მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო 3 კვირაა, იკლებს, რაც ქართველ მომხმარებელზე, ფაქტობრივად, არ ასახულა. საეთაშორისო ბირჟებზე 1 ბარელი ნავთობი 20 დოლარით, ანუ 23%-ით გაიაფდა. განსაკუთრებით ვარდნაა ბოლო 2 დღის განმავლობაში. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ პირობებში ბენზინის ღირებულება 30-40, ხოლო დიზელის 20 თეთრით უნდა შემცირდეს.
საქართველოში მსოფლიო ტენდენციას ჯერ არ ცნობენ. გამონაკლისია "გალფი", სადაც ფასი 5 თეთრითაა შემცირებული. საწავავის ფასი ორი კომპონენტით - მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობითა და ეროვნული ვალუტის კურსის მიხედვით დგინდება. 14 ნოემბრის 18:00 საათის მდგომარეობით, "ბლუმბერგის" სისტემაში 1 ლარი 2.68 დოლარი ღირდა, რაც ბოლო 1 თვის ყველაზე დაბალი ნიშნულია. ნედლი ნავთობის ღირებულება ბოლო 3 კვირაში 23%-ით - 65 დოლარამდე შემცირდა, რაც 2015 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა. ადგილობრივი სადისტრიბუციო და ბენზინგასამართი ქსელების წარმომადგენლები კვლავ ვერ ამბობენ, როდის და რა დოზით დაიწყება კლება ბაზარზე.
მასობრივი შემცირების ფონზე, რომელიც 2 კვირაზე მეტია დაწყებულია, საქართველოში საწვავი უკვე 10 თეთრით უნდა შემცირებულიყო, რაც არც ერთ ქსელში არ მომხდარა. მხოლოდ "გალფმა" და პატარ-პატარა აგს-ებმა გააიაფეს საწვავი 5-5 თეთრით.
კომპანია "ტრანს ლოგისტიკის" დირექტორი ჯაბა თარიმანაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ, დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, საქართველოში ბენზინი ნაბიჯ-ნაბიჯ 40 თეთრით, ხოლო დიზელი 20 თეთრით უნდა გაიაფდეს.
"ბოლო პერიოდში, მსოფლიო ბაზარზე კლების ტენდენციაა. საუდის არაბეთმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მოპოვება 1 მლნ ბარელით უნდა შემცირებულიყო, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის განცხადების შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ვარდნა ისევ გაგრძელდა.
ოპეკ-ის შემდეგი შეხვედრა 6 დეკემბერს ჩაინიშნა. კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები გეგმავენ, 1.4 მლნ ბარელიით შეამცირონ ყოველდღიური მოპოვება 2019 წლიდან. ეს, რასაკვირველია, აისახება ბაზარზე და ფასი მაღლა წავა, თუმცა წინასწარ ამაზე არავინ საუბრობს. იმ მოცემულობით, რაც დღესაა, სულ სხვაგვარი ვითარებაა. არსებობს შესაძლებლობა, რომ საწვავი საცალო ქსელში მკვეთრად შემცირდეს.
განსაკუთრებით დაკლებულია ბენზინის საბითუმო ღირებულება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს პროდუქტი - 30-40 თეთრით, ხოლო დიზელი 20 თეთრით უნდა გაიაფდეს", - აცხადებს "რეზონანსთან" თარიმანაშვილი.
ფასის კლება რომ მოხდება, "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძეც ადასტურებს, მაგრამ როდის და რა რაოდენობით, ამას ვერ აკონკრეტებს.
"ფასზე მოქმედებს ორი მომენტი, ერთი - ეს არის მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება და მეორე - ლარის კურსი. ამ ეტაპზე, პირველი ტენდენცია უდავოდ დადებითია და იკლებს საწვავის ფასი. ეს, რა თქმა უნდა, აისახება ქართულ ბაზარზე და კონკრეტულად, ჩვენს ქსელზეც, როდიდან და რამდენით, ჯერჯერობით ზუსტად ვერ გეტყვით", - აღნიშნა მიშველაძემ.
საქართველოში საწვავის ფასი რომ უნდა შემცირდეს, არასამთავრობო სექტორიც ადასტურებს. "ჰაბ ჯორჯიას" დირექტორი ვასო ურუშაძე ამბობს, რომ ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინის ფასი დაახლოებით 2,04 ლარს, ხოლო დიზელზე 2,40 ლარს უნდა შეადგენდეს.
"ჭარბი მოპოვებისა და მერყევი მოთხოვნის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა, რაც ნავთობპროდუქტების ფასზე შესაბამისად აისახა. კერძოდ, 13 ნოემბრის "პლატსის" შესაბამისად, ბენზინის ფასმა ტონაზე კიდევ 25 დოლარით დაიკლო და 570.75 დოლარი შეადგინა, ხოლო დიზელი 31 დოლარით გაიაფდა - 644.25 დოლარამდე.
შესაბამისად, მოსალოდნელი საორიენტაციო სარეალიზაციო ფასი საქართველოს ბაზარზე ლიტრ ბენზინზე დაახლოებით 2,04 ლარს, ხოლო დიზელზე 2,40 ლარს უნდა შეადგენდეს", - განუცხადა "ბიემს" ურუშაძემ.
ოპეკ-ის შემდეგი შეკრება ვენაში მომდევნო თვეში, 6 დეკემბერს გაიმართება და სწორედ ამის შედეგ გაირკვევა, შენარჩუნდება თუ არა ნავთობზე დაბალი ფასი.