ქართულ ბაზარზე რუსული საწვავი დომინანტია. მეზობელმა ქვეყანამ წელს, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა შემოვიდა რუსეთიდან - 241,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,5%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, წელს სწორედ რუსეთია საქართველოსთვის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი.
რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 8,3 ათასი ტონა, რაც 2,0 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელზე (10,3 ათასი ტონა), თუმცა იმპორტი წლის განმავლობაში მზარდია. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,6 ათასი ტონა, რაც 5,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. შარშან ამ დროს საავიაციო ნავთის იმპორტი 78,1 ათას ტონას შეადგენდა.
ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის ოქტომბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა შემოვიდა თურქმენეთიდან - 4,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 51,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: საბერძნეთი - 4,0 ათასი ტონით, რაც მთელი იმპორტის 48,2%-ს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა კატეგორიის საწვავს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 15,5 ათასი ტონა, რაც 5,8 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს (9,7 ათასი ტონა). აქედან იმპორტის მთელი ოდენობა მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.
მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 83,3 ათასი ტონა, რაც 7,8 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (91,1 ათასი ტონა).
2018 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების - პროპან-ბუტანის ნაერთის (ელპიჯი) იმპორტმა შეადგინა 1,1 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელზე (1,6 ათასი ტონა). კლებით ხასიათდება ელპიჯის იმპორტი მიმდინარე წელსაც, კერძოდ, იანვარ-ოქტომბერში შეადგინა 11,9 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (13,0 ათასი ტონა).
2018 წლის ოქტომბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს (1,6 ათასი ტონა).
მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 15,3 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (14,7 ათასი ტონა).
ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა მიმდინარე წლის ოქტომბერში შეადგინა 95,7 ათასი ტონა, რაც 14,6 ათასი ტონით აღემატება სექტემბრის მაჩვენებელს. მათ შორის, 2018 წლის ოქტომბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 46,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 49,2 ათასი ტონა.
სულ 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 910,1 ათასი ტონა, რაც 26,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (883,7 ათასი ტონა).
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა შემოვიდა რუსეთიდან - 241,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,5%-ს შეადგენს.
წელს სწორედ რუსეთია საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ქვეყანაში. მან ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.
"პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და, ზოგადად, რუსეთიდან, აქტიურად შემოდის ნავთობპროდუქტები, განსაკუთრებით კი დიზელის საწვავი. ტენდენცია წელსაც გაგრძელდა. უნდა ითქვას ისიც, რომ საწვავის იმპორტს კომპანიები ძირითადად რუსეთიდან ახორციელებენ. მათ შორის ბევრი ახალია, რომელთა რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მზარდია. ტრანსპორების ხარჯიც არ არის დიდი და ეს ფაქტორიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ინტერესს იწვევს", - აცხადებს მთვრალაშვილი, რომლის შეფასებითაც, რუსული საწვავი ხარისხის მხრივ კარგია და მომხმარებლის მოწონებას იმსახურებს.
"რუსულ საწვავთან დაკავშირებით ჩვენ ხარისხის პრობლემა არ გვაქვს. არც კომპანიებში გამოუთქვამთ ამ მხრივ პრეტენზია და არც მომხმარებელია უკმაყოფილო. შეიძლება ითქვას, ხარისხი შეესაბამება იმ სტანდარტს, საიდანაც მოდის და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმასაც. რუსეთიდან შემოდის როგორც მაღალი კატეგორიის "ევრო 5"-ის სტანდარტის საწვავი, ასევე ისეთიც, რომელიც ნაკლები ხარისხისაა, მაგრამ კანონით დადგენილ ნორმას აკმაყოფილებს", - დასძენს ვანო მთვრალაშვილი.
(ბისნესპრესი)