"ბანკებმა, მათმა ლობისტებმა და მოახლოებულმა მეორე ტურმა გადადო რეგულაციები"
თამარ შუკვანი
15.11.2018

 ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირებისათვის სესხის გაცემა მეორედ გადაავადა და ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა. ინფორმაცია მხოლოდ გუშინ, საღამოს 6 საათის შედეგ გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, გადაწყვეტილების გამოცხადების გაჭიანურება იმ საბანკო სექტორთან მწვავე მოლაპარაკებებს უკავშირდება, რომლებიც გადავადებას კატეგორიულად ითხოვდნენ.

"ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. მისი მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციობის ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. ეს, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

დებულებით განსაზღვრული რეგულაციები ერთდროულად გახდება სავალდებულო როგორც კომერციული ბანკებისათვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისათვის.

ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინა სესხის გამცემი ორგანიზაციების თხოვნა და მიზანშეწონილად მიიჩნია, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიეცეთ დამატებითი დრო თავიანთი სისტემებისა და პროცედურების დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. აღსანიშნავია, რომ მთავარი პრინციპები კვლავაც უცვლელი რჩება", - ნათქვამია ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ჩანს, ბანკებმა და მათმა ლობისტებმა მოახერხეს, ორჯერ გადაევადებინათ რეგულაციები, რომლითაც მომხმარებლის უფლებების დაცვა მოხდებოდა. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილს ეროვნული ბანკის არაპრინციპულობის გამო, იმედი აღარ აქვს, რომ ცვლილებები მომავალი წლიდან მაინც ამოქმედდება.

"რეგულაციების პაკეტით, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო დღეს, ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდებოდა კლიენტებისა და საკრედიტო ინსტიტუტების ურთიერთობის კუთხით. ყველანი ვთანხმდებით, რომ ბანკებისა და მომხმარებლის ურთიერთობაში ამ უკანასკნელთა უფლებები ირღვევა. საქმე ისაა, რომ ახალი ცვლილებები გამოასწორებდა ამ ადამიანების მდგომარეობას.

სადავო საკითხი იყო ორი - შემოსავლების დადასტურება და კოეფიციენტები. ორივე მათგანზე უკან დაიხია ცენტრალურმა ბანკმა. მიკროსაფინანსოებს მისცა ნება, რომ არ იყოს ამ ფორმით აუცილებელი შემოსავლის დადასტურება, კოეფიციენტები კი ისე გაზარდა, რომ არავის შეუქმნის პრობლემას. შესაბამისად, რაღას გადაავადა რეგულაციების ამოქმედება, ვერ ვხვდები.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მაქვს მოლოდინი, რომ ეს რეგულაციები საერთოდ გაქრება და 1-ლი იანვრიდანაც არ იარსებებს. ამით მომხმარებელი დაკარგავს 100%-დან 50%-მდე შემცირებულ საპროცენტო განაკვეთს, ბანკის შეზღუდულ უფლებას სესხში ჩადებული ქონების გარდა ვერ დაუყადაღოს და მიისაკუთროს სხვა ქონება.

რეგულაცია გულისხმობდა, რომ ჯარიმა არ დარიცხულიყო სესხის მთლიან თანხაზე და მხოლოდ დარჩენილი თანხის პროცენტით მომხდარიყო დაანგარიშება; ჯარიმების რადენობა მთლიანად არ უნდა ყოფილიყო 150%-ზე მეტი. მოკლედ, ეს ყველაფერი არ იქნება. ბანკების ლობს გადაჰყვა ყველა უფლება, რომლებსაც მომხმარებელი ახალი რეგულაციით იღებდა. ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან ურთიერთობა ვერ დაამყარა, კომერციულმა ინსტიტუტებმა ამჯერადაც თავისი გაიტანეს", - განუცხადა "რეზონანსს" ჯანიაშვილმა.

ცვლილებები, რომლებიც მომხმარებლისათვის სასიკეთო იყო, ეროვნული ბანკისა და მთავრობის ცუდმა კომუნიკაციამ მათ წინააღდეგ კომპრომატად აქცია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ იმედი აღარ აქვს, რამე ხალხისთვის სასიკეთოდ შეიცვლება.

"მთლიანად დაკრედიტების სისტემაში შედიოდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. დღესაც არ მინახავს, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ღიად საუბრობდნენ ამაზე, შედეგი კი არის ბანკების უცვლელი დიქტატი. თუ ვინმე დამარწმუნებს, რომ პირველ იანვრამდე გადადებული რეგულაციები ამოქმედდება მომავალი წლის დასაწყისში, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი. სებ-მა იმდენჯერ გადადო და ვერც ერთხელ გამოავლინა პრინციპული პოზიცია კომერციულ ბანკებთან, რომ ამის იმედი აღარ მაქვს.

დარჩება იგივე პოლიტიკა, რაც იყო, არც ჭარბვალიანობა შემცირდება. მოსახლეობას რეალურად აწუხებს საკრედიტო ინსტიტუტებთან ურთიერთობა და ამას თუ ვერ ხედავს ცენტრალური ბანკი, მათი პრობლემაა. ბანკებმა, მათმა ლობისტებმა და მოახლოებულმა მეორე ტურმა გადადო რეგულაციები.

ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას შეეძლოთ, საკუთარი ინტერესებისათვის გამოეყენებინათ და მოსახლეობისთვის კარგად აეხსნათ, რეალურად რასთან გვექნებოდა საქმე, თუმცა ყველაფერი მათ წინააღმდეგ აგორდა. ეს არის ეროვნული ბანკის ენაჩაგდებული პოლიტიკის "დამსახურება", რომელიც ვერ და არ ურთიერთობს საზოგადოებასთან. არც ხელისუფლების სხვა შტოებს უცდიათ ამ რეგულაციებზე სიმართლის ხალხამდე მიტანა. ახლა რეგულაციების გადადებით რა პლუსი დაიწერა ან ეროვნულმა ბანკმა, ან "ოცნებამ", გარდა იმისა, რომ ბანკებს კიდევ ერთხელ ასიამოვნა, მე ვერ ვხვდები", - აღნიშნა "რეზონანსთან" ჯანიაშვილმა.

ეროვნული ბანკის დადგენილებით, "ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ" ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ ჯერ 15 ნოემბრამდე გადაიწია, ახლა კი ირკვევა, რომ ახალი წესი 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×