ოპოზიციის დიდი პროტესტის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება და ეს დღეს საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდა.
არასამთავრობებისა და ოპოზიციის მოთხოვნა, რომ მეორე ტური შაბათს ან კვირას დანიშნულიყო, ცესკო-მ არ გაიზიარა და არჩევნები მაინც შუა კვირაში დანიშნა.
ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ცესკო ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს და შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა მიზანმიმართულად ხდება, მთავარი მიზეზი ისაა, რომ უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებისთვისაც ეს დღე უქმე არ არის, კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ შეძლონ.
საგულისხმოა ის, რომ მეორე ტურში გასულ კანდიდატებს - სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის სხვაობა ძალიან მცირეა - 0.9% და როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, თითოეული ხმის მნიშვნელობა ძალიან იზრდება, ხოლო საზღვარგარეთიდან ხმების 53%, 2861 ხმა სწორედ ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ - 22%, 1 231 ხმა. ვაშაძემ 1 630 ხმით მეტი მიიღო, ვიდრე ზურაბიშვილმა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ რადგანაც ემოგრანტები ოპოზიციის მხარდამჭერები არიან, სწორედ ამიტომ "ოცნებამ" მათთვის ხმის წართმევა გადაწყვიტა.
საგულისხმოა, რომ არა მარტო ოპოზიცია, არამედ არასამთავრობო სექტორიც მოუწოდებდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მეორე ტურის თარიღად შაბათი ან კვირა გამოეცხადებინა.
"არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საზღვარგარეთ უქმე დღე არ იქნება", - ოპოზიციის მსგავსად, ცესკო-ს არასამთავრობოებმაც მიმართეს, რომ უქმე დღეს დანიშნულიყო არჩევნები.
როგორც არასამთავრობოები ამბობდნენ, ასევე სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისათვისაც გარკვეული დაბრკოლებაა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ამომრჩეველს საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები აუცილებლად კვირას უნდა გაიმართოს, თუმცა ეს არ ეხება მეორე ტურს. მეორე ტურთან დაკავშრებით დღე დაკონკრეტებული არ არის და კანონის მიხედვით, მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 2 კვირისთავზე.
ცესკო-მ გუშინ 20 საათზე გამოაცხადა პირველი ტურის შედეგებიც და მეორე ტურის თარიღიც. სხდომა 19 საათზე დაიწყო და დიდი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ოპოზიცია ითხოვდა, სხდომა გადადებულიყო, კენჭისყრაზეც დააყენეს ეს საკითხი, თუმცა ხმები არ ეყო, მათი მოთხოვნა საარჩევნო კომისიის უმრავლესობამ არ გაიზიარა, რის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა, კომისიამ კი გამოაცხადა არჩევნების თარიღი - 28 ოქტომბერი.
გარდა იმისა, რომ საქართველოში 28 ოქტომბერი უქმე დღე იქნება, ცესკო-მ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა და საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში კენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გაგრძელდება, ხოლო ავღანეთში არჩევნები 26 ნოემბერს გაიმართება.
ოპოზიციისგან განსხვავებით "ოცნებაში" აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ პრობლემას არჩევნების სამუშაო დღეს გამართვაში. როგორც პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, ვისაც სურვილი აქვს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, "ეს არ გაუჭირდება, როგორც არ გაუჭირდა 2012 წელს".
საგულისხმოა ის, რომ კალაძემ ცესკო-ს ოფიციალურ განცხადებამდე დაასახელა მეორე ტურის თარიღი.
"იყო კვლევა გამოქვეყნებული თქვენ მიერ, ამ კომპანიის მიერ, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ მესამე ადგილზე იყო, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, 28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება", - განაცხადა კალაძემ.
კალაძის ამ განცხადებამ ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია და გაკეთდა განცხადებები, რომ ცესკო არჩევნების თარიღს მმართველ პარტიასთან ათანხმებს, თუმცა "ოცნებაში" თქვეს, რომ რადგანაც დილით ცესკო-მ სხდომა უკვე დანიშნა, ეს უკვე მანიშნებელი იყო, რომ შემაჯამებელი ოქმები შედგებოდა და არჩევნების დღის გამოცხადება მოხდებოდა.
კანონის თანახმად, ოქმების შეჯამების შემდეგ ზუსტად 2 კვირისთავზე უნდა დაინიშნოს მეორე ტური.
პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მეორე ტურში ერთი ხმაც კი გადამწყვეტია, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს, ყველანაირი ხერხით შეძლოს, დააბრკოლოს ოპოზიციის ამომრჩეველი და სწორედ ემიგრანტებსა და რეგიონში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს ექმნებათ დაბრკოლება.
"როდესაც ორი უქმე დღეა, უფრო მარტივად მიდის რეგიონში ამომრჩეველი ხმის მისაცემად. თან ხმას აძლევს, თან დედისეულ თუ მამისეულ ფუძეს აკითხავს, შუა კვირაში კი ბევრმა შეიძლება, ხმის მისაცემად ჩასვლა დაიზაროს და ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
"ამ შემთხვევაში ხელისუფლება უფრო დარაზმავს თავის მომხრეებს. ამდენად, გათვლა უფრო ოპოზიციური ელექტორატის დაბრკოლებაზეა და თუ ის ძალიან იდეური და პრინციპული არ არის, შეიძლება, რეგიონში წასვლა დაიზაროს.
"მეორე ტურში ერთი ხმაც კი გადამწყვეტია. აშშ-ის არჩევნებს გაგახსენებთ ბუშის დროს, როდესაც რამდენიმე ასეულ ხმაზე მიდიოდა ბრძოლა. იქ სრულიად განსხვავებული სისტემაა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ისტორიაში დღეს არის ის უნიკალური შემთხვევა, როდესაც თეორიულად ერთმა ხმამ შეიძლება, გადაწონოს არჩევნების ბედი.
"ამიტომ "ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობს, ვაშაძის ამომრჩეველი დააბრკოლოს რამენაირად", - აღნიშნავს ლაგაზიძე.