ჩაშლილი და შეუსრულებელი ტენდერების რაოდენობა 30-39%-ს აღწევს. ციფრები შემაშფოთებელია, მიზეზები კი - გაურკვეველი. დაბნეულნი არიან საერთაშორისო სავალუტო ფონდში. ის, რაც გაურკვეველია უცხოური ორგანიზაციისთვის, იციან ქართველმა ანალიტიკოსებმა. ჩაგდებული ტენდერების პრობლემა რამდენიმეა: შერჩევის არაკეთილსინდისიერი წესი, ნეპოტიზმი და ვადის დარღვევის შემთხვევაში დაბალი სანქციები.
"საქართველოში ჩაშლილი ტენდერებისა და შესყიდვების პროცესში არსებული საჩივრების რაოდენობა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს", - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაშია აღნიშნული, სადაც მითითებულია, რომ ტენდერების რაოდენობა, რომლებიც კონტრაქტზე ხელმოწერით არ დასრულებულა, 2013-2016 წლებში 29-39%-ს შეადგენდა. "ეს ციფრი საკმაოდ მაღალია, მიზეზი კი - გაურკვეველი", - აღნიშნავენ სსფ-ში.
2013-დან 2017 წლამდე პერიოდში პირდაპირი ხელშეკრულებების (გამარტივებული შესყიდვები) რაოდენობა განახევრდა და 2017 წელს 24% შეადგინა. თუმცა ზოგიერთი სახის პროექტზე კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა.
"ახალგაზრდა ადვოკატების" თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ ჩაშლილი ტენდერების ძირითადი მიზეზი არასწორი შერჩევის წესი და სამუშაოს შეუსრულებლობის შეთხვევაში არასათანადო სანქცირებაა.
"კვლევა ნამდვილად ასახავს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების შედეგებს. "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს მასშტაბით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აქტიურად ვაწარმოებდით. შევისწავლეთ რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ტენდერები, რამაც მიგვიყვნა დასკვნამდე, რომ ტენდერების ჩატარება მხოლოდ ფორმალურადაა კანონშესაბამისი, რეალურად კი, გამარჯვებული კომპანიები უმეტესად დაკავშირებული არიან გარკვეული ჯგუფების ინტერესებთან, მათ შორის, სატენდერო კომისიის წევრებთანაც.
უნდა ითქვას, რომ ტენდერების ჩატარებისა და მათზე გავრცელებული პასუხისმგებლობის ფარგლები საკმაოდ ვიწროა და, ფაქტობრივად, კომპანიებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. ჩაშლის მიზეზი არ არის ის, რომ შერჩევის დროს ალტერნატივა არ არსებობს. ამ ყველაფერს ისიც უწყობს ხელს, რომ არ არის შესაბამისი სანქციები. ჩაშლილი და გადადებული სამუშაოს გამო კომპანიებს მინიმალურად აჯარიმებენ. ცხადია, სახელმწიფოს მართებს, დაასაბუთოს და განმარტოს, რატომ იმარჯვებენ მსგავსი კომპანიები პერმანენტულად.
ტენდერების ჩაუტარებლობით ზიანდება საზოგადოებრივი სიკეთე, ამიტომ ამაზე სახელმწიფომ უნდა გასცეს და აგოს პასუხი. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად არის ტენდერის ჩატარების დროს დაცული თანაბარი კონკურენციის პირობები, რადგან ჩვენ მიერ შესწავლილ არაერთ ტენდერში გამოიკვეთა ბოროტად უპირატესობის მინიჭების ფაქტები", - აცხადებს კაიკაციშვილი.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ჩატარებულ ტენდერებში. ამიტომ ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს აუდიტის სამსახური. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოების ჩართვაც, რათა მოხდეს პრევენცია.
"ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ ჩვენ 2 თვეზე მეტი ველოდეთ პარლამენტის პასუხს, რომელიც მთავრობის მაკონტროლებელია. მივმართეთ, რათა შეექმნა კომისია, რომელიც ტენდერების ჩატარების წესს შეცვლიდა, ხოლო, მეორე მხრივ, ჩატარებული ტენდერების შეუსრულებლობის საკითხს გამოიკვლევდა. პასუხი დღემდე არ გაუციათ", - განაცხადა კაიკაციშვილმა.
პარლამენტის მსგავსად, პასუხზე უარი თქვა ინფრასტრუქტურის სამინისტრომაც. "ბინზეს-რეზონანსის" კითხვას, რა იწვევს ტენდერების შეუსრულებლობას და რატომ იმარჯვებენ მსგავსი კომპანიები პერმანენტუად, სამინისტროში არ უპასუხეს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი კი აცხადებს, რომ ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას, არის ჯარიმების მოცულობის გაზრდა არაკეთილსინდისიერი კომპანიების მიმართ, რომლებიც არ ან ვერ ასრულებენ დათქმულ ვადაში ნაკისრ ვალდებულებას.
"ცხადია, ძალიან არასასურველი ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში ტენდერების ჩატარების კუთხით. აფბა იკვლევდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებს, სადაც უამრავი დარღვევა გამოვლინა, მათ შორის, იყო ტენდერის მოგება არაადეკვატურად დაბალ ფასად კომპანიის მხრიდან, რამაც საბოლოოდ პროდუქტის უხარისხობა გამოიწვია.
ხშირად კონკრეტულ ჩინოვნიკებთან დაკავშირებული ბიზნესმენები იგებენ ტენდერებს, რაც, ცხადია, უსამართლო გარემოს ქმნის. რჩება შთაბეჭდილება, რომ გავლენიანი, ნაცნობი, ახლობელი ან მეგობარი უნდა გყავდეს, რომ ტენდერში გაიმარჯვო.
აუცილებელია, გაიზარდოს სანქციები არაკეთილსინდისიერი კომპანიების მიმართ, რომლებიც არ ან ვერ ასრულებენ დათქმულ ვადაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოს. ეს იქნება ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რათა მხოლოდ გამარჯვება არ იყოს თვითმიზანი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გარეშე", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" შოთა გულბანმა.