სესხების შეზღუდვასთან დაკავშირებით ნამდვილი ომია გამართული. ბანკებსა და სებ-ს შორის დიდი დაპირისპირებაა. სავარაუდოდ, 15 ნოემბრიდან "ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ" ახალი რეგულაციები აღარ ამოქმედდება. უცნობია, რამ გამოიწვია ეს შედეგი - ხელისუფლება და ეროვნულო ბანკი ფინანსური სექტორის აზრს ითვალისწინებს, თუ მოახლოებული მეორე ტურის წინ, ხალხისათვის სესხზე უარის თქმით დამატებითი წნეხის თავიდან არიდებას ცდილობს.
ეროვნული ბანკის დადგენილებით, "ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ" ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია, დღეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამოქმედდება თუ არა რეგულაციები ხვალ საბანკო სექტორისათვის. დანარჩენ საფინანსო სექტორს შეზღუდვა 2019 წლის იანვრიდან დაუწესდება და სწორედ ამ დრომდე გადავადებას ითხოვენ ბაკების მფლობელები რეგულატორისაგან, რომელიც თარიღის ცვლილების შესახებ ჯერჯერობით დუმს.
როგორც "რეზონანსს" ცენტრალურ ბანკში განუცხადეს, ამ დროისათვის, გადაწყვეტილება საკრედიტო რეგულაციის 15 ნოემბერს ამოქმედების შესახებ ძალაში რჩება, ბანკების ასოციაცია და სხვა მსხვილი მეწარმეები კი განხილვის პროცესშივე აპროტესტებდნენ რეგულაციების შინაარსსა და ვადებს.
უცნობია, რა მოქმედებს არსებული ვითარების ცვლილებაზე: მოახლოებული მეორე ტური თუ საფინანსო სფეროს პროტესტი, რომლის ლობირებაშიც ეროვნულ ბანკს მუდმივად სდებს ბრალს საზოგადოების გარკვეული ნაწილი.
რეგულაციის ამოქმედების თარიღს ეჭვქვეშ აყენებს "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელობა. გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე პირდაპირ ამბობს, რომ ბანკებისათვის სესხის გაცემის ახალი რეგულაციების ამოქმედების თარიღი უცნობია.
"ჩვენი სურვილია, რეგულაციები საბანკო სექტორზეც პირველი იანვრიდან ამოქმედდეს და არა - 15 ნოემბრიდან. საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არც საბანკო სექტორისთვის არ არის. ბოლო 3 კვირაა, მიმდინარეობს კონსულტაციები ძირითად დოკუმენტთან დაკავშირებით. იცით, რომ ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს მუშა ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში.
ჯერჯერობით ბოლო ვერსია არ გვაქვს. ჩვენ უკეთესი დოკუმენტი გვინდა, მაგრამ ჯგუფი მუშაობს. საბანკო ასოციაციის სურვილია, ისევე, როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტებში, ახალი რეგულაციები ძალაში შევიდეს პირველი იანვრიდან. ვნახოთ, როგორ ამოქმედდება", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
რეგულაციების გადავადებას ითხოვს "საქართველოს ბანკიც". კომპანიის გენერალური დირექტორი კახაბერ კიკნაველიძე ამბობს, რომ ხელმოწერიდან, ანუ საბოლოო დოკუმენტის გამოქვეყნებიდან მის ძალაში შესვლამდე უნდა იყოს გარკვეული პერიოდი - ორი კვირა ან ერთი თვე, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკებს, დანერგონ საკუთარ სისტემებში ახალი რეგულაციები.
"კონსულტაციები დღესაც მიმდინარეობს. მიდის რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობა", - აღნიშნა კიკნაველიძემ და იქვე დასძინა, რომ უფრო დიდი ალბათობაა, რეგულაციები არა 15 ნოემბრისათვის, არამედ უფრო გვიან ამოქმედდეს.
"საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენელი ანი ალიბეგაშვილი მიიჩნევს, რომ, მიუხედავად ეროვნული ბანკის პოზიციისა, სესხებზე შეზღუდვა 15 ნოემბრიდან ვერ მოესწრება, რადგან ბანკებს ამ ეტაპზე კონკრეტული ინსტრუქციაც კი არ აქვთ მიღებული. შესაბამისად, პროცედურული ნორმები არ არის ცნობილი.
"როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, 15 ნოემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში რეგულაციები, რომლებითაც კომერციულ ბანკებს მოუწევთ ახალი და საკმაოდ რთული პარამეტრების დაკმაყოფილება იმისათვის, რომ სესხები გასცენ, თუმცა დღეს ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, თუ რა პარამეტრებით მოუწევთ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ინფორმაცია არ აქვს თავად ფინანსურ სექტორს. დღესვე რომ გხდეს ცნობილი ეს ინსტრუქცია, მაინც ძალიან გართულდება პროგრამული უზრუნველყოფა, თანამშრომელთა გადამზადება და ახალი რეგულაციისთვის ამოქმედება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საეჭვოა, რომ რეგულაცია შევიდეს ძალაში 15 ნოემბრიდან, ალბათ, მოხდება მისი გადავადება, რა დროით, ყველა ერთად ვნახავთ", - განაცხადა ალიბეგაშვილმა "რეზონანსთან".
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის გადაწყვეტილება კვლავ უცვლელია და ამოქმედებას ხვალისათვის ვარაუდობენ.