ელზა პაპოშვილი
10.11.2018

 მარნეულში, ქორწილის დღეს, პარტაძლის სახლი გაძარცვეს. შემთხვევა 7 ნოემბერს ღამით მაშინ მოხდა, როდესაც პატარძლის ახლობლები და ნათესავები სიძის სახლში ქორწილში იმყოფებოდნენ.

როგორც გოგონას ოჯახი აცხადებს, ქურდებმა სახლიდან 8 000-მდე ლარი წაიღეს, რომელიც პატარძალს ახლობლებმა აჩუქეს და ქორწილში შემოუვიდათ. ასევე ოჯახის ინფორმაციით, ქურდებმა მათი სტუმრებიც გაძარცვეს, რომლებსაც ჩანთები პატარძლის სახლში ჰქონდათ დატოვებული.

გოგონას მამა ამბობს, რომ მძარცველები სახლში, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ. მათ მინის ჩამტვრევის შედეგად ბინაში შეღწევა შეძლეს. პატარძლის მამის ინფორმაციით, ისინი ფულს საძინებელში ინახავდნენ, ამიტომ სახლში უცხო ადამიანი ვერ შევიდოდა და ის არ გამორიცხავს, რომ ძარცვა ისეთმა პირმა ჩაიდინა, რომელიც მათაც და სახლსაც ძალიან კარგად იცნობდა. ასევე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ისინი ფულს ბინაში ინახავდნენ.

„ქორწილში სტუმრების მხრიდან 8 000 ლარამდე ფული შემოგვივიდა. ძარცვა კი 7 ნოემბერს ღამით მოხდა, როდესაც ჩვენ სიძის ოჯახში ქორწილს ავღვნიშნავდით. როდესაც უკან სახლში დავბრუნდით, აქაურობა საშინლად არეული დაგვხვდა. როგორც ჩანს, ფულს და ძვირფასეულობას ეძებდნენ.

„ასევე გაძარცვეს ჩემი სტუმრებიც, რადგანაც მათ ჩანთები ჩემს სახლში დატოვეს. ყველა ჩანთა გაასუფთავეს და ფული წაიღეს. სახლის დათვალიერებისას ვნახეთ, რომ ფანჯრის მინა ჩამტვრეული იყო და ისე არიან შემოსულები. ფულს სახლში საძინებელ ოთახში ვინახავდით.

„ჩემი შვილებისთვის ნაჩუქარი ფულის მოპარვას აღარ ვჩივი, სტუმრები გამიძარცვეს და მათი ძალიან მრცხვენია. ადგილზე მოსულები იყვნენ ექპერტ-კრიმინალისტები და ანაბეჭდები აიღეს, მაგრამ აქ იმდენი ადამიანი შემოვიდა და გავიდა, რა ვიცი რას გაარკვევენ.

„რა თქმა უნდა, არაფერს არ გამოვრიცხავთ და ეჭვი ყველაზე გვაქვს. ფაქტია, რომ აქ უცხო არავინ მოვიდოდა. ისეთი ადამიანია შემოსული, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ქორწილში გვერდით სახლში ვიმყოფებოდით. ასევე სახლსაც კარგად იცნობდა და სავარაუდოდ, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ფულს ბინაში ვინახავდით", - აცხადებს პატარძლის მამა.

„რეზონანს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების თქმით, დამნაშავე პირების დასადგენად, ყველა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×