ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ქვეყანაში კვლავ შესაძლო რევოლუციურ სცენარზე საუბრობს და ამაში ოპოზიციას ადანაშაულებს. მმართველი გუნდი დესტაბილიზაციის ნიშნების პირველ ხილულ მტკიცებულებად "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუს პოლიტტექნოლოგ ვიტალი შკლიაროვის განცხადებას ასახელებს, სადაც ის საქართველოში ახალი რევოლუციის შესაძლებლობაზე საუბრობს.
"არსებობს შანსი იმისა, რომ დეკემბერში ვითარება რადიკალურად შეიცვალოს, მოხდეს არა მორიგი "ვარდების რევოლუცია" და ხელისუფლების ცვლა, არამედ მშვიდობიანი, ნამდვილი, დემოკრატიული ცვლილებების "რევოლუცია", რევოლუცია, სადაც არც დაბალ და არც მაღალ ფენებს აღარ შეუძლიათ და აღარც სურთ ძველებურად ცხოვრება, რევოლუცია, რომელშიც არ იქნება წაგებული. საქართველო გახდება ახალი ტიპისა და ახალი თაობის, უფრო ძლიერი, დემოკრატიული "სახელმწიფო-სტარტაპი". თანამედროვე მსოფლიოში ეს ერთადერთი გზაა მოქალაქეების განვითარებისა და ცხოვრების გასაუმჯობესებლად", - წერს გრიგოლ ვაშაძის გუნდის მთავარი პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი თავის ბლოგში, რომელიც მას "ეხო მოსკვის" საიტზე აქვს.
"არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძისა და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ამასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ.
რა სახის მტკიცებულებები შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას ვაშაძის გუნდის მთავარი პოლიტტექნოლოგის განცხადების გარდა? უნდა ველოდოთ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ძალოვანი სტრუქტურების მიერ რამე სახის მტკიცებულების წარმოდგენას? ამ კითხვაზე "რეზონანსს" მმართველი გუნდის დეპუტატები კონკრეტულად არ პასუხობენ, თუმცა მინიშნებებით ამბობენ, რომ, არ არის გამორიცხული, საზოგადოებამ კონკრეტული მტკიცებულება უახლოეს მომავალში იხილოს.
არჩევნებამდე დესტაბილიზაციის მცდელობაზე შინაგან საქმეთა მინისტრიც საუბრობდა. გახარია აცხადებდა, რომ მიყურადების შედეგად დეტალურად იცის, "რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოსამზადებლად". შს მინისტრი ამბობდა, რომ მშვიდი და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს გარანტი მისი უწყება იქნებოდა.
ოპოზიციის დადანაშაულების ტრადიცია
ცნობისათვის, წინასაარჩევნოდ "ნაციონალების" მიერ ქვეყანაში რევოლუციურ სცენარსა და გადატრიალების საფრთხეზე საუბარი პირველი არ არის. ხელისუფლება ამის შესახებ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობდა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 27 სექტემბერს, ფარული აუდიოჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც, გამავრცელებლის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილი აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გიგი წერეთელს რევოლუციურ სცენარზე ესაუბრებოდა.
ენმ-მ ჩანაწერის ავთენტიკურობა უარყო, ხოლო სუს-ში შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო.
ამ ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე "თავისუფალი ზონის" წევრმა ბესო კილაძემ ორგანიზაცია დატოვა და თქვა, რომ სააკაშვილი მას "დესტაბილიზაციის დავალებას" აძლევდა.
სუს-მა კილაძის ამ განცხადებაზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
ამ საქმეების გამოძიების შედეგები საზოგადოებას დღემდე არ შეუტყვია.
მსგავსი ბრალდებები "ნაცმოძრაობის" მიმართ მანამდეც იყო. 2014 წლის 7 აპრილს შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თქვა, რომ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობა შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას შეეცადოს და მისი მიზანი შესაძლოა, "სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა" იყოს.
გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში ჭიკაიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა "დაიწყეს საბურავების ყიდვა", რადგანაც, მისი ვარაუდით, ოპოზიცია ქუჩის აქციებისათვის ემზადება, საბურავებს კი დასაწვავად გამოიყენებენ.
მაშინ გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების დეტალებზე ძალოვან უწყებებს შემდგომში ინფორმაცია აღარ გაუვრცელებიათ.
"ეს ფაქტები ზედაპირზეა და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს..."
მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მან ზუსტად არ იცის, რა სახის მტკიცებულებები შეიძლება ჰქონდეთ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მსგავსი მტკიცებულებები ნამდვილად არსებობს.
მათიკაშვილის განცხადებით, ამის ღია გზავნილები გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგის განცხადებაში უკვე იკითხება. მისი თქმით, 2012 წლიდან ეს პარტია მუდმივად ცდილობს, რომ ქვეყანაში ყველა არჩევნებზე რაიმე სახის დესტაბილიზაცია მოახდინოს, რის საშუალებასაც მათ ხელისუფლება არასდროს აძლევდა და არც ახლა მისცემს.
"ყველა არჩევნებზე ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს პარტია ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარისაკენ მიილტვის. "ნაციონალებს" რომ ეს კარგად ხელეწიფებათ, 2003 წლის მოვლენებიდანაც კარგად ჩანს.
"ახლაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ამ სცენარზე მუშაობენ და ამის ნათელი მაგალითი გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგის განცხადებაა, რომელშიც ის პირდაპირ ჰყვება, რომ ეს პარტია ამისთვის ემზადება, თუმცა ხელისუფლებისაგან ეს მკაფიოდ აღკვეთილი იქნება და ისინი ამას ვერ მოახერხებენ.
"არ აქვს მნიშვნელობა, ამ არჩევნებზე ვინ გაიმარჯვებს, ორივე შემთხვევაში ისინი ამ გეგმაზე მუშაობენ. თუმცა ყველა მინდა დავარწმუნო, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურს მოიგებს. არ ვიცი, კონკრეტულად ძალოვან სტრუქტურებს რა ინფორმაცია აქვთ და ეს მე არც უნდა ვიცოდე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათ ბევრი რამე ექნებათ და თუ საჭირო იქნება, ამას გაახმოვანებენ", - აცხადებს მათიკაშვილი "რეზონანსთან".
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესშია, რომ ამ არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს. მისი თქმით, თუ ვსაუბრობთ, რა ფაქტები აქვს ხელისუფლებას იმაზე, რომ "ნაციონალები" რევოლუციურ სცენარზე მუშაობენ, ეს ფაქტები ზედაპირზეა და შეუიარაღებელი თვალითაც კი შესაძლებელია ამის ანალიზი.
"ვაშაძე გვპირდება, რომ ყველა იმ რეჟიმის დროინდელ ჯალათს გაათავისუფლებს. ამ ყველაფრის უკან ერთი კონკრეტული მიზანი დევს - მათ უკან ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან, რომლებიც პოლიტიკურად მათთან იყვნენ მიბმული. ამიტომ მათ ამ ხალხის გათავისუფლება უნდათ, რომ ისევ პოლიტიკური დავალებები შეასრულებინონ და ეს იძლევა იმის ანალიზის საშუალებას, რომ თუ ისინი ვერ შეძლებენ კონსტიტუციით ხელისუფლებაში დაბრუნებას, ამ ხალხს დესტაბილიზაციის მოსაწყობად გამოიყენებენ", - აცხადებს სესიაშვილი.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგის განცხადებაზე დამატებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მისი სიტყვები ხელისუფლებამ არასწორად ან ისე გაიგო, როგორც მას სურდა.
"როდესაც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის პაირხელმძღვანელი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რევოლუციური ცვლილებები, ეს ადამიანები ვერ გრძნობენ ამ სიტყვის მნიშვნელობას და მაინცდამაინც ბრჭყალებში უნდა ჩაუსვან. მაგრამ, ასეც რომ იყოს, მაინც ვერ გაიგებენ.
"წარმოიდგინეთ, ახლა რომ ვთქვა, "ქართული ოცნება" არის "ტროის ცხენი" ან "ბურიდანის ვირი", რა ხმაურს ატეხავენ. იტყვიან, რომ შეურაცხყოფას აყენებენ და იტყვიან: "ვინ არის თქვენი სახედარი? ვინ არის თქვენი ულაყი?" აღშფოთებული იქნებიან და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას მიმართავენ იმის გამო, რომ ჩვენ ცხოველებად მოვიხსენიეთ. რევოლუციური ცვლილება ნიშნავს სწრაფ გარდაქმნას, ჩემო კარგებო, და ბოლოს და ბოლოს ნუ იქცევით "ბურიდანის ვირივით", ჩამოყალიბდით", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ვაშაძემ გინდ გაიმარჯვოს და გინდ - არა, პროცესები მაინც ქუჩაში გადავა"
პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაუგებარია, ხელისუფლება რევოლუციურ სცენარში რას გულისხმობს. მისი განცხადებით, საქართველოში რევოლუციათა მრავალფეროვნება გვაქვს. იყო: სახელმწიფო გადატრიალება, "ვარდების რევოლუცია", შემდეგ - არჩევნების რევოლუცია, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა დააკონკრეტოს, რა რევოლუციაზე საუბრობს.
ძაბირაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოგება არც არაფერს ნიშნავს, თუ ამას რეალურ ჩარჩოებში განვიხილავთ. მისი თქმით, ეს არის არჩევნები, სადაც მოხდება საპარლამენტო არჩევნების დატესტვა და იმის მიუხედავად, გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია, ის ხელისუფლებაზე ერთი ნაბიჯით წინ იქნება.
"ახლა ისეთი ვითარება წარმოიქმნა, რომ ხელისუფლების ამომრჩეველს ოპოზიციის მთლიანი ამომრჩეველი უსწრებს, ამიტომ ოპოზიცია გაიმარჯვებს თუ არა, მათ უკან უკვე დაახლოებით 800 ათასი ამომრჩეველი დგას. ისინი, რა თქმა უნდა, საპროტესტო ტალღას გააგრძელებენ და ეცდებიან, რომ ეს ორი წელი "ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნის საშუალება არ მისცენ. სწორედ ამაზე საუბრობს, როგორც ჩანს, მმართველი გუნდი.
"ბოლოს და ბოლოს, პროცესები ქუჩაში გადავა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი. როდესაც ამ სცენარზეა საუბარი, ხელისუფლებამ იმაზე კი არ უნდა იფიქროს, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვოს, იმაზე უნდა იზრუნოს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ვითარება სტაბილური იყოს და გააანალიზოს, სიტუაცია შემდეგ როგორ შეიძლება განვითარდეს. მათი შიში და ასე ღიად ამ შიშის გამოხატვა უფრო საფრთხის მატარებელია.
"ვაშაძემ გინდ გაიმარჯვოს და გინდ - არა, პროცესები მაინც ქუჩაში გადავა. ის საზოგადოების საპროტესტო მუხტს, იქნება პრეზიდენტი თუ არა, მაინც სათავეში ჩაუდგება. ამის მარტო ხელისუფლებას არა, მეც მეშინია.
"ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებას ვურჩევ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სასწრაფოდ დაგეგმოს და აქვს "ოცნებას" შანსი, რომ ამ შემთხვევაში გადარჩეს. სხვაგვარად სოციალური ფონი და საპროტესტო მუხტი ქვეყანაში იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება, უმართავი სიტუაცია განვითარდეს", - აცხადებს ძაბირაძე "რეზონანსთან"