თამარ შუკვანი
15.11.2018

 „ჩვენ დიასპორას საზღვარგარეთ, პრაქტიკულად, არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. ამის შედეგებს ის ადამიანები არცთუ დიდი ხნის შემდეგ მოიმკიან, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ ოღონდ საკუთარ სავარძლებს არ შეელიონ," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარების გადაწყვეტილებაზე, საარჩევნო ბანერებზე დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად „ქართული ოცნების" პარტიის ხელმძღვანელისა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სურათების გამოჩენის ფაქტსა და საპრეზიდენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგზე „რეზონანსი" პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს გაესაუბრა.

სოსო ცისკარიშვილი: არ გაგვიკვირდეს, თუკი 28 ნოემბერს მთელ ქვეყანაში მერლინ მონროს სურათებს გამოკიდებენ - ის უფრო ლამაზია და უფრო მიმზიდველი. რასაკვირველია, მერლინ მონროს გვერდზე ბიძინა ივანიშვილის პლაკატები მთელი ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველი იქნება.

ამბობენ სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობაიო. ახლა სახელსაც და თავსაც არაერთი პირი თავისი უაზრო და მავნებლური გამონათქვამებით პერნამენტულად იტეხავს, - შეჯიბრს იგებს ის, ვინც ბატონ ბიძინასთან უფრო ახლოს დაჯდება.

„რეზონანსი": საარჩევნო პლაკატებზე, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ივანიშვილისა და კობახიძის სურათების გამოჩენით მმართველ გუნდს რისი მიღწევა სურს?

ს.ც: არა მგონია სადმე, რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე არჩევნების წინ ასეთი რამ მომხდარიყოს, - ეს არის უკიდურესი ნერვიულობის შედეგი. ბატონ ბიძინას ბურანში ამყოფებენ.

არ ვიცი რა როლი შეიძლება ჰქონდეს ყოველივე ამაში იმ ადამიანს, რომელსაც უკვე დიდი ხანია 53%-იანი გამარჯვება ქალბატონი სალომესთვის უკვე გაცხადებული ჰქონდა? ეს ქართულ ვარიანტში არის "დიდი ტკივილი", ინგლისურად ეს ჟღერს - "ბიგ ვავა".

„რ": ცესკოს გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს ჩატარდება. როგორ შეაფასებთ აღნიშნულს?

ს.ც: „მეოცნებეთა" მამამარჩენალს დიდი ალბათობით მიაჩნია, რომ ამომრჩეველი ვერ მიხვდება არჩევნები რატომ ჩაინიშნა ოთხშაბათს და არა მაგალითად, შაბათს? ეს თემა თანდათან ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მზარდი იქნება და უფრო შორ ტერიტორიებზეც გავა. ეს არის პრიმიტიული ხერხი იმისა, რომ არ იყოს არანაირი შესაძლებლობა მეოცნებეებს ვინმემ აჯობოს.

„რ": თქვენ პირადად, რას ელოდებით 28 ნოემბერს?

ს.ც: ეს უკვე აღარ არის პრეზიდენტის არჩევნები, ეს გახლავთ რეფერენდუმი თემაზე: ვუღალატოთ ჩვენ ჯარისკაცებს, - აღარ გვჭირდება ჯარი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების იმედი არ ექნება, თუ პირიქით, ჩვენს გმირებს დაეხმარებიან, რომ არანაირი საფიქრალი არ დარჩეთ იმ უგნური გამონათქვამების გამო, რომელსაც ყოველდღიურად ვისმენთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×