მოძრაობა „ხალხის ნების" თავმჯდომარე გიორგი შენგელაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ" და „ნაცმოძრაობამ" საკუთარი თავი ამოწურეს. მისი თქმით, არჩევნებზე ხალხმა ხმა არავის არ უნდა მისცეს და გადახაზოს ყველა კანდიდატი. მან ისაუბრა შვილმოკლული მამების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ „ოცნების" ოფისის წინ გამართულ აქციებზეც.
გიორგი შენგელაია: ეს (აქციები) იყო „ქართული ოცნების" დასარული. ვთვლი, რომ „ოცნება" პოლიტიკური არენიდან საერთოდ უნდა წავიდეს. „ოცნების" ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი არის უკითხავი, მას სახარება, ალბათ ,არ წაუკითხავს. სახარებაში არის ასეთი ამბავი - ქრისტე თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს იგავს დაკარგული ცხვრისა და მეცხვარის შესახებ, რომელსაც 100-დან ერთი ცხვარი დაეკარგა, მთელი ღამე ეძება და მაინც იპოვა. ეს ეხება მოკლულ დავით სარალიძეს, ულამაზეს ჭაბუკს, რომელიც უნამუსოდ მოკლეს ვიღაც პროკურორების შვილებმა - აი, ის არის ერთი ცხვარი. ბევრი ფილოსოფოსი ამბობდა, რომ ერთი კაცი უდრის მთელ კაცობრიობას და ამ ბავშვის მოკვლით მისმა მკვლელებმა მოკლეს მთელი კაცობრიობა.
სარალიძე მივიდა "ოცნების" ოფისთან და გამართა პატარა აქცია. მე არ ვიცოდი არც დრო და არც არაფერი აქციისა, უცბად რაღაცამ წამომაყენა და გავვარდი იქ. მოვიდნენ შვილმოკლული მამები, რომელთაც ძალიან მცირერიცხოვანი ხალხი ახლდა თან. გამოცხადებული ყოფილა ამის შესახებ, მაგრამ ჩვენ ხალხს ისევ სძინავს და იქ არავინ არ მოვიდა. სულ ვიძახდი, რომ ჩვენს ხალხს სძინავს. გამიკვირდა, საზოგადოებიდან მხოლოდ მე აღვმოჩნდი, იყვნენ მისი ახლობლები და, რაც მთავარია, ქისტები, მე ეგ ხალხი ძალიან მიყვარს. ერთი ქალი, როგორც და ძმას ისე გადამეხვია კიდეც, მიცნობენ იქ. არაჩვეულებრივი სიტყვა წარმოთქვა მაჩალიკაშვილის მეუღლემ.
რასაკვირველია, მეც იქ სიტყვით გამოვედი. მეგაფონით ველაპარაკებოდი „ოცნების" ოფისში მყოფ ხალხს, მაგრამ ფანჯრებში არცერთი მათგანი არ გამოჩნდა. ვთქვი, რომ „ქართული ოცნება" ყველა ეტაპზე დამარცხდა, მათ მიჩქმალეს დავით სარალიძის მკვლელობის საქმე, მათ ჩაატარეს სამარცხინო სამთავრობო კომისია, სადაც პარლამენტის წევრები ეკა ბესელია, მდინარაძე, მარიამ ჯაში და ოდიოზური ოხანაშვილი საოცრად ცრუობდნენ და შემდეგ მათს სიცრუეზე აგებული დასკვნა პარლამენტის სხდომამ დაამტკიცა. ამას მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელშიც მასნ ტყუილები ილაპარაკა.
ერთ მეგრელს ჰკითხეს, როგორი რძალი გყავსო? მან უპასუხა „ტყვილი, ტყვილი, ტყვილი და სიგარეტი პირში." ახლა „ოცნება", ეს სატანისეული ძალა, კვდება, მაგრამ უარესი ძალა მოდის - ეს არის სააკაშვილი და მისი ბანდა.
როდესაც მიტინგი დასრულდა და მანქანაში ვჯდებოდი, ვიღაც ქალი მეცა და დამიწყო ჩხუბი, რომელიც მაშინვე ვიცანი გამსახურდიას დროს კარვის ქალები რომ იყვნენ, იმათ ჰგავდა. დამიბრახუნა ფანჯარაზე და დამიწყო ყვირილი „რატომ აგინებთ მიშას?" მე გავაღე მანქანის კარები და ამ ქალს უკმეხად ვუპასუხე და როგორც კახელები ამბობენ, „თავზე გადავახურე". იმ აქციაზე, რომელიც სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა გამართეს მთავრობის სასახლის წინ, ხალხიც და არასამთავრობოებიც იყვნენ, მაშინ აქ რატომ არ მოვიდნენ არასამთავრობოები? იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, თავიანთ მისიას საზოგადოებაში არასწორად აფასებენ. მათ ადრეც ველაპარაკე და ვუთხარი, რომ ჩემს აქციებზე, რომელთა ჩატარებასაც მე ვაპირებდი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, მოსულიყვნენ. მათ მიპასუხეს, პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არისო. ამასწინათ ვუყურე არაჩვეულებრივ თოქ-შოუს, რომელშიც სტუდენტებიც მონწილეობდნენ, მაგრამ როდესაც წამყვანმა დასვა კითხვა, მონაწილეობენ ისინი პოლიტიკაში თუ არა, სტუდენტებმა თქვეს, რომ პოლიტიკაში არ ერევიან, რამაც ძალიან შემაწუხა. რას ჰქვია არ მონაწილეობთ, საფრანგეთში სტუდენტებმა თავიანთი გამოსვლებით მთელი ეპოქა შექმნეს.
"რეზონანსი": არჩევნებზე რას ფიქრობთ?
გ.შ: სულ იმაზე ვფიქრობ, გამოფხიზლდება თუ არა ჩვენი ხალხი, თუ არა და ჩვენ წავაგებთ, მოვა სააკაშვილი და დაგაჯდებათ სულ ყველას თავზე. გამოდით სულ ყველა სახლებიდან. არჩევნებზე მისვლისას გადახაზეთ ყველა კანდიდატი - ჭკუათმყოფელი ხალხი ასე აკეთებს. ივანიშვილისა და სააკაშვილის უკან ჩანს სატანა.
„რ": ბოლო დროს საუბრობენ მესამე ძალის აუცილებლობაზე. ეთანხმებით?
გ.შ: უკანასკნელ დღეებში გაზეთებში წავიკითხე ერთი-ორი კაცის ინტერვიუ იდეით, რომ შევქმნათ მესამე ძალა. მე ამას უკვე ვაკეთებ - შევქმენი ასეთი ძალა - „ხალხის ნება". როდესაც გადავდექი, არ დავნებებულვარ, მოქმედების ფორმა შევცვალე, რადგან ამ წუმპეში როგორ უნდა მიმეღო პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა?!
თომას ჯეფერსონი თავის ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში ამბობს, რომ ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის. მაგრამ შემდეგ ის ხალხი, ვის ხელშიცაა ძალაუფლება, ირჩევს მთავრობას, რათა მათ აღასრულონ ხალხის მოთხოვნილებები და იმედები. როდესაც არჩეული მთავრობა არ ამართლებს ხალხის იმედებს, ხალხს შეუძლია, რომ ასეთი მთავრობა გადააყენოს ანუ დაითხოვოს.