ნინი შონია
13.11.2018

 „ევროპული საქართველოს" წევრი, პარლამენტარი აკაკი ბობოხიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოდან" პარტიის წევრების გახშირებული წასვლის რეალური მიზეზი მათზე მმართველი პარტიიდან განხორციელებული ზეწოლაა და არა „ნაციონალურ მოძღაობასთან" „ევროპული საქართველოს" ალიანსი.

ცნობისათვის, 9 ნოემბერს „ევროპული საქართველო" გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზვიად საბანაძემ დატოვა, 10 ნოემბერს - ზუგდიდის საკრებულოს წევრმა და პარტიის ერთ-ერთმა რეგიონალურმა ლიდერმა- ირაკლი ღურწკაიამ, 13 ნოემბერს კი „ევროპული საქართველოს" ვარკეთილის ორგანიზაციამ სრული შემადგენლობით დატოვა პარტია.

„რეზონანსი": რამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ "ევროპულ საქართველოს" ტოვებენ?

აკაკი ბობოხიძე: მათ მიერ განცხადებული პოზიცია, რომ ისინი ტოვებენ „ევროპულ საქართველოს" იმის გამო, რომ თურმე ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ვთანამშრომლობთ, თავშივე განწირული მარცხისთვის.

„ევროპული საქართველოს" ყველა წევრმა, მისმა ყველა მხარდამჭერმა იცოდა , რომ მეორე ტურში „ევროპული საქართველო", ჩვენი კანდიდატის დამარცხების შემთხვევაში, მხარს დაუჭერდა გრიგოლ ვაშაძეს. ამიტომ მათთვის ეს ახალი არ უნდა ყოფილიყო და რა თქმა უნდა, არც იყო.

„რ": და რა იყო მათთვის ახალი, რის გამოც პარტიიდან წასვლა გადაწყვიტეს?

ა.ბ.: მათთვის ახალი იყო ის შეთავაზება, რომელიც მათ, როგორც ეტყობა, გაუკეთა „ქართულმა ოცნებამ". ყველა ადამიანი, ზოგადად, არ არის ძლიერი, არ არის მტკიცე, ყველას აქვს თავისი რაღაც პრობლემა, თავისი სუსტი წერტილი და როგორც სჩანს, „ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა ამ ადამიანების სისუტეებით.

„რ": „ქართულ ოცნებას" კონკრეტულად რაში ადანაშაულებთ?

ა.ბ.: „ქართული ოცნება" არის უსაზიზღრესი ძალა ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათ ისარგებლეს ადამიანების გაჭირვებით და გააკეთებინეს განცხადება, რის შედეგადაც მათ რეალურად დაკარგეს ღირსება, იმიტომ, რომ ამ ადამიანების წასვლით „ევროპულ საქართველოს" და ოპოზიციურ კანდიდატს დააკლდა ზუსტად იმდენი ხმა, რამდენიც დააკლდებოდა, ხმამაღალი განცხადების გარეშე რომ წასულიყვნენ.

წაეყვანათ ხმამაღალი განცხადებების გარეშე, ზუსტად იგივე შედეგი ექნებოდათ ხმების თვალსაზრისით. ბოლომდე მოაწერინეს ღირსების დაკარგვაზე ხელი, ბოლომდე გააფუჭეს, როგორც ადამიანები, მათ გააკეთებინეს ხმამაღალი განცხადება.

ამ ადამინებმა ძალიან კარგად იცოდნენ, როდესაც ბრძოლაში ჩავერთეთ, რომ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობა" დაგვიჭერდა მხარს, თუ ჩვენი კანდიდატი გავიდოდა, ან ჩვენ დავუჭერდით მხარს, თუ მათი კანდიდატი გავიდოდა. ამიტომ, არავისთვის არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, რომ „ევროპული საქართველო" მხარს უჭერს საერთო ოპოზიციურ კანდიდატს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×