ბიტკოინის ფასი დიდი სისწრაფით დაეცა. ტენდენცია ბოლო თვეების განმავლობაში იმდენად შეუქცევადია, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავება აზრს კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ღირებულება 5500 დოლარზე ჩამოვარდა, მის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ შეიმჩნევა. რაც შეეხება ეთერიუმსა და რიპლის, მათი ღირებულება უკვე იმდენად დაეცა, რომ საეჭვოა, გამომუშავების სურვილი ვინმეს საერთოდ შერჩეს.
კრიპტოვალუტის ფასი დროთა განმავლობაში კიდევ შემცირდება და მის მიმართ ინტერესი საერთოდ განელდება, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პერიოდში ფასი ცოტათი მაღლა შეიძლება დაიძრას. დღესდღეობით კი ბიტკოინის ღირებულება ბოლო 1 წლის მინიმუმზეა.
მსგავსი მაჩვენებელი (5500 დოლარი) ბოლოს 2017 წლის შემოდგომაზე აღინიშნა, 2018 წლის იანვარში კი პიკი იყო - 19000 დოლარი. გავრცელებული ინფორმაციით, ციფრული ვალტის მფლობელთა უმრავლესობამ აქტივების 10-20% გასული კვირის განმავლობაში დაკარგა, ხოლო ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 180 მილიარდ აშშ დოლარამდე ჩამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინ იგი 210 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ უახლოეს პერიოდში ბიტკოინი გააგრძელებს გაიაფებას, ხოლო გარკვეულ სიტუაციებში მისი ღირებულება, შესაძლოა, 3000 აშშ დოლარამდეც კი დაეცეს.
ფინანსისტები საუბრობენ სხვადასხვა მიზეზზე, რამაც ბიტკოინის ფასის კლება გამოიწვია. ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე მიმოიხილავს იმ მიზეზებს, რამაც კრიპტოვალუტის კურსზე იმოქმედა, თუმცა იქვე დასძენს, რომ ციფრულ ფულს უფრო დიდი მომავალი აქვს, ვიდრე ქაღალდის კუპიურებს.
"ბიტკოინის ფასის კლება სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. თავის დროზე სახელმწიფოებმა დააწესეს სანქციები, რადგან მასში დაინახეს ფინანსური საფრთხე. შემცირდა ვაჭრობა ევროპის ბაზრებზე, სამხრეთ კორეამ (სიდიდით მესამეა ციფრული აქტივებით) განაცხადა რეგულირების ახალი ღონისძიებების შესახებ და განაახლა ციფრული აქტივების გაყიდვა.
სხვადასხვა ფაქტორის გამო კრიპტოვალუტებმა ვერ შეძლეს ტრადიციულ ფულთან შედარებით უპირატესობის დამტკიცება, შედეგად, შემცირდა ტრანზაქციები. ცხადია, რომ იგი ვერ ამართლებს იმ აღქმასა და მოცემულობას, რომელიც კრიპტოვალუტების მიმართ ჩამოყალიბდა. მათ შორის შეიძლება აღინიშნოს ლიკვიდობის პრობლემა, საჯარო ტრანზაქციებში კანონიერი აღიარების პრობლემები, გაცვლის საშუალების ეფექტიანობა, შენახვის უსაფრთხოება, ღირებულების სტაბილურობის პრობლემები და სხვა.
კრიპტოვალუტების დაგროვებისა და საინვესტიციო საშუალებად მიღებისას გაჩნდა სამართლიანი შიში, ვინაიდან მისი მოდელი ფინანსური პირამიდის მსგავსია. მას ადარებენ საპნის ბუშტსაც. მთავრობის მიერ ფულის ციფრულ ფორმატში გამოშვებას უფრო დიდი მომავალი აქვს, ვიდრე კერძო და "გაურკვეველი" კომპანიების მიერ გამოშვებულ ფულს. ჯამში, კრიპტოვალუტას, როგორც ტექნოლოგიას, უფრო დიდი პერსპექტივა აქვს, ვიდრე როგორც ფულს", - ამბობს "რეზონანსთან" აბულაძე.
ამდენად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კრიპტოვალუტის მოპოვებამ მიმზიდველობა დაკარგა. ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბიტკოინის ფასი კიდევ შემცირდეს.
"მისი მოპოვება ამ ეტაპზე შემცირებულია, რადგან რთული გახდა ახალი ბიტკოინების გამომუშავება და ინტერესიც განელდა. ეს განპირობებულია იმითაც, რომ კრიპტოვალუტებთან მიმართებით ძალიან ბევრი თაღლითური სქემა ამუშავდა, რაც ეხება იაკოინებს, ტოტოკენებს და ა.შ. ანუ კრიპტოვალუტის ნაირსახეობებს, რომელთა გამოყენებითაც სტარტაპებისთვის კაპიტალს იზიდავდნენ. ამ შემთხვევაში ბევრი თაღლითური სქემა ამუშავდა და ინვესტორების ნდობა დაეცა.
გარდა ამისა, სხვადასხვა სახელმწიფომ გარკვეული რეგულაცია დააწესა და ფასზე ამანაც მოახდინა უარყოფითი გავლენა. ბევრ ქვეყანაში კრიზიული მომენტებია და დაბანდებამაც იკლო. უამრავმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი და ახლა უკვე თავს იკავებენ ინვესტირებისაგან, რამაც ბიტკოინის მიმზიდველობაზე უარყოფითად იმოქმედა", - აღნიშნა "რეზონანსთან" ხომიზურაშვილმა.
მისი თქმით, ციფროვალუტისთვის ის დრო დადგა, როცა მაინინგის ბიზნესი ნელ-ნელა კვდება და არარენტაბელური ხდება.
"ფაქტობრივად, ბევრმა დროულად შეწყვიტა ბიტკოინის გამომუშავება, შესაბამისად, ფასის დაღმასვლა გაგრძელდება. სპეკულაციური ოპერაციების საფუძველზე იყო ფასი გაბერილი და ახლა ნელ-ნელა დგება თავის კალაპოტში. მოსალოდნელია, რომ კიდევ შემცირდება მისი ღირებულება", - დასძინა ფინანსისტმა