ეკატერინე ბასილაია
16.11.2018

 "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიიდან გადამალვის ოპერაციას აგრძელებს, პირველი ტურის შემდეგ ჯერ მედიასა და ამომრჩევლებს ჩამოაშორა და ახლა უკვე საარჩევნო ბილბორდებიდანაც გააქრო. თბილისში ოთხშაბათ დილით ახალი საარჩევნო პლაკატები გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ფოტოებითა და მინაწერით: "სალომე ზურაბიშვილი 348". საარჩევნო ბილბორდებზე კი პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარიღაა დარჩენილი, რაც პოლიტოლოგებისთვის ღიმილის მომგვრელი აღმოჩნდა და შეფასდა როგორც ერთგვარი სატირული პიარსტრატეგია.

"შეთქმულების თეორიით თუ ახსნი ამას, რომ ავად სახსენებელ შკრიალოვს, რომელიც ვაშაძის შტაბის პიარტექნოლოგია, შეიძლება "ქართული ოცნების" შტაბში ჩანერგილი ჰყავს ვიღაც, ვინც ამ შტაბს პირდაპირ ხრამისკენ მიაქანებს. ეს იმდენად დიდი პაროდიაა, ამას პიარტექნოლოგიც არ სჭირდება. კანდიდატი საერთოდ გააქრო ბილბორდიდან და მის ნაცვლად სხვა იყოს ბანერზე, ასეთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში, არ მგონია, იყოს. ეს ქართული ნოუ-ჰაუა, შეიძლება გინესის წიგნში შესატანი ფაქტიცაა," - ამბობს გია ხუხაშვილი.

თავად "ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია.

გუშინ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთით გამოჩნდა დამწვრობის ცენტრში, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანები გადაიყვანეს და ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ არის ახალ საარჩევნო ბანერებზე გამოსახული, უპასუხა, რომ "აქ ამის ადგილი არ არის, სულ სხვა რამეზეა მოსული".

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რა არის განსაკუთრებული იმაში, რომ წინასაარჩევნო პროცესებში ბიძინა ივანიშვილიც ჩართულია და ახალ ბილბორდებზეც გამოჩნდა.

"თქვენ რა მიგაჩნიათ იმაში განსაკუთრებულად, რომ "ქართული ოცნება" როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს და ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში, მათ შორის მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც. სალომე ზურაბიშვილის ბანერები არ შეგიმჩნევიათ სხვაგან? არის ახალი ბანერები, არის სალომე ზურაბიშვილის ბანერებიც," - აღნიშნა ბახტაძემ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ზურაბიშვილმა პირველ ტურში ამოწურა თავისი რესურსი და ახლა მძიმე არტილერია - ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო აქტიურად, მოწოდებებითაც და ბილბორდებითაც.

"გამიჭირდება თქმა, რამდენად წარმატებულია მაინცდამაინც ბილბორდებზე ცვლილება, თუმცა როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ "ოცნების" განაწყენებულ თუ გულგატეხილ ამომრჩეველს, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე და სახლში დარჩა, ამ რესურსს გაწიონ მობილიზება და ამიტომ ახლა გამოუშვეს მძიმე არტილერია ივანიშვილის ხელმძღვანელობით. არ მგონია, ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძის ბილბორდი უფრო მომგებიანი იყოს, მაგრამ ეულად რომ არ დარჩენილიყო ივანიშვილი, გამოაჩინეს კობახიძეც და ამით "ოცნების" მხარდამჭერებს შეახსენეს, რომ მეორე ტურში არა ზურაბიშვილის, არამედ ივანიშვილის მხარდამჭერები უნდა იყვნენ და ხმა მისცენ 48-ს. ეს არის ჩადებული მთელ ამ კამპანიაში. ამ ერთ თვეში "ოცნება" რადიკალურად ვერაფერს შეცვლიდა და ეს სტრატეგია აირჩიეს, რომ მეტი ამომრჩეველი მიიყვანონ. ეს არის ხაზგასმა იმისა, რომ არჩევანი იყოს არა ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის, არამედ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის," - ამბობს ძაბირაძე.

 მისი თქმით, აქ ერთი რამ არის საინტერესო, მართალია, თავიდანვე ფორმალური იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისუფალი თუ დამოუკიდებელი კანდიდატია, მაგრამ ახლა თუნდაც ახალი ბილბორდებით ეს ფორმალურადაც გაქრა.

"გასაგებია, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან, მაგრამ ამას არავინ დაგიდევთ, ერთ ხმაზედაც კი მიდის დიდი ნადირობა," - დასძენს ძაბირაძე.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელმაც პირველი ტურის წინ "ოცნებას" რამდენჯერმე ერთგვარად რეკომენდაცია მისცა, სალომე ზურაბიშვილი გადაემალა, ახლა ერთგვარი ირონიით ამბობს, რომ მთლად ასე გადამალვაც არ ურჩევია.

ხუხაშვილის თქმით, ბილბორდებზე ივანიშვილის ფოტოების გამოსახვა და გვერდით ქალის სახელისა და გვარის მიწერა ძალიან დიდი სატირააა.

"მე ასეთი რამ არ მირჩევია, ეს სატირაა. თავი რომ გავანებოთ სალომე ზურაბიშვილს, ბიძინა ივანიშვილს და ბილბორდების სხვა ფიგურანტებს, მარკეტინგული სიბრიყვეა, როდესაც ბილბორდებზე წერია ქალის სახელი და ფოტოზე კაცია გამოსახული. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ეს ქვეცნობიერზე მხოლოდ ნეგატიურად მოქმედებს და ამან არ შეიძლება დადებითი განწყობა შექმნას. გასაგებია იდეა რაშიც იყო, მათ დაგეგმეს, რომ გამოეყენებინათ, მათი შეხედულებით, ავტორიტეტები კანდიდატის შესაძლებლობების გასაზრდელად, მაგრამ ასე არ ხდება. ბილბორდებზე კანდიდატთან ერთად უნდა გამოეყვანათ ეს ავტორიტეტები რაღაც ფორმაში, თუ ერთად ფოტოს გადაღება ვერ მოახერხეს, დაემონტაჟებინათ მაინც. ამას არც უნდა დიდი სპეციალისტობა, უკიდურესი არაპროფესიონალიზმია," - ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ "ქართული ოცნება" ყოველდღიურად ქმნის საკუთარი ოპონენტებისთვის ძალიან დიდ სივრცეს პოლიტიკური სატირისთვის.

"სატირა ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე კომპრომატი. არ ვიცი, ეს რატომ არ ესმით?! ყოველდღე ქმნიან საფუძველს, რომ მათი მოქმედებების პაროდირება მოხდეს. რატომ აკეთებენ ამას, რაციონალური არგუმენტებით ამის ახსნა არ შემიძლია. ერთადერთი, შეთქმულების თეორია შემიძლია განვავითარო, რომ ავად სახსენებელ შკლიაროვს, რომელიც ვაშაძის შტაბის პიარტექნოლოგია, შეიძლება "ქართული ოცნების" შტაბში ჩანერგილი ჰყავს ვიღაც, ვინც ამ შტაბს პირდაპირ ხრამისკენ მიაქანებს. ეს იმდენად დიდი პაროდიაა, ამას პიარტექნოლოგიც არ სჭირდება, კანდიდატი საერთოდ გააქრო ბილბორდიდან და მის ნაცვლად სხვა იყოს ბანერზე, ასეთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში, არ მგონია, იყოს. ეს ქართული ნოუ-ჰაუა, შეიძლება გინესის წიგნში შესატანი ფაქტიცაა," - აცხადებს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×