"უცნაურია, რაც გუშინ მოხდა. კანონით აკრძალული არ არის კარვების დადგმა და, ზოგადად, ამდენ ხანს შვილმკვდარ მამებს კარვების გაშლის უფლებას რომ არ აძლევენ, უცნაურია. ეს აქციის მონაწილეებისთვის უფრო სასარგებლოდ მოქმედებს, ვიდრე იმისთვის, ვინც მათ არბევს," - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.
შაბათს რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მზარდასაჭერად გამართულ მორიგი აქციისა და საოკუპაციო ხაზთან გამართული საპროტესტო აქციის შესახებ "მთელი კვირა" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილ მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
პაატა ზაქარეიშვილი: დარბევით, არ ვიცი, რისი მიღწევა უნდათ. პირველ რიგში, ამით კანონს არღვევენ და საზოგადოებას აღიზიანებენ. როგორც მაჩალიკაშვილს, ისე სარალიძეს, თავიანთი ხედვა და პრეტენზია აქვთ ხელისუფლების მიმართ, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს და მათ შორის მეც.
გამოძიება იწელება და შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს. მეორე ტურის წინ ასეთი მოქმედება ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს. არანაირ კომპონენტში ხელისუფლება მართალი არ არის, არც კანონი და, ზოგადად, სიტუაციაც მათ მხარეს არაა.
"მთელი კვირა": სარალიძე ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს. შაბათს გამართულ აქციაზე კი სალომე ზურაბიშვილს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. ამაზე რას იტყვით?
პ.ზ.: "ქართული ოცნება" აშკარად წაგებულ თამაშს თამაშობს. პირველი ტურის შემდეგ რაც უნდა გააკეთოს "ოცნებამ", მის წინააღმდეგ იმუშავებს. ეს დაახლოებით ისეთ ვითარებას ჰგავს, ადამიანი რომ მეათე სართულიდან გადავარდეს, ყველა სართული გაიაროს და ბოლოს მიწაზე დაენარცხოს.
პირველი ტურის შემდეგ "ქართული ოცნებისთვის" სხვა გრავიტაცია დაიწყო: ნებისმიერი მოქმედება თუ უმოქმედობა მათ წინააღმდეგ მუშაობს. მათ მშვიდად, წყნარად და ღირსეულად უნდა გაიარონ ეს პერიოდი. რასაც მიიღებენ მეორე ტურში, ის უნდა მიიღონ და ქვეყნის მართვა იქიდან განაგრძონ.
სარალიძის მოთხოვნები, რა თქმა უნდა, მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური მოთხოვნებია. სარალიძე თამაშობს პოლიტიკას. სიტუაცია მის სასარგებლოდაა. ჯობია, კარვების გაშლის უფლება მისცენ, მაგრამ რატომ უნდა მივიდეს ზურაბიშვილი და რატომ უნდა შეხვდეს ივანიშვილი, ეს გაუგებარია. ზურაბიშვილი ჯერ არავინ არაა, ჯერ პრეზიდენტი არ არის და რატომ უნდა შეხვდეს?! სარალიძის მოთხოვნა აშკარად პოლიტიკური ხასიათისაა.
რაც შეეხება ივანიშვილს, ის პროკურორი არაა, პარტიის ხელმძღვანელია. რა თქმა უნდა, სარალიძის მოთხვნები სპეკულაციური და პოლიტიკურია, მაგრამ ახლა "ქართული ოცნება" იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ ყველა მოქმედება მათ წინააღმდეგ მუშაობს.
ამიტომ საჭიროა გადაანაწილონ - რა ნაბიჯი უნდა გადადგან და რა ნაბიჯი არ გადადგან. კარვების გაშლის უფლება უნდა მისცენ და იქ ნაძვის ხის ნაცვლად კარვები უნდა იყოს გაშლილი, რაც უნდა ულამაზოდ ჩანდეს. ნაძვის ხე კი სხვაგან დადგან. როდესაც სახელმწიფოში პრობლემა და კრიზისია, ხელისუფლებამ გონიერება უნდა გამოავლინოს.
"მ.კ.": 2 დეკემბერი დავით სარალიძის მკვლელობის დღეა. 25 ნოემბერი - თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღე. წესით, როდის უნდა გაიმართოს არჩევნები?
პ.ზ.: სამართლებრივად როგორც არის. როგორ გადაწყვეტილებასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს, ისე უნდა იყოს. თუ რამე დაემთხვევა, დაემთხვევა, თუ ამის აცილება შეიძლება, თავიდან იქნება აცილებული. მე ამას არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ვინც ამას ყურადღებას აქცევს, გამოიყენებენ არჩევნების დროს.
თუ ამომრჩეველი ხმის მიცემას "ქართული ოცნებისთვის" აპირებს და 2 დეკემბერს დაემთხვევა არჩევნები, ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს. საშინელებაა, რაც მოხდა და დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ დაბადებისა თუ მკვლელობის დღე შეიძლება პოლიტიკურ ღონისძიებას ემთხვეოდეს, ამას თავიდან ვერ ავიცილებთ, ყოველდღე რაღაც ხდება. გონიერებიდან გამომდინარე, არის რაღაცები, რაც მეტ ყურადღებას მოითხოვს.
"მ.კ.": "გირჩის" ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის - ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივით, შაბათს საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორ შეაფასებთ პროტესტის გამოხატვის იმ ჟესტს, რაც იმ დღეს გამოიყენეს?
პ.ზ.: ეს აქციები პირველად არ ეწყობა. როდესაც რუსული საოკუპაციო ძალები ატარებენ გარკვეულ ღონისძიებებს, ასეთ დროს სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი, სამოქალაქო ჯგუფი მიდის და სხვადასხვა ფორმით აპროტესტებს.
ეს ერთგვარი პერფორმანსი იყო, საკმაოდ საინტერესო და უცნაური. არსებობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ამიტომაც ეს პირველად არ ხდება და არც ბოლო შემთხვევა არ იქნება პროტესტის სხვადასხვა საინტერესო ფორმით გამოხატვისა.
"მ.კ.": არჩევნებს რომ დავუბრუნდეთ, პირადად თქვენ რას ელოდებით არჩევნების მეორე ტურში?
პ.ზ.: იმედია, ხელისუფლებას გონიერება ეყოფა და არჩევნებს არ გააყალბებს. არ არის ეს არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამის გამო ღირდეს მომავლის ეჭვქვეშ დაყენება. არავითარ შემთხვევაში არანაირი ფორმით, არც მცირედ და არც ტოტალურად, არჩევნები არ უნდა გააყალბონ.
ნებისმიერი შედეგი ჩემთვის მისაღებია, თუ ეს იქნება სამართლიანი არჩევნები და არ იქნება ადმინისტრაციული რესურსები გამოყენებული, ან არ იქნება სხვა სახის ღონისძიება გატარებული.
"მ.კ.": ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში არეულობას უნდა ველოდოთ?
პ.ზ.: ნამდვილად არ მინდა, ვაშაძემ გაიმარჯვოს, მაგრამ ეს არ იქნება თავისთავად დიდი ტრაგედია, რადგან მისი უფლებამოსილება შეზღუდული იქნება და დასავლეთმაც შეიძლება გონიერებისკენ მოუწოდოს - რომ ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან. სამართლიანად გამარჯვებული ვაშაძე უფრო ჩაეტევა კანონში, ვიდრე უსამართლოდ დამარცხებული ვაშაძე.
ბევრი ამბობს, რომ თუკი ვაშაძემ გაიმარჯვა, არეულობა დაიწყება ქვეყანაშიო. თუკი დამარცხდა და დაამტკიცა, რომ არჩევნები გაყალბებულია, არეულობა არ დაიწყება? რომელი უფრო საშიშია ქვეყნისათვის - უსამართლოდ დამარცხებული ვაშაძე თუ სამართლიანად გამარჯვენლი ვაშაძე? მგონი, უსამართლოდ დამარცხებული ვაშაძე უფრო საშიშია ქვეყნისთვის.
მნიშვნელოვანია, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები და არა ის, ვინ გაიმარჯვებს. "ქართული ოცნება" უკვე დამარცხებულია. ზურაბიშვილმა რომც გაიმარჯვოს, "ოცნება" პირველ ტურში უკვე დამარცხებულია, რადგან მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მისი საკუთარი ამომრჩეველი, რომელმაც 2012 წელს ხმა "ოცნებას" მისცა, "ნაციონალურ მოძრაობას" დაუბრუნდა. "ქართული ოცნებისთვის" ეს ეტაპი აქ დასრულდა.
შესაძლოა, სამართლიანად გამარჯვებული ვაშაძის ფაქტორი "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებამდე სიტუაციის გამოსწორებაში დაეხმაროს. თუკი ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, შესაძლოა, ისევ მოდუნდნენ.
თუკი ვინმეს ეშინია ვაშაძის გამარჯვებისა, ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" ელიტაა. ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში წავა წმენდა "ქართულ ოცნებაში", რაც ნამდვილად უნდა მოხდეს.
"მ.კ.": ვაშაძე გამარჯვების შემთხვევაში შეიწყალებს სააკაშვილს, ახალაიას, მერაბიშვილს...
პ.ზ.: რატომ გვეშინია შეწყალების? როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა გაქვს, როდესაც ქვეყაში ყველაფერს შენ ადგენ, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ადამიანის რატომ უნდა გეშინოდეს?
"ქართული ოცნების" მიერ სპარინგპარტნიორად "ნაციონალური მოძრაობის" არჩევამ ქვეყანა დააქცია. ამიტომაც ახლა მაინც დაიწყონ სერიოზული წმენდა - გაყარონ იქიდან "ნაციონალური მოძრაობის" მოსამართლეები, დანიშნონ პატიოსანი მოსამართლეები და სასამართლო დამოუკიდებელ ორგანოდ აქციონ.