თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პირის მდგომარეობა რთულია, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სამივე ერთი ოჯახის წევრია - ბაბუა, შვილი და შვილიშვილი. დაშავებულები დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
„სამივეს მდგომარეობა არის საკმაოდ სერიოზული. მოთავსებული არიან დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ოჯახის წევრებთან გვაქვს საქმე. ბაბუა, შვილი და შვილიშვილი. მათი ასაკია 44 წლის, 24 წლისა და 6 წლის ბავშვი. სხვადასხვა მიდამოს საკმაოდ სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ, შესაბამისად, სხეულის 65%,55% და 12%", - განაცხადა ქაშიბაძემ.
მისივე თქმით, დაშავებულებს დამწვრობითი შოკიც აღენიშნებათ.
თბილისში, ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად სამი სართული დაზიანდა. აფეთქება მე-3 სართულზე მოხდა, სადაც არავინ არ იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად დაშავდა მე-2 სართულის ბინაში მცხოვრები სამი პირი.