ტატა შოშიაშვილი
12.11.2018

 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაისმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. ამ იდეას პოლიტიკურ ექსპერტთა ნაწილიც ემხრობა და, მათი აზრით, ვადამდელი არჩევნები 2019 წელს უნდა ჩატარდეს.

მმართველ პარტიაში ასე არ ფიქრობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა ნაცვლიშვილის აზრით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სრულებით არ არის საჭირო, რადგან კონსტიტუციით გათვალისწინებული 4 წლის ვადის გამოყენება და შეუფერხებლად საზოგადოებისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალება ნებისმიერ პარლამენტს თანაბრად უნდა ჰქონდეს.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ 2019 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ ამის ნება იქნება მმართველი პარტიის მხრიდან.

კონსტიტუციონალის ვახტანგ ხმალაძის აზრით კი,მთავარია, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ პარლამენტში ზუსტად აისახოს საზოგადოების განწყობა.ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ 2019 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების არანაირი მიზეზი და წინაპირობა არ არსებობს.

"რა თქმა უნდა, არ უნდა ჩატარდეს იმიტომ, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეს არის 4-წლიანი საპარლამენტო ციკლი, რომლის საფუძველზეც, უნდა მივეჩვიოთ და 4 წლის განმავლობაში ვაცადოთ ხელისუფლებას, განახორციელოს ის დაპირებები, რომელიც მისცა საზოგადოებას, ხოლო 4 წლის შემდეგ არჩევნების შედეგად ან უნდა დავუჭიროთ მას მხარი, ან უნდა გადავირჩიოთ.

"აქედან გამომდინარე, ახლა რატომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მე არ მესმის. რა თქმა უნდა, ვერც დავეთანხმები და ვერც გავიზიარებ ამ დამოკიდებულებას", - განაცხადა ნაცვლიშვილმა "მთელ კვირასთან" საუბრისას.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პარლამენტი აღარ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს.

"როგორც წესი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება იმ შემთხვევაში, თუ არსებული საპარლამენტო უმრავლესობა არ პასუხობს ლეგიტიმურობის საკითხს, ანუ თუ დაკარგა მან წარმომადგენლობითი ხასიათი და არ გამოხატავს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას. თუკი მმართველი გუნდი თავადაა დარწმუნებული ამაში და აქვს ასეთი პოლიტიკური ნება, შეუძლია, გადადგეს. წარმოვიდგინოთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა და დაითხოვა პარლამენტი. მას ამის არავითარი უფლება არა აქვს, ყველაფერი დამოკიდებულია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ნებაზე", - ამბობს დემეტრაშვილი.

ხმალაძის თქმით, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებისა და ამ აზრთან თანხვედრისთვის, პირველ რიგში, საჭიროა პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება.

"აქ უმთავრესია სისტემა. საჭიროა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა - ეს არის მთავარი. ამ სისტემით თუ გაიმართება არჩევნები ერთი წლის ვადაში, უკეთესი იქნება, რადგან ორი წლის ვადაში ისედაც ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ მთავარია, რომ სისტემა იყოს პროპორციული.

"ეს საჭიროა იმისთვის, რომ პარლამენტში ზუსტად აისახოს საზოგადოების განწყობა და არ ხდებოდეს ისე, რომ პარტია იღებდეს 30%-40%-იან მხარდაჭერას, პარლამენტში კი - დიდ უმრავლესობას. სწორედ ამიტომაა საჭირო საარჩევნო სისტემის შეცვლა, რის შედეგადაც დადგება ვადის საკითხი, თუ როდის გაიმართოს არჩევნები.

"ეს სისტემა კონსტიტუციაში უკვე წერია, მაგრამ აღნიშნულია, რომ ამოქმედდება 2024 წელს. უნდა ამოქმედდეს ახლავე", - აცხადებს ხმალაძე.

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უსაფუძვლო და გაუგებარია.

"რა საფუძველს პოულობენ ან იპოვიან იმისთვის, რომ რაიმე სამართლებრივი ან კონსტიტუციური ნორმებით დაასაბუთონ ეს მოთხოვნა, მე ვერ ვხვდები. აქედან გამომდინარე, ისინი იძულებულები გახდებიან, რომ დაემორჩილონ ხალხის გადაწყვეტილებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი და ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი.

"თუ გადავხედავთ პირველი ტურის შედეგებს, მიუხედავად იმ საარჩევნო სისტემისა, რომელიც გვაქვს, რა თქმა უნდა, საზოგადოების ინტერესებს მმართველი პარტია გამოხატავს. არჩევნები ტარდება თავისუფალ გარემოში, მოქალაქეებს აქვთ მათი პოზიციისა და მხარდაჭერის ან უარყოფის გამოხატვის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე პარლამენტში წარმოდგენილია ის ძალა, რომელსაც მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს. განწყობა, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინტერესების უარყოფაა ამ შემთხვევაში", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის აზრით, სამომავლოდ თუ მმართველი პარტია გაატარებს რეფორმებს და გააცნობიერებს თავის შეცდომებს, მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები.

"თუ ოპოზიციის კანდიდატმა მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც მომენტში უმრავლესობამ ნდობა დაკარგა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარლამენტის დათხოვნის მექანიზმი არ არსებობს, ყველაფერი დამოკიდებულია მმართველი გუნდის პოლიტიკურ ნებაზე.

"რაც შეეხება მომავალ შედეგებს, მგონია, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ კრიზისში არ გადაიზრდება. არ მგონია თუნდაც იმიტომ, რომ თუ "ქართულმა ოცნებამ" გააცნობიერა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მას არ ენდობა, ალბათ მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში. თუ დეკლარაციებად არ დარჩა და მართლა განახორციელებენ ამ ყველაფერს, მაშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ იქნება", - განაცხადა დემეტრაშვილმა.

"მთელ კვირასთან" უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა ნაცვლიშვილმა ისაუბრა იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება სამომავლოდ დადგეს ქვეყანაში.

"საპრეზიდენტო არჩევნები არის ერთგვარი სიგნალი, რომ მოქალაქეებმა არ გამოხატეს იმხელა მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ, როგორიც მოსალოდნელი იყო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის "ქართული ოცნების" მიმართ გულისწყრომის გამოხატვა და, შესაძლოა, კონკრეტულად საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართაც. ეს სიგნალი მიღებულია და კარგად გაანალიზება და ადეკვატური პასუხი სჭირდება.

"ნაცმოძრაობაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ რომც გაიმარჯვოს, ისინი არ დაემორჩილებიან ამ შედეგს, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს იქნება მოქალაქეების ნების უგულებელყოფა.

"ნაცმოძრაობა" იყო, არის და ყოველთვის იქნება არასისტემური ოპოზიცია, რომელიც ქუჩაში გააგრძელებს ბრძოლას, მიუხედავად შედეგებისა, რისი შესაძლებლობაც აქვთ და ვერავინ ვერ დაუშლის. თუმცა, პირდაპირ ვამბობ, ეს არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო", - აცხადებს ნაცვლიშვილი.

ვახტანგ ხმალაძის აზრით, ძალიან ბევრმა ფაქტორმა პოლიტიკური კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში.

"პოლიტიკური კრიზისი არის ვითარება, როდესაც ხელისუფლება კარგავს საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერას. პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. ამ წუთში ნამდვილად ვერ გეტყვით, რა შეიძლება გახდეს პოლიტიკური კრიზისის მთავარი მიზეზი", - განაცხადა ხმალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×