"წარმოგიდგენიათ კგბ-ს ყოფილი წევრის ყოფნა პარლამენტში, მთავრობაში ან უსაფრთხოების სისტემაში?"
ეკატერინე ბასილაია
13.11.2018

 უნდა მოხდეს თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება, რომელიც დაადგენს და ამხელს, ვინ თანამშრომლობდა საბჭოთადროინდელ უშიშროების სამსახურებთან, ვინ იყო კა-გე-ბეს ქართველი აგენტი. "ქართული ოცნების" წევრი ლევან კობერიძე თანაგუნდელებს მოუწოდებს, გვერდით დაუდგნენ ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას და მისი მიღება სასწრაფოდ მოხდეს.

მის ამ მოწოდებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი ამბობს, რომ იდეას პრინციპის დონეზე ეთანხმებიან, თუმცა ერთი, რომ ძალიან დაგვიანებულია, ძალიან ბევრი ცოცხალი აღარ არის მათგან და ასევე კატეგორიულად მიუღებელია აგენტურის სიის გასაჯაროება, რადგან ეს დაპირისპირებას გამოიწვევს.

"ოცნების" დეპუტატების განცხადებით, კანონში მთავარი მხოლოდ ის უნდა იყოს, რომ თანამდებობაზე არ მოხდეს იმ ადამიანის დანიშვნა, ვინც საბჭოთადროინდელ უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობდა. რატომ გახდა ეს თემა აქტუალური დღეს, რას ან კონკრეტულად ვის უკავშირდება?

გედევან ფოფხაძის აზრით, ეს თემა ალბათ იმიტომ წამოიწია, რომ მარაზმამდე მივიდა მოღალატის ძახილი, თუმცა ისედაც დაძაბულ ვითარებას ამ თემაზე საუბარი კიდევ უფრო ძაბავს.

როგორც ამბობს, პრინციპს ეთანხმება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება ასეთი კანონის გარეშე გარკვეული რისკის წინაშე დგას იმიტომ, რომ კა-გე-ბესთან თანამშრომლობა კომპრომატია და საფრთხეა, უცხო ქვეყანამ ეს ადამიანები ჯაშუშობისთვის გამოიყენონ.

"წარმოგიდგენიათ კა-გე-ბეს ყოფილი წევრის ყოფნა პარლამენტში, მთავრობაში ან უსაფრთხოების სისტემაში? მეორე მხრივ, ეს სია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თუ ადამიანისგან მოსალოდნელია საფრთხე, შეუძლია რეაგირება, რათა სახელმწიფოს ზიანი არ მიადგეს.

"გარდა ამისა, ეს პროცესი დროში გაიწელა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ასეთი ადამიანები ფიზიკურად ბევრნი არ იქნებიან. ხოლო სულ წარსულზე აპელირება ჩემთვის სასიამოვნო თემა არ არის - ერთ დროს იყო და მოდით, ახლა გავრიყოთ", - ამბობს ფოფხაძე და დასძენს, რომ წინასწარ ვერ იტყვის, დაუჭერს თუ არა მხარს ამ კანონის მიღებას:

"შეიძლება იდეის მიმართ ლოიალური ვიყო, მაგრამ დოკუმენტმა, პირიქით, აზრი შემაცვლევინოს. ამიტომ ჯერ უნდა გავერკვეთ, რა სამართლებრივ შედეგებს მოიტანს და ამის შემდეგ ვიფიქრებ მხარდაჭერაზე".

ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, თავის დროზე რომ მიეღოთ ეს კანონი, ახლა კი საკითხავია, რა დოკუმენტი დარჩა, რადგან "ნაწილი დამწვარია, ნაწილი გატანილია და ნახევარ-ნახევრაზე არ უნდა გამოვიდეს".

მისივე თქმით, სახიფათოა ისიც, რომ ამ კანონის მიღებამ, შესაძლოა, ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპიროს და თავის დროზე ამის გამოც შეიკავეს თავი.

"ნაწილი გატანილია, ნაწილი - დამწვარი, ამიტომ საჭიროა განხილვა, მოძიება, რა გვაქვს ხელში და არ იყოს ისე, რომ ლუსტრაციის კანონი მივიღოთთ და ხელში არაფერი შეგვრჩეს.

"ლევანის წინადადება გულითაა ნათქვამი, მაგრამ საჭიროა, განვიხილოთ, რეალურად ავწონოთ, მოგვიტანს თუ არა იმ შედეგს, რა შედეგიც ლუსტრაციის კანონმა უნდა მოუტანოს სახელმწიფოს", - მიიჩნევს ქანთარია: "ლუსტრაციის კანონი თავის დროზე რომ მიგვეღო, დარწმუნებული ვარ, ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ვერც დარეგისტრირდებოდა.

"1921 წლიდან, შემდეგ 1937 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლის ბოლო წლებამდე ალბათ ისეთი ხალხი მოიყრის თავს სიაში, რომელზეც არ გვიფიქრია ვინმეს".

გია ჟორჟოლიანის განცხადებით, უფრო კონკრეტულად რას ეხება კობერიძის ინიციატივა, არ იცის, მაგრამ მიაჩნია, რომ საბჭოთა სახელმწიფოს საიდუმლო სამსახურის აგენტებს შეზღუდული უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური აქტიურობა.

"ეს განსახილველი ინიციატივაა და პრინციპულად ვიზიარებ იმას, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ. ოღონდ ეს სამართლიანად უნდა გაკეთდეს. მაგრამ ეს არ არის ჩვენი მთავარი პრობლემა", - ამბობს ჟორჟოლიანი.

რატომ განახლდა ლუსტრაციის კანონზე საუბარი ახლა? გაჩნდა მოსაზრებები, რომ იგი გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციის მიზნით "გაახსენდათ" მმართველ პარტიაში, რადგან "ოცნების" მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები, რომ ვაშაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და, შესაბამისად, საბჭოთა უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტია.

დეპუტატი ლევან კობერიძე "რეზონანსთან" უარყოფს, რომ რომელიმე კონკრეტულ ადამიანთან არის დაკავშირებული მისი ინიციატივა.

"არ მიმაჩნია, რომ კონკრეტული ადამიანების გამო უნდა იყოს რამე კანონი ქვეყანაში ინიცირებული. დიდი ხანია, ამ თემაზე ვმუშაობ და ჩვენი ტიპის ქვეყანას, რომელსაც გამოვლილი აქვს საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურების ძალიან დიდი გავლენა პოლიტიკურ ველზე, მგონია, უნდა ჰქონდეს ლუსტრაციის შესახებ კანონი", - ამბობს კობერიძე.

მისი თქმით, როცა კანონპროექტზე ფიქრი დაიწყო, მისი ინსპირაცია იყო ის, რომ ორი პრეზიდენტი გვყავდა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად იყვნენ დაკავშირებულნი რუსეთის სპეცსამსახურებთან თუ სპეცსამსახურებში საქმიანობასთან.

"სიტყვა "ლუსტრაცია" ნიშნავს თვითგანწმენდას მსხვერპლშეწირვის გზით. ეს კანონი არ იქნება მარტივი და უმტკივნეულო კანონი საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის. აქ საუბარი არ არის, რომ ამ კანონით კონკრეტული ადამიანები რამე ფორმით დასაჯონ ან წნეხის ქვეშ მოექცნენ.

"ეს არ არის სადამსჯელო კანონი. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი იქნება საფუძველი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური ლიდერები, სხვათა შორის ბევრ ქვეყანაში ეს სასამართლოსაც ეხება, თავისუფალი იყოს მსგავსი ტიპის გავლენისაგან", - მიიჩნევს კობერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×