თამარ შუკვანი
14.11.2018

 ვაზიანში სამხედრო აეროდრომის აშენება საქართველოს საშუალებას მისცემს ყველაზე მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებიც კი მიიღოს, რისი პოტენციალიც ნამდვილად არსებობს.

იმ შემთხვევაში, თუკი ვაზიანის აეროდრომს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, უცხოელი პარტნიორების სამხედრო დანაყოფების მომზადებაც შესაძლებელი გახდება.

ვაზიანში სამხედრო აეროდრომის აშენების ინიციატივის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურმა გენერალმა სტივენ ლაიენსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

„რეზონანსი" აღნიშნულთან დაკავშირებით „არსენალის" მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს გაესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან სამხედრო აეროდრომი სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს.

მისი განცხადებით, მართალია საბჭოთა პერიოდის შემდეგ ვაზიანის სამხედრო აეროდრომის აქტიური გამოყენება არ ხდებოდა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ ადგილს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, ყველაზე მძიმე სამხერდო სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღება შესაძლებელი გახდება.

„მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან, საბჭოთა პერიოდშიც, სამხედრო აეროდრომი სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა, რადგან იქ ორი საავიაციო პოლკი მაინც იყო ბაზირებული, მათ შორის თბილისის საჰაერო თავდაცვის საავიაციო პოლკიც იყო განთავსებული.

„საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ვაზიანის აეროდრომის ინტენსიური გამოყენება აღარ ხდება, მაგრამ ის პოტენციალი დარჩა, რაც მას აქვს, - არსებობს ასაფრენი ზოლი. რა თქმა უნდა, კაპიტალური რემონტი დასჭირდება, მაგრამ ამის შემდეგ, საქართველოს საშუალებას მისცემს, რომ სამხედრო წვრთნების, სწავლებების ჩატარების მიზნით მიიღოს, თითქმის, ყველაზე მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებიც კი," - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ვაზიანის აეროდრომზე უცხოელი პარტნიორების სამხედრო დანაყოფების მომზადება შესაძლებელი გახდება. მათი დროულად გადმოყვანისთვის კი, ვაზიანის აეროდრომი აუცილებელია.

„აქ მთავარი ლოჯისტიკაა და ეს კომენტარიც, ალბათ, იმიტომ გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკის წარმოამდგენელმა. საუბარია იმაზე, რომ ამ აეროდრომმა მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფინავები მიიღოს. ვაზიანში არის სამხედრო პოლიგონიც და გახსნილია ერთობლივი, ქართულ-ამერიკული წვრთნისა და შეფასების ცენტრი.

„ეს ყველაფერი დაეხმარება, რომ ვაზიანის აეროდრომზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების სამხედრო დანაყოფების მომზადებაც შესაძლებელი იყოს. ფოთში ჩამოტვირთვა და მერე ფოთიდან საავტომობილო გზით გადმოყვანა. ეს უფრო მეტ დროს მოითხოვს," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×