ტრანსნაციონალური კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე თამბაქოს მწარმოებლებს დემპინგური ფასებით პრობლემებს უქმნიან და ბაზრიდან მათ გაძევებას ცდილობენ. სპეციალურად შემუშავებული სქემით მუშაობენ ისინი სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც.
ამჯერად ტრანსნაციონალური კომპანიების სამიზნე ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი გახდა, რომელიც იმპორტირებულ ნაწარმს ფასით არაკონკურენტულს ხდის. კონკრეტულად, საუბარია ადგილობრივ უფილტრო სიგარეტსა და ცალკე ფილტრის წარმოებასა და რეალიზაციაზე. ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოებული პროდუქცია მავანთ რატომღაც ერთ მთლიანობაში სურთ წარმოაჩინონ და ამით ხელისუფლებას კარნახობენ, იგი დაბეგვრის მაღალ, ანუ ფილტრიანი სიგარეტის დაბეგვრის რეჟიმში მოაქციოს.
მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ამ იდეის ირგვლივ აქტიურად დაირაზმნენ და ადგილობრივი წარმოების შევიწროება დაიწყეს - მას შემდეგ, რაც მაგნატებმა ხელისუფლებაში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის - დიმიტრი ქუმსიშვილისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, სახით ძლიერი ლობები დაკარგეს, მთავრობის სხვა წევრებს შორის დაიწყეს ახალი ლობის ძიება. სხვას არაფერს ნიშნავს ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, ლაშა გოცირიძის, განცხადება: "ამ სქემით საგადასახადო კოდექსის კანონების დარღვევა ფორმალურად არ მომხდარა, რადგან საქმე გვაქვს საკანონმდებლო ხარვეზთან. კანონმდებელს არ ჰქონდა მოაზრებული ის, რომ ეს შეიძლება საკანონმდებლო ხარვეზად ქცეულიყო. ბიზნესმა კი ეს ხარვეზი მის სასარგებლოდ გამოიყენა. ჩემი ინფორმაციით, მთავრობა ამ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას აპირებს".
რა ინფორმაციას ფლობს ლაშა გოცირიძე, რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, ხელისუფლებაზე ზემოქმედების მიზნით ვიღაცები ძალისხმევას არ იშურებენ.
ქართველ მწარმოებლებს პრობლემა რეალურად 2014 წლიდან შეექმნათ, როცა ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა საქართველოში დემპინგური ფასებით მოქმედება დაიწყეს, რაც ადგილობრივი ბიზნესის მხრიდან ბიუჯეტში გადახდილ თანხაზეც აისახა.
შევეცადეთ გარკვევას, აღიარებენ თუ არა საკანონმდებლო ხარვეზს ხელისუფლებაში და გეგმავენ თუ არა თამბაქოს დაბეგვრის რეჟიმში ცვლილებას, თუმცა ამასთან დაკავშირებით პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებში ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. კომიტეტის ზოგიერთ წევრს წარმოდგენაც არ აქვს, რა ცვლილებაზეა საუბარი, რაც, სავარაუდოდ, გვაფიქრებინებს, რომ ეს თემა კანონმდებლებამდე არ მისულა.
სამაგიეროდ, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სამინისტრო ექსპერტებთან ერთად თამბაქოს ადგილობრივი წარმოების მიერ ფილტრიანი სიგარეტის უფილტროდ გასაღების საკითხს სწავლობს.
"ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და კანონის ფარგლებში მოვიქცევით. თუ ექვემდებარება აქციზი გათანაბრებას - გავათანაბრებთ. ამაზე მუშაობს ჯგუფი, მათ შორის ექსპერტები როგორც სამინისტროს შიგნით, ისე სხვა უწყებებთან ერთად და მოვიქცევით ისე, როგორც კანონს შეესაბამება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
საქმე ისაა, რომ კანონმდებლობაში ცვლილებას, შესაძლოა, შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს: ადგილობრივი წარმოება, სადაც 1500 ადამიანია დასქმებული, დაიხურება და ხელისუფლება უმუშევართა ახალ არმიას მიიღებს. გაიზრდება კონტრაბანდა, ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხას დაკარგავს და მოსახლეობის იმ სეგმენტს, ვინც ძვირადღირებულ სიგარეტს ვერ ყიდულობს, ტვირთად დააწვება იაფი სიგარეტის ბაზრიდან გაქრობა. ალბათ ზედმეტია იმის შეხსენება, რომ როგორც კი ადგილობრივი მწარმოებლები ბაზრიდან გაქრებიან, მსხვილი კომპანიები უმალვე აწევენ სიგარეტის ფასებს.
საფრთხეზე საუბრობენ თავად მწარმოებლები, რომელთა განცხადებითაც, დაზარალდება როგორც კომპანია, ასევე მომხმარებელიც, რომელსაც არჩევანის საშუალება არ ექნება.
სააქციო საზოგადოება "თბილისის თამბაქოს" დირექტორი ზვიად მუკბანიანი აღნიშნავს, რომ კომპანია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით აწარმოებს პროდუქციას.
"თბილისის თამბაქო" არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ადგილობრივი წარმოება საქართველოში. აბსოლუტურად არ ვარღვევთ კანონს, ვმოქმედებთ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის სრული დაცვით. არანაირ ხრიკს და არანაირ კანონდარღვევას არ მივმართავთ იმისათვის, რომ ვაწარმოოთ და რეალიზაცია გავუკეთოთ თამბაქოს პროდუქციას.
არავინ არავის არაფერს არ ჩუქნის. ჩვენ ჩვეულებრივად ვაწარმოებთ და რეალიზაციას ვუკეთებთ უფილტრო სიგარეტს, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით არ იკრძალება და არ იზღუდება.
მომხმარებელს, ამ სიგარეტის გარდა, ცალკე შეუძლია შეიძინოს აქსექსუარები ამ კონკრეტული პროდუქციის მოხმარებისათვის, მაგალითად, ფილტრი, სანთებელა, მუნდშტუკი და სხვადასხვა სახის აქსექსუარი, რომლის რეალიზაცია არანაირი კანონდარღვევით არ ხდება. მტკნარი სიცრუეა, რომ ვიღაცა ვიღაცას რამეს ჩუქნის", - აცხადებს ზვიად მუკბანიანი.
(ბიზნესპრესი)