გასულ კვირას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, როს უილსი, დაინიშნა და ისევ გაურკვეველი დარჩა, როდემდე იქნება ვაკანტური აშშ-ის ელჩის პოსტი, რა არის მიზეზი, რომ უკვე 7 თვეა, ვაშინგტონი სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაში - საქართველოში ელჩის დანიშვნას ვერ ახერხებს.
მით უმეტეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონის მიერ საქართველოში სავარაუდო ელჩად შერჩეული დიპლომატის - ბრიჯიტ ბრინკსის დანიშვნას "ქართული ოცნება" და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი ეწინააღმდეგებიან და სწორედ ამან შექმნა ერთგვარი კრიზისი.
ვინ არის ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებელი და რამდენად შესაძლებელია, "ოცნება" ვაშინგტონში რომელიმე კონკრეტულ დიპლომატს ბლოკავდეს?
"საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის" დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში მამუკა ჟღენტი ამბობს, რომ როს უილსი გამოცდილი დიპლომატია, რომელმაც კარგად იცის ჩვენი რეგიონი, მათ შორის რუსეთი, თუმცა მნიშვნელოვანია, აშშ თავის სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოში როდის დანიშნავს ელჩს და იმედოვნებს, რომ ეს მალე მოხდება.
მისივე თქმით, თეორიულად, მიმღებ სახელმწიფოს უფლება აქვს, დაბლოკოს ამა თუ იმ პიროვნების ელჩად მიღება, ასეთი რამ პრაქტიკაში ხდება. ხოლო თუ ბიძინა ივანიშვილის დავალებაა ვინმეს დაბლოკვა, ამაზე ვერც ერთი ქართველი მაღალჩინოსანი უარსაც ვერ შეჰბედავდა მას. თუმცა არ გააჩნია ინფორმაცია და არც არავის უთქვამს უფრო მეტი დეტალი, რატომ შეიძლება ბლოკავდეს "ოცნება" ბრიჯიტ ბრინკსს, რომელიც რამდენიმე წელი თბილისში აშშ-ის ელჩის მოადგილე იყო და გამოცდილი დიპლომატია. ამიტომ მიაჩნია, რომ ეს უფრო ჭორებია, ვიდრე რეალობა.
მამუკა ჟღენტის თქმით, აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ამდენი თვე ელჩი რომ არ ჰყავს, ეს ძალიან სამწუხაროა და ცუდია, თუმცა მიზეზი უფრო ვაშინგტონშია, რადგან აშშ-ს ელჩი არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაშიც არ ჰყავს დანიშნული.
აშშ-დან ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსი მუშაობას უკვე შეუდგა და სოფელ ატოცში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხართების გაბმის ახალი ფაქტიც დაგმო.
უილსს 35-წლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. 2005-2008 წლებში იყო აშშ-ის ელჩი თურქეთში, 2000-2003 წლებში - აზერბაიჯანში. ეკავა სხვადასხვა თანამდებობა აშშ-ის საელჩოებში მოსკოვსა და პრაღაში და გენერალურ საკონსულოში მელბურნში, ავსტრალიაში. 1997-2000 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საკითხებში.
2018 წლის აპრილიდან, რაც იან კელის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, საქართველოში აშშ-ს ელჩი არ ჰყავს. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჯერ იყო ელიზაბეთ რუდი, 9 ოქტომბერს კი როს უილსი დაინიშნა. რატომ არ ნიშნავს აშშ ელჩს საქართველოში, ეს კითხვა ბევრჯერ დაისვა.
24 ოქტომბერს ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელთან ამ თემაზე საუბრისას თქვა, რომ საკუთარი წყაროდან აქვს ინფორმაცია, რომ ელჩის პოსტზე მოიაზრება ბრიჯიტ ბრინკსი, რასაც საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობას უწევს და, ფაქტობრივად, ამ მიმართულებით, უკვე რამდენიმე თვეა, კრიზისია.
ეკა გიგაურმა ჟიჟილაშვილს დაუდასტურა, რომ მსგავსი ინფორმაცია მასაც სმენია, რასაც "შემაშფოთებელი" უწოდა. მეორე დღეს კი "რუსთავი" 2-ის ეთერში ითქვა, რომ მათ ოთხმა წყარომ დაუდასტურა, რომ "ოცნება" ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურას ბლოკავს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ეწინააღმდეგება მის დანიშვნას.
ანალოგიური რამ თქვეს "ნაცმოძრაობაშიც", თუმცა მიზეზზე, რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს "ოცნებას" ბრიჯიტ ბრინკსთან, ვერსია არავის აქვს.
ამ ინფორმაციას მაშინვე პროვოკაციული და არასერიოზული უწოდეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. მათი თქმით, არასერიოზულია, რომ საქართველო ერევა აშშ-ის ახალი ელჩის შერჩევაში და მედიას ურჩიეს, მსგავსი სპეკულაციებისგან თავი შეეკავებინათ.
ბრიჯიტ ბრინსკი ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა, ხოლო 2011-2014 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე იყო და ქართულ რეალობასაც კარგად იცნობს. "მთელი კვირა" შეეცადა, ეკა გიგაურისგან შეეტყო, რა ინფორმაცია აქვს მას, რატომ ეწინააღმდეგება "ოცნება" ბრიჯიტ ბრინკსის დანიშვნას, თუმცა გიგაურმა გვითხრა, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ვერაფერს იტყვის.
მამუკა ჟღენტის თქმით, ბრინკსი გამოცდილი დიპლომატია, მისი დანიშვნა ძალიან კარგი იქნება და რა მიზეზით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მის დანიშვნას დღევანდელი ხელისუფლება, ინფორმაციას არ ფლობს.
"ეს ინფორმაცია უფრო ჭორად და გადაჭარბებულად მეჩვენება, თუმცა არ შემიძლია, არ ვთქვა, როგორ ფუნქციონირებს ქართული სახელმწიფო. თუ ბატონი ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ დაიბლოკოს, ეჭვი მეპარება, ვინმემ ხელისუფლებიდან წინააღმდეგობა გაუწიოს მას და დავალება არ შეასრულოს.
"თუმცა მე პირადად არ მსმენია ქალბატონი ბრინკსის რაიმე ისეთი განცხადება, რის გამოც ბატონი ივანიშვილი ამ ნაბიჯზე წავიდოდა. იგი ასეთ საკითხებში პრაგმატულად აზროვნებს და ასეთ სერიოზულ დაპირისპირებაზე, რადგან ეს სკანდალის ტოლფასია, არ წავიდოდა.
"ასეთი გართულება მის ინტერესებში არ არის. ამიტომ ძალიან ვეჭვობ, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, ჩვენი ხელისუფლება კი ატარებს ამ ხაზს და ბლოკავს აშშ-ის ელჩის კანდიდატურას საქართველოში. ასეთი საკითხები გასაჯაროებას არ ექვემდებარება, მაგრამ ინფორმაცია ჟონავს ხოლმე," - აღნიშნავს ჟღენტი და საქართველოში ელჩის გამოგზავნის გაჭიანურებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შექმნილ რთულ სიტუაციას უკავშირებს.
"ბევრ ქვეყანაში არ არის ელჩი დანიშნული. ახლა საუბარი მიდის, რომ ბრიტანეთში უნდა დაინიშნოს ახალი ელჩი, რადგან საკმაოდ დიდ ხანია, არ ჰყავთ. გერმანიაში იყო იგივე პრობლემა და ბოლოს და ბოლოს დაინიშნა, თუმცა უკვე ახალ ელჩთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემები. ლათინური ამერიკის ბევრ სახელმწიფოშიც არ ჰყავს აშშ-ს ელჩი, მგონი, ესტონეთშიც. ასე რომ არ იყოს, მაშინ 7 თვის განმავლობაში საქართველოსნაირ ქვეყანაში ელჩის არყოფნა უფრო მეტ კითხვას გააჩენდა.
"მე არ გამოვრიცხავ არაფერს, თუმცა როდესაც არ გამაჩნია კონკრეტული ინფორმაცია და არც არავის უთქვამს უფრო მეტი დეტალი, საუბარი რთულია. არც საქართველოს არ ჰყავს, მაგალითად, საფრანგეთში, უკვე 3 თვეა, ელჩი, არც არავინ ჰყავთ წარდგენილი, რაც ძალიან ცუდია," - ამბობს ჟღენტი.