საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ახალი კვლევა გამოქვეყნდა, სადაც ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, თუმცა - მცირე სხვაობით, 4%-ით უსწრებს სალომე ზურაბიშვილს და ამ კვლევას, როგორც მოსალოდნელი იყო, "ოცნებაში" მოჰყვა ტრადიციული შეფასებები, რომ მონაცემებს არ ენდობიან, რომ "ედისონ რისერჩის" ბოლო კვლევები აცდენილი იყო არჩევნების შედეგს და ახლაც სრულიად სხვა შედეგი დაიდება.
გარდა ამისა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ პარტიამაც ჩაატარა შიდა კვლევა და შედეგი განსხვავებულია, თუმცა შედეგის გასაჯაროება არ მოხდება.
კახა კალაძემ იქვე განმარტა ისიც, რომ "ოცნების" კვლევებს "ფსიქოპროექტი" აღარ აკეთებს. ცნობისათვის, "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა ამ არჩევნებზე ორი კვლევა და ეგზიტპოლი, სადაც ზურაბიშვილი 53%-ით პირველივე ტურში იმარჯვებდა, რაც არ გამართლდა. კახა კალაძის თქმით, ეს კვლევა არის მანიპულირება საზოგადოებრივ აზრზე.
"ეს კვლევა გაკეთებული იყო მიზანმიმართულად, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია გადაეფარათ, ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე და მანიპულირება საზოგადოების აზრზე. გვახსოვს მსგავსი კვლევები, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ვაშაძე ლიდერობდა და სალომე ზურაბიშვილი იყო მესამე ადგილზე.
"თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, 28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება", - განაცხადა კახა კალაძემ და მეორე ტური 28 ნოემბერს ისე დააანონსა, რომ ეს ჯერ ცესკო-საც არ ჰქონდა გამოცხადებული, რამაც უფრო გააჩინა ეჭვი, რომ ცესკო არჩევნების თარიღს "ოცნებასთან" ათანხმებდა.
კვლევას უნდობლობას უცხადებს პარლამენტის თავმჯდომარეც. მისი თქმით, "ედისონ რისერჩმა" ორჯერ ჩაატარა კვლევა და ორჯერვე ასცდა შედეგებს.
"ედისონი" მოიკითხეთ, რომელმაც ორჯერ დადო გაყალბებული კვლევის შედეგები", - ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ კვლევის შეფასებისას "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.
"ოცნების" დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, "ეს ციფრები იქნება შორს იმ რეალობისაგან, რომელსაც მეორე ტურის შემდეგ ვნახავთ".
"შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ დღეს, როდესაც ევროპარლამენტში სერიოზული რეზოლუციაა ძალიან პოზიტიური გზავნილებით, ამ დროს ქვეყნდება სასურველი და საოცნებო ციფრებით დატანილი კვლევა "რუსთავი 2"-ის მხრიდან - მგონია, რომ ეს ამ თემის გადასაფარად არის გაკეთებული", - თქვა ბესელიამ.
მმართველი პარტიისაგან განსხვავებით, კვლევას ენდობა გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია". ისინი აცხადებენ, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება გარდაუვალია.
"ედისონ რისერჩის" შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბრძოლასა და მუშაობას ყოველთვის აქვს აზრი", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
"რუსთავი 2"-მა მათ მიერ "ედისონ რისერჩისათვის" დაკვეთილი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, თუმცა ოპოზიციისა და სახელისუფლებო კანდიდატს შორს სხვაობა 4%-ია.
კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, ალოკაციის გარეშე, ანუ ყველა გამოკითხულიდან შედეგები ასე გადანაწილდა: ვაშაძე - 38%, ზურაბიშვილი - 34%, არ ვიცი - 18%, არც ერთს - 10%.
იმავე კითხვაზე პასუხი, სრული ალოკაციის მიხედვით (როდესაც გამოკითხული პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა დამატებითი კითხვების საშუალებით იგებს, ორგანიზაცია ვისი პოტენციური ამომრჩეველია) მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე - 56%, სალომე ზურაბიშვილი - 44%.
კვლევა 1-ლი ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლითაა ჩატარებული. გამოკითხულია 2 000 ადამიანი. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში ნეგატიურად აფასებს, 13% - პოზიტიურად.
გამოკითხულთა 72%-ის აზრით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ასევე გამოკითხულთა 37% არ ეთანხმება ცვლილებას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ აირჩევა. საგულისხმოა, რომ "ედისონ რისერჩმა" საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინაც გამოაქვეყნა კვლევები და ეგზიტპოლი და ყველაზე მცირე, 3%-იანი ცდომილებით დაემთხვა ცესკო-ს საბოლოო მონაცემებს.
ამ ორგანიზაციის სექტემბერში ჩატარებული კვლევით ზურაბიშვილს 40% ჰქონდა, ვაშაძეს - 38%. პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებული კვლევით ზურაბიშვილს - 28%, ვაშაძეს 31% ჰქონდა და ყველა კვლევაში მეორე ტურის გამართვაზე იყო საუბარი.
ასევე ამ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლით შედეგი ასე განაწილდა: ზურაბიშვილი - 40%; ვაშაძე - 40%; ბაქრაძე - 10%; ჯაფარიძე - 2%; უსუფაშვილი - 2%; ნათელაშვილი - 3%. ეს მონაცემები 2%-იანი ცდომილებით დაემთხვა ცესკო-ს შედეგებს. ოფიციალური შედეგით: ზურაბიშვილი - 38%; ვაშაძე - 37%; ბაქრაძე - 10.9%; ჯაფარიძე და უსუფაშვილი - 2-2%, ნათელაშვილი - 3%.
პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, მართალია, ზოგადად ყველა სოციოლოგიური კვლევა საქართველოში პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს, თუმცა, მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე სამი სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევა ჩატარდა და მხოლოდ "ედისონ რისერჩის" კვლევა და ეგზიტპოლი დაემთხვა საარჩევნო შედეგს, რის გამოც ამ ორგანიზაციის მონაცემების მიმართ სანდოობა გაზრდილია.
პლუს, ამბობს, რომ პირველი ტურის შედეგებიდანაც ნათლად გამოჩნდა, რომ ვაშაძეს მეორე ტურში ზურაბიშვილთან შედარებით უპირატესობა აქვს, რადგან მას, მაგალითად, დავით ბაქრაძის 11%-იანი მხარდამჭერთა ხმებიც ემატება.
"კვლევები პროპაგანდა შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ "ედისონ რისერჩმა" ყველაზე მიახლოებული შედეგი დასვა. ამიტომ ამ კვლევაში არაფერი გასაკვირი არ არის. ვაშაძეს 4%-ზე მეტი უპირატესობაც კი შეიძლება, ჰქონდეს. ზურაბიშვილი მიუღებელია თვით "ქართული ოცნების" ამორჩევლებისათვისაც.
"ჩემ გარშემო ბევრია, ვინც 2012 წელს "ოცნებას" მისცა ხმა, მეც, მაგალითად, 2013 წელს "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს მივეცი ხმა, დღეს კი "ოცნების" ძველი ამომრჩევლების დიდი ნაწილი ზურაბიშვილისათვის ხმის მიცემას არ აპირებს.
"ამ კვლევის შედეგით მე ვაშაძის კიდევ უფრო დიდ უპირატესობასაც ველოდი. ზოგადად, ვთვლი, რომ მეორე ტურის შედეგი ჩემთვის მეორეხარისხოვანია.
"პირველმა ტურმა გამოაჩინა ის, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ეს ხალხმა ირწმუნა და პირველმა ტურმა გამოაჩინა, რაოდენ ცუდად აქვს "ოცნებას" საქმე. თუ 2020 წლამდე ხელისუფლებამ ასე გააგრძელა და არაფერი შეცვალა, ის ყველა ვარიანტში დამარცხდება", - ამბობს შარაშენიძე.