლივით. იყო სიტყვიერი შელაპრაკება, მაგრამ არავითარი ფიზიკური შეურაცხყოფა", - განაცხადა სირბილაძემ.
მისი ინფორმაციით, მაია ქორიძე წინა ორი დღის განმავლობაშიც მიდიოდა საკრებულოში და ითხოვდა მისთვის გადაეხადათ 1000 ლარი, რომელიც დაეკისრა მის შვილს ჯარში არ წასვლის გამო.
„წინა ორი დღის განმავლობაშიც მოდიოდა ასე და მთავარი მიზეზი არის ის, რომ მისი შვილი არ წავიდა ჯარში, დააჯარიმა სასამართლომ 1000 ლარით და რატომღაც ითხოვდა, რომ 1000 ლარი ჩვენ გადაგვეხადა.
„შვილის ჯარში არ წასვლას და დაჯარიმებას მიზეზი მოუნახა - ამბობდა, რომ თემში ამბულატორია არ არის. ამბულატორია თუ არ არის ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი და არა სამტრედიის მუნიციპალიტეტის.
„ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია. ამ ქალბატონს გამოუყვანია მწყობრიდან ეს კაცი და წამოდა ფეხზე, მაგრამ იყო მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა მანანა სირბილაძემ.