ახალციხეში, 37 წლის მამაკაცი არასრულწლოვანების მიმართ, გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. მამაკაცი პაკისტანის მოქალაქეა, რომელიც ახალციხეში მზარეულად მუშაობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მისი მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლი 7 გოგონა გახდა. მათ პოლიციას მშობლებთან ერთად ჩვენება უკვე მისცეს. მედიასთან გოგონების მშობლები აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, მათ არ სურთ, რომ მათი შვილების იდენტიფიცირება მოხდეს. გოგონებზე ძალადობის ფაქტს, ასევე იმ სკოლაშიც ადასტურებენ, სადაც ისინი სწავლობდნენ.
მშობლები ყვებიაან, რომ მამაკაცი გოგონებს სკოლასთან უთვალთვალებდა, ხოლო როდესაც ისინი სახლში მიდიოდნენ, მათ აედევნებოდა და სახლამდე მიჰყვებოდა. გარყვნილი ქმედება სკოლაში არ მომხდარა, ამიტომაც მამაკაცი მასწავლებლებს არასდროს შეუმჩნევიათ.
ის ცდილობდა, როომ სკოლის სიახლოვეს მალულად ემოქმედა და მისი შემჩნევა სკოლის დირექციის და მანდატურების მხრიდან არ მომხდარიყო. თუმცა, მამაკაცის ამოცნობა შვიდივე გოგონამ შეძლო, რომლებიც გარყვნილ ქმედებაში შემჩნეულ ადამიანს იდენტურად აღწერდნენ.
„ჩემი გოგონა 12 წლის არის, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ მოგვიყვა და გვითხრა, რომ სკოლიდან გამოსულს ვიღაც მამაკაცი აედევნა და მასთან კონტაქტს ცდილობდა. ბავშვი ამბობს, რომ მამაკაცი უცნაურად იქცეოდა და მასთან შეხება სურდა. რა თქმა უნდა, შეეშინდა და გამოიქცა. სახლში შეშინებულო მოვიდა და მოგვიყვა. თავიდან გვეგონა, რომ რაღაცას იგონებდა, მაგრამ ასეთი ტყუილი ცხოვრებაში არ უთქვამს.
"მერე მეზობლის ბავშვმაც იგივე ფაქტი მოჰყვა და მაშინ უკვე მშობლებს შეგვეშინდა. მოვიკითხეთ მეზობლებთანაც და აღმოჩნდა, რომ სხვა გოგონებსაც დასდევდა. მაშინვე პოლიციაში განვაცხადეთ. სასტუმროში ცხოვრობდაო, როგორც გვითხრეს. აქვე სადღაც ახალციხის ცენტრში სწრაფი კვების ობიექტია და იქ უმუშავია.
"ბავშვებმა ზუსტად ერთიდაიგივე ადამიანი აღწერეს. ბოლო დროს მომხდარი საშინელი ფაქტის შემდეგ, პოლიციას ძალიან ვთხოვთ, რომ დიდი ყურადღება მიაქციოს სკოლის მიმდებარე ტერიტორიას. ბავშვის ქუჩაში დამოუკიდებლად გაშვების უკვე გვეშინია. თუმცა პოლიციამ განცხადებისთანავე, ძალიან ოპერატიულად იმუშავა",-აცხადებს ერთ-ერთი გოგონას დედა.
სკოლის მანდატურები, სადაც გოგონები სწავლობდნენ, ამბობენ, რომ გოგონები, რომლებსაც მამაკაცი უთვალთვალებდა და შემდეგ მათ მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა მე-7, მე-8 და მე-9 კლასელები არიან. მანდატურის ინფორმაციით, მამაკაცი სკოლასთან ახლოს არ მიდიოდა და მათ შორიახლოს უთვალთვალებდა.
სკოლიდან გამოსულებს კი გზაზე აედევნებოდა და მათთან კონტაქტს ცდილობდა. შესაბამისად, მათ მამაკაცი არასდროს შეუმჩნევიათ, თორემ მის შესახებ, რა თქმა უნდა, რომ პოლიციას საქმის კურსში ჩააყენებდა და შესაბამის ღონისძიებებს მიიღებდნენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი, სავარაუდოდ, იმ სკოლას და ტერიტორიას უთვალთვალებდა, სადაც ის ცხოვრობდა და მუშაობდა. მისი მსხვერპლი გოგონებიც ან მეზობლები ან კიდევ შორიახლოს მცხოვრებლები არიან. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ის სხვა გოგონებსაც დასდევდა, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა მშობლებთან ჯერჯერობით 7-მა გოგონამ ისაუბრა.