"ეს არჩევნები ვერ განმუხტავს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ამიტომ მეორე ტურის შემდეგ რომელი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერილმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, აუცილებლად დადგება ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენის აუცილებლობა" - აცხადებს "ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელსაც "რეზონანსი" მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.
"არ ვიცი, ეს მესამე პოლიტიკური ძალა იქნება თუ მეათე, მაგრამ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური ძალა რომ არ უნდა იყოს, ეს ფაქტია. ამ არჩევნებისადმი ამომრჩეველის იმედგაცრუებაც ამით იყო განპირობებული, რომ არჩევანი არ ჰქონდათ, საარჩევნო ყუთებთან მისულ ადამიანებს დახვდათ სამი "ნაციონალური მოძრაობა", თავად "ნაცმოძრაობა", "ევრონაცები" და "ოცნებაში" პორტირებული ნაცები.
"რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს მეორე ტური, ეს არჩევნები ვერ განმუხტავს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ეს დუღილი ქუჩაში რომ არ გავიდეს, ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენის აუცილებლობა ნამდვილად დადგება. თუმცა მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, ქვეყანაში რამდენიმე პოლიტიკური ძალა იყოს, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დააბალანსებს და არა ისე, როგორც ყოველთვის ერთი ადამიანის გარშემო რომ იკვრებოდა მთელი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც შემდეგ მონსტრად გადაიქცეოდა. ეს უნდა დასრულდეს" - განაცხადა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ.