მოსახლეობის ჯიბეები კი წლიდან წლამდე იცლება და ცარიელდება
მარი ჩიტაია
13.11.2018

 ბიუჯეტს მთავრობა ლარის გაუფასურების ხარჯზე ავსებს. მართალია, ამ ეტაპზე ეროვნული ვალუტის ვითომ გამყარების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ საკმაოდ მძიმეა 2019 წლის პერსპექტივა, როდესაც ბიუჯეტი 2,70-ზეა დაგეგმილი. რეალურად, ბიუჯეტი ივსება ეროვნული ვალუტის დევალვაციის, ინფლაციისა და საბოლოოდ კი საქართველოს მოსახლეობის გაჭირვების ხარჯზე. ამ დროს ქვეყნის ეკონომიკური გუნდი თავს იწონებს, რომ ბიუჯეტში პრობლემა არ არის, როცა ხალხის მთელი ფული გაძვირებულ პროდუქტებში იფლანგება და ცხოვრების დონე მხოლოდ და მხოლოდ უარესდება.

ფაქტს, რომ ბიუჯეტი ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის ხარჯზე იზრდება, ადასტურებს აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, რომლის შეფასებითაც, საბიუჯეტო შემოსავლის ზრდას დევალვაცია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, თუმცა დიდია სხვა ფაქტორების გავლენაც. ბოლო წლებში მოსახლეობის კისერზე გადადის ყველა უარყოფითი ეკონომიკური მოვლენა, რაც ისედაც მძიმე დღეში მყოფი ხალხის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

"ლარის დევალვაცია ბიუჯეტის შემოსავლებზე ნამდვილად ახდენს გავლენას, განსაკუთრებით, როცა ბიუჯეტის ნომინალურ და რეალურ შემოსავლებზე ვსაუბრობთ. ეკონომიკური ზრდაც გარკვეულწილად მოქმედებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ზრდა არის მინიმალური. როცა გადაჭარბებით სრულდება საგადასახადო შემოსავლები, აქ შეიძლება დაგეგმვის პრობლემაც იყოს, ვერ გათვალეს, რამდენი უნდა შემოსულიყო.

ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ფასების ოდნავ ცვლილებაც კი უარყოფითად მოქმედებს. მათი შემოსავალი მცირეა იმისთვის, რომ პრობლემებს გაუმკლავდნენ. ერთ-ერთი მიზეზიც იმისა, რომ კვირიკაშვილის მთავრობა შეიცვალა, სიღარიბის მაჩვენებლის გაუარესება იყო. მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ამის მიზეზია დევალვაცია, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს.

ბიუჯეტში შემოსავლები ძირითადად შედის მსხვილი ბიზნესიდან, სადაც ოლიგოპოლიაა და ფასები ხელოვნურად მაღალია. ამ ფასს კი მოსახლეობა იხდის. ბიუჯეტს ეს ფაქტორი ზრდის, მაგრამ უფრო მეტად აღარიბებს მოსახლეობას.

ნორმალური ეკონომიკის მქონე ქვეყნებში საბიუჯეტო შემოსავლების დიდი ნაწილი ფორმირდება საშუალო და მცირე ბიზნესიდან, რაც ჩვენთან არ ხდება და იქედან შემოსავლები ცოტაა. შესაბამისად, არც დასაქმებაა და სინამდვილეში ფართო მასების ხარჯზე ხდება ნეგატიური მოვლენების გადაგორება, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთია", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" სილაგაძე.

დევალვაციის გარდა, საბიუჯეტო შემოსავლის ზრდას დამატებით რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია გრანტები, კრედიტები და უცხოური დახმარებები.

"მართალია, ლარის გაუფასურება ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას ხელს უწყობს, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია გრანტები, უცხოური დახმარებები, რაც ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთი წყაროა. აღსანიშნავია ინვესტიციების ზრდაც, რაც ბიუჯეტში ჰპოვებს ასახვას, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.

გაძვირებაც თან სდევს დევალვაციას, მაღალი ფასი ბიუჯეტზე დადებითად აისახება, საგადასახადო მაჩვენებლების ზრდიდან გამომდინარე, მაგრამ მოსახლეობაზე რთულად მოქმედებს, რადგან მათი შემოსავალი კლებადია. პენსიონერები რომ ავიღოთ, რომელთა რაოდენობა 700 ათასზე მეტია, ხოლო საპენსიო თანხა 180 ლარს შეადგენს, ნებისმიერი მცირე უკუსვლა მათ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

არის მოქალაქეების კატეგორიაც, რომელსაც არც პენსია აქვს და არც შემოსავალი. მაგალითად, სოფლად მცხოვრები ადამიანები, რომელთაც აქვთ მიწა საკუთრებაში, მაგრამ ვერ ამუშავებენ და შემოსავალი არ აქვთ. დიდია ინფლაციის ფაქტორიც, 5% რეალურად რომ ყოფილიყო, გავლენა ასე საგრძნობი არ გახდებოდა, მაგრამ რეალურად ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სილაგაძემ.

განსხვავებული მოსაზრებისაა სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომლის შეფასებითაც, ლარის გაუფასურება გავლენას ახდენს ჩვენი საგარეო ვალის მომსახურებაზე და პირდაპირ საბიუჯეტო შემოსავალზე ნაკლებად ჰპოვებს ასახვას.

"ლარის დევალვაცია პირდაპირ არ აისახება ინფლაციის მაჩვენებელში. ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი ტემპითაა ჩადებული ბიუჯეტის გეგმაში, ვიდრე შემოსავლების ზრდა. ამის ხარჯზე ბიზნესსა და მოსახლეობას საგადასახადო ტვირთი უმცირდება. პროექტში ასე ჩანს და ეს თუ ძალაში დარჩა, არნაკლებ 160-180 მლნ ლარით მეტი დარჩება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იმასთან შედარებით, ვიდრე საგადასახადო ტვირთი წინა წლის დონეზე რომ ყოფილიყო დატოვებული.

გარდა ამისა, მოგების გადასახადი ბოლო 2 წელიწადში პოზიტივზე გავიდა ე.წ. ესტონური მოდელის გამო, მისი ზრდა დაახლოებით სამჯერ გადააჭარბებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, ანუ ბიზნესმა წონასწორობის ახალი წერტილი მოძებნა სამეწარმეო აქტივობაში და მისი სარგებელი მნიშვნელოვნად მატულობს ეკონომიკური ზრდის სხვა პარამეტრებთან შედარებით. ეს მაძლევს იმედს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება შესრულებული არა დევალვაციისა და ინფლაციის წყალობით, არამედ ეკონომიკური ზრდის საფუძველზე", - განუცხადა არჩვაძემ "ბიზნეს-რეზონანსს".

სტატისტიკოსს მიაჩნია, რომ ვალუტის კურსის პირდაპირი გადატანა ინფლაციის მაჩვენებელზე გამართლებული არ არის.

"ისე არ წვიმს, როგორც ქუხს და ვალუტის კურსის პირდაპირი გადატანა ინფლაციის მაჩვენებელზე არ იქნებოდა სწორი. მესმის, რომ მოსახლეობის მდგომარეობა უარესდება, რაც განსაკუთრებით შეეხება ფიქსირებულ და დაბალშემოსავლიანთა კატეგორიას, მაგრამ მათთვის ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე საზოგადოების სხვა კატეგორიისთვის. მაგალითად, ახალგაზრდისთვის, ვინც "აიფონს" ყიდულობს, ინფლაციის დონე შეიძლება 0-ზე დაბალიც იყოს, რადგან ტექნოლოგიები იაფდება, ხოლო წამლებზე ჩამოკიდებული მოხუცისთვის ინფლაცია საშუალოზე მაღალია, რადგან მედიკამენტების ზრდის ტემპი 3-ჯერ მაღალია, ვიდრე ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი.

რაც შეეხება ლარის დევალვაციის გავლენას ბიუჯეტზე, ჩემი აზრით, გავლენა უფრო საგარეო ვალს უკავშირდება და ამ მხრივ არსებულ ვითარებას ამძიმებს. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, იგივე მოცულობის ვალის მომსახურებაში ჩვენ დაახლოებით 55-60 მლნ ლარით მეტი დაგვჭირდება. როცა საგარეო ვალდებულებები გვაქვს, დევალვაციის შემთხვევაში მეტი ლარის მობილიზაციაა საჭირო და სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებებისთვის გაცილებით ნაკლები გვრჩება", - ამბობს სოსო არჩვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×