17-18 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე იქნება, ღამით კი 0 გრადუსამდე დაიკლებს. მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
ნალექიანი ამინდი ნარჩუნდება უახლოესი 3 დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში. 17 ნოემბერს კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +4 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთის მაღალმთიანეთის მსგავსად თოვლჭყაპია მოსალოდნელი დასავლეთის მაღალ მთაშიც.
თბილისში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა 17-18 ნოემბერს დღის საათებში +11, +12 გრადუსამდე იქნება, ღამით კი 3 გრადუსამდე დაიკლებს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე, მცხეთა-სატეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან (ფოსტა) - 107-ე კილომეტრამდე (კობი) ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება არის აკრძალული. მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ორი და მეტი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.
საავტომობილო გზების დეპარტლამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.