ბოლო 3 წლის განმავლობაში, კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ იზრდება, არადა, ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ყოველწლიურად 40 000 ადამიანი შოულობს სამსახურს. აქედან გამომდინარე, საქართველოში, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. უცნობია, რას ემყარება მინისტრის განცხადება, როცა სრულიად განსხვავებულია "საქსტატის" მონაცემები.
უმუშევრობა ქვეყნისათვის უმთავრეს გამოწვევად რჩება ახალი მთავრობის პიროებებშიც. კვირიკაშვილის გუნდი სწორედ ამ პრობლემისა და სიღარიბის ზრდის მიზეზით შეიცვალა. ამ ფონზე, უცნაური იყო ფინანსთა ახალი მინისტრის განცხადება, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. ასეთი განცხადება ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა.
"აუცილებელია იმის დანახვა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით და ეს ტენდენცია ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მაჭავარიანმა. მინისტრის ინფორმაციით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, საშუალოდ, 40 000 კაცით იზრდება ყოველწლიურად, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სიღარიბე დაიძლიოს და უმუშევრობის მაჩვენებელიც მკვეთრად შემცირდეს.
თუკი მინისტრს ვერწმუნებით და ყოველწლიურად ზრდის ამ ტემპს შევირჩუნებთ, 7-8 წელიწადში უმუშევრობა აბსოლუტურად აღმოიფხვრება და საქართველოშიც დაუსაქმებელი ადამიანი სანთლით საძებარი გახდება.
უცნობია, რას ეფუძნება მაჭავარიანის განცხადება, რადგან სრულიად განსხვავებულია "საქსტატის" მონაცემები. 2015 წელს კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 512 000 იყო, 2016 წელს - 530 000, 2017 წელს კი - 541 000. შესაბამისად, დასაქმებულთა მატებამ ბოლო 3 წლის განმავლობაში მხოლოდ 29 000 კაცი შეადგინა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა ნამდვილად იზრდება, თუმცა რიცხვი, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა, გადაჭარბებული და არარეალურია.
"ბოლო 4 წელია, ნამდვილად არის დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილი, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ ამას გარდამტეხი შედეგი მოეტანა მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. იმ მეთოდილოგიით, რაც დღეს გვაქვს, ბიზნესსექტორში დასაქმებულია რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი და გაცილებით მეტი თვითდასაქმებულია. ეს რომ პირიქით იყოს და ამის მერეც იზრდებოდეს დასაქმება, უდავოდ პოზოტიური იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.
ძალიან დიდი გარდატეხაა მოსახდენი, რომ თვითდასაქმებულები გახდნენ დაქირავებით დასაქმებულები. სოფლად მცხოვრები ადამიანები დღეს თვითდასაქმებულთა კატეგორიაში გადიან, არადა, ისინი რეალურად არ მიიჩნევენ თავს სამუშაოს მქონედ და მათი შემოსავალიც არ არის იმგვარი, რომ ეს მოცემულობა ობიექტურად მივიჩნიოთ.
ახალი დასაქმებულების რაოდენობა რეალურად რომ ისეთი იყოს, როგორიც ფინანსთა მინისტრმა ახსენა, მაინც არ ნიშნავს უმუშევრობის პრობლემის დაძლევას. საქმე ისაა, რომ ვიღაც პოულობს სამსახურს, ვიღაც კარგავს. შეიძლება მოხდეს ისე, რომ უმუშევარი ადამიანები დაასაქმო, მაგრამ ახალი ნაკადი შეემატოს უმუშევართა რიგებს. თუნდაც უნივერსიტეტდამთავრებულები ან ისინი, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს.
გარდა ამისა, სტატისტიკა არ აჩვენებს, ეს არის ახალი დასაქმება თუ, მაგალითად, ერთი საჯარო უწყების გაუქმებით სხვა უწყებაში, სხვა პოზიციაზე გადასული ადამიანები. თუ ყოველ წელს შეიქმნება ახალი 40 000 სამუშაო ადგილი, ეს დროთა განმავლობაში დიდად შეცვლის ქვეყნის განვითარებას, მაგრამ ასე არ არის", - აცხადებს ანალიტიკოსი.
ეკონომისტი, პროფესორი პაატა აროშიძე პირდაპირ ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ყოველწიურად 40 000 ადამიანი შოულობს სამსახურს, საერთოდ არ შეესაბამება რეალობას.
"მთავარია, როდის დაითვალეს, როდის აიღეს ინფორმაცია და როგორია დათვლის მექანიზმი. ჩვენთან ადამიანი დასაქმებულად ითვლება, თუ ის 1 კვირის განმავლობაში 1 საათით მაინც წაიმუშავებს, ანდა ფლობს მიწის ნაკვეთს, ან იღებს კომპენსაციას. გასაგებია, რომ ზაფხულის პერიოდში ნაკლები დაუსაქმებელია, რადგან ტურისტულ სფეროში სეზონური სამუშაოები აქტიურდება.
ინფორმაცია, რომ საქართველოში ყოველწიურად 40 000 ადამიანი საქმდება, არ შეესაბამება სიმართლეს. ფინანსთა მინისტრს უნდა ვკითხოთ, არის კი შემცირებული სოციალურად დაუცველთა ფენა და მასში მოხვედრის მსურველთა რაოდენობა? დღეს ხომ ჯერ კიდევ ისეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ თუ ადამიანი იწყებს სამუშაოს, ის კარგავს სოციალურ სტატუსს. ფაქტია, რომ საქართველოში სოციალურად დაუცველთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება", - აცხადებს "რეზონანსთან" აროშიძე.