ისრაელში ბოლო დღეების განმავლობაში საომარი მოქმედებების ესკალაციის ფონზე, ადგილობრივი აეროპორტებიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე მგზავრების უკან გამობრუნების ფაქტებმა მასობრივი სახე მიიღო, თუმცა ამის შესახებ საქართველოს მოქალაქეები საგარეო უწყების მხრიდან ინფორმირებულნი არ ყოფილან.
ამის შესახებ "რეზონანსს" ერთ-ერთმა ქართველმა მგზავრმა განუცხადა, რომელიც ისრაელის მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. მისივე თქმით, ისრაელში სამკურნალოდ მიემგავრებოდა და ამ პრობლემის შესახებ რომ სცოდნობა, რაიმე სხვა გამოსავალს მოძებნიდა. ამბობს, რომ რომ მესაზღვრეები უკან აბრუნებენ არა მარტო საქართველოს, არამედ ნებისმიერ უცხოელს და ამის მიზეზად უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ასახელებენ.
შეზღუდვები ღაზას სექტორში გაბატონებულ ისლამისტურ დაჯგუფება "ჰამასთან" საბრძოლო მოქმედებების განახლებასა და უსაფრთხოების ნორმებს უკავშირდება, რაც ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე ვრცელდება, თუმცა ეს ყველაფერი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის ცნობილი არ არის, ვინც საქართველოდან ისრაელის მიმართულებით აპირებენ გამგზავრებას.
„ეს რომ ჩემთვის ცნობილი ყოფილიყო, რა თქმა უნდა, არ წავიდოდი," - აცხადებს რესპოდენტი „რეზონანსთან" საუბრისას და საყვედურს გამოთქვამს საქართველოს საგარეო უწყების მიმართ, რომელმაც ისრაელში წამსვლელთა დროული ინფორმირება არ მოახდინა.
ჩვენ დავინტერესდით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციით, და როგორც აღმოჩნდა, მათი მხრიდან მოქალაქეთა ინფორმირება მართლაც არ განხორციელებულა. ეს „რეზონანსს" საგარეო საქმეთა პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.
ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩომ ისრაელში განცხადება გაავრცელა, თუმცა მისი ადრესატები არიან არა ისრაელში გამგავრების მსურველები, არამედ იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.
„ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ღაზის სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.
„ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად.
„შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +9723609-3206, +972526919092," - წერია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.