მარიამ კუპატაძე
16.11.2018

 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 10 583 022 ლარი გამოიყოფა, - „ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, აქედან 10 034 572 ლარი არჩევნების ჩატარებას მოხმარდება. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 167,000 ლარი დაიხარჯება. ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 381,450 ლარია გათვალისწინებული.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების 1-ელი ტურის ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42 667 518 ლარი იყო გამოყოფილი. აქედან 32 127 177 ლარი არჩევნების ჩატარებაზე; 1 190 617 ლარი არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებაზე; 2 111 674 მილიონი ლარი საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებაზე იყო გათვალისწინებული. ამასთან, 10 აგვისტოს დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 7 238 050 ლარი უნდა დახარჯულიყო.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ლევან ბოძაშვილი ინიციატივით გამოდის, არჩევნების თარიღი კონსტიტუციით განისაზღვროს.

ექსპერტის თქმით,არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარება შესაძლოა შემაფერხებელი იყოს ემიგრანტებისთვის. როგორც ლევან ბოძაშვილმა აღნიშნა, მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, არჩევნები ბლოკჩეინით უნდა ჩატარებულიყო.

„არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარებაში პრობლემას ვხედავ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებში, რომლებიც არიან აღრიცხვაზე და რომლებსაც შეიძლება ხელი შეეშალოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში. იმისთვის, რომ ეს პრობლემები არც ახლა და არც მომავალში არ ყოფილიყო, ჩემი ინიციატივა იყო, რომ ბლოკჩეინით ჩატარებულიყო არჩევნები და ადამიანები სახლიდან გაუსვლელად მისცემდნენ ხმას და ეს იქნებოდა დაცული," - აღნიშნა მან.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დაინიშნა. ცესკოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ. გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის, რომ არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×