თამარ შუკვანი
14.11.2018

 "ხელისუფლებას რატომ უნდა შეეშინდეს ამ ულტიმატუმის და რატომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯები, გაუგებარია. ეს არის მეტ-ნაკლებად პასიური ულტიმატუმი, რომელიც გვპირდება, რომ კარვები და შესაძლოა, რამდენიმე ათეული ადამიანი, პარლამენტის წინ იდგენენ", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მიმდინარე აქციას.

"ნაციონალური მოძრაბის" "ახალ რევოლუციაზე", საოკუპაციო ხაზთან ოპოზიციური პარტია "გირჩის" ერთგვარ საპროტესტო პერფორმანსსა და სხვა თემებზე "რეზონანსი" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა.

"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შვილმოკლული მამების აქციას პოლიტიკური ხასიათი აქვს? მეორე ტურის წინ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისაგან ხდება თუ არა სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვა?

რამაზ საყვარელიძე: შესაძლოა, ამ ყველაფრის გამწვავება ხდებოდეს. პროცესის დასაწყისში ვნახეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ინტენსიურად ჩაერთო ამ ყველაფერში და როდესაც ნახეს, რომ ხალხი ამ "ნაციონალური მოძრაობის" ჩართვამ მეტ-ნაკლებად დააფრთხო, "ნაცმოძრაობა" ამ საპროტესტო აქციას გამოეთიშა.

"რ": "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ აქტიურად ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნებას შესაძლოა, კვლავ რევოლუციით გეგმავდეს. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

რ.ს.: "ნაციონალური მოძრაობა" ამ არჩევნებს ხელისუფლებაში დაბრუნების ფრაგმენტად განიხილავს, ეს თავად ვაშაძემ არაერთხელ თქვა. ვაშაძე არ აპირებს, კონსტიტუცია დაიცვას. ის აპირებს, რომ კონსტიტუციას დაუპირისპირდეს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ვაშაძის რუსი პიარკამპანიის ხელმძღვანელი ავრცელებს, საქართველოში ხელისუფლება შესაძლოა, დეკემბერში მშვიდობიანი რევოლუციით შეიცვალოს და საპარლამენტო არჩევნების ვადა არ არის სავალდებულო ხელისუფლების შეცვლისათვის. თვლის, რომ მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი შეცვლის ხელისუფლებას იქამდე, სანამ საპარლამენტო არჩევნები მოხდება.

"რ": თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია, "ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციით დაბრუნდეს?

რ.ს.: ეს შესაძლოა, არ მოხდეს რამდენიმე მიზეზით; ამომრჩევლის 50%, რომელიც ივანიშვილზე სამართლიანად განაწყენებული სახლში დარჩა, უკვე შეშფოთებულია იმით, რომ სააკაშვილი შესაძლოა, ხელისუფლებაში კვლავ მოიყვანონ. მაშინ, უბრალოდ, არ უფიქრიათ მეორე ტურზე. საარჩევნო ყუთებთან მისული ხმები თანაფარდობას მნიშვნელოვნად შეცვლის.

რევოლუციის დროს ნებისმიერ სცენარს, მათ შორის ხავერდოვან რევოლუციასაც, ხალხი სჭირდება. შვილმკვდარი მამების გულშემატკივრობისათვის ხალხს "ნაციონალური მოძრაობა" აგროვებს. თუკი "ნაცმოძრაობას" ხალხი უფრთხის, მეეჭვება, რომ რევოლუციურ პროცესში საზოგადოება დიდი ხალისით ჩაერთოს. ეს სცენარი მარცხისათვის უკვე განწირულია.

რუსი "პიარშიკის" განცხადება, რომ საქართველოში ხელისუფლება მოიშლება, ნიშნავს, რომ ის ვაშაძის პიარს არ ემსახურება. ვაშაძის პიარს ასეთი განცხადება არ სჭირდებოდა. ერთადერთი, ვისაც ეს განცხადება სჭირდებოდა, რუსეთია. მას უნდა საქართველოს დესტაბილიზაციის შესახებ ინფორმაცია ან რეალური დესტაბილიზაცია იმისათვის, რომ საქართველოში ინვესტიციები არ შემოვიდეს.

"რ": თქვენი აზრით, ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის მიზანმიმართულად ხდება?

რ.ს.: ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ ხდება, თუმცა, თუკი მხოლოდ დესტაბილიზაციაა მიზანი, მარტო საარჩევნო კონტექსტი არაა საკმარისი. ეს ხდება აგრეთვე იმის ფონზე, რომ ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით ინვესტიციები აღმოსავლეთიდან მოდის. შესაძლოა, მთელი ეს დესტაბილიზაცია ტვირთბრუნვების შეჩერებისა და გეგმების ჩაშლისაკენ იყოს მიმართული. ეს არჩევნები იქნებოდა თუ არა, დესტაბილიზაცია მაინც იქნებოდა.

"რ": "გირჩის" საპროტესტო პერფორმანსსაც რომ შევეხოთ, რას იტყვით შაბათ დღეს საოკუპაციო ხაზთან გამართულ ერთგვარ აქციაზე?

რ.ს.: რა თქმა უნდა, "გირჩს" თავისი არგუმენტები აქვს და ბოლო დროს გამწარებული ცდილობს, რომ ამომრჩევლების გარკვეული ნაწილი წარმოადგინოს. თუმცა, სასურველია, რომ ქართულ-პოლიტიკური საპროტესტო ნოტა ისეთ ხასიათს ატარებდეს, რომელიც სხვა ქვეყნებში და მეტოქეშიც კი პატივისცემას იწვევს. ნებისმიერი რამ, რაც შენ მიმართ პატივისცემას შეამცირებს, შეიძლება, მეტოქის მიერ იყოს გამოყენებული.

"რ": იური მეჩითოვის განცხადებამ 9 აპრილის მოვლენებზე საზოგადოების დიდ ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. თქვენ რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით?

რ.ს.: შესანიშნავი ფოტოგრაფი და ხელოვანია. უამრავ ხელოვანს ჰქონია თავისი პოლიტიკური შეხედულებები, რომლებიც სახელმწიფოს პოლიტიკური შეხედულებებისაგან განსხვავებულია, თუმცა ეს ცენტრალური თემა არასდროს გამხდარა სხვადასხვა ქვეყანაში.

მეჩითოვი არც პოლიტიკური ფიგურა არ არის, რომ მისმა განცხადებამ ქვეყნის ბედ-იღბალზე გარკვეული გავლენა იქონიოს და არც ისტორიკოსი. უბრალოდ, მან თავისი პოზიცია დააფიქსირა. ამხელა ხმაურის ატეხვა მის პოზიციაზე და ასე დრამატულად გახმოვანება მგონი, არ შეესაბამება თვითონ განცხადების წონას. ეს განცხადება არ არის იმ წონისა, რომ ამხელა ენერგია დახარჯოს მოსახლეობამ. მოისმინეს და გაატარონ.

"რ": თქვენი აზრით, მეჩითოვის ინტერვიუს ჩაწერა და საქართველოში ასეთი მასშტაბით მისი საზოგადოებისათვის მიწოდება ერთგვარ გეგმას ხომ არ წარმოადგენდა? ამ შემთხვევაში ვის ინტერესებშია ეს ყველაფერი?

რ.ს.: ვინც "დაარტყა" ამ განცხადებას და ვინც წამოწია, თვითონ გარკვეული პოლიტიკური მხარის წარმომადგენელია. შესაძლოა, წამოწეულია იმიტომ, რომ მეჩითოვი მხარს უჭერს ზურაბიშვილს. ეს განცხადება გამოყენებული იყოს ისე, თითქოს ზურაბიშვილს მხარს უჭერს ისეთი ადამიანი, ვისაც ეს პოზიცია უკავია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×