„ჩვენ „ქართულ ოცნებას" მივავიწყდით და ახლა გავახსენდით, - ძველი გვარდიის საჭიროება ყოველთვის იყო და არ ვითხოვდით რაღაც თანამდებობებს. უბრალოდ, გვსურდა ჩვენი გამოსვლები და გვერდში დგომა გამოეყენებინათ. არც გულმოსულები და არც გაბრაზებულები არ ვართ, - გულნატკნები ვართ, რომ აქამდე მივიდა საქმე," - აცხადებს მმართველ გუნდზე „გულნატკენი" ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
ამჟამად ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე და ძველი გვარიდია „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული. „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი „ქართულ ოცნებაში" ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ საბრძოლველად - ამის შესახებ ჩიქოვანმა „ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მეორე ტურის წინასაარჩევნოდ კიდევ რომელი ძველი სახე შეიძლება დაბრუნდეს „ქართულ ოცნებაში" და კონკრეტულად რას შეცვლის მათი დაბრუნება, „რეზონანსი" ყოფილ დეპუტატს, ომან ნიშნიანიძეს გაესაუბრა.
ომარ ნიშნიანიძე: საქართველოს სჭირდება სტაბილურობა, განვითარება, - ეს ჩვენც კარგად ვიცით და რა თქმა უნდა, ამისათვის დავირაზმებით. პარტიიდან არავინ შემხმიანებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაქსიმუმს არ ჩავაქსოვ იმ საქმეში, რასაც მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ჰქვია.
არავინ გამოიყენა ის რესურსი, რაც ჰქონდა - უამრავი შეცდომა არსებობს, მაგრამ ეს საკითხი შეხვედრებზე დადგება. ხელისუფლებამ იგრძნო და გააკეთებს, თუ არადა ძვირი დაუჯდება. ჩვენ „ქართულ ოცნებას" პასუხს მოვთხოვთ, მაგრამ თუკი „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა, მათ პასუხს ვერ მოვთხოვთ. ისინი აქეთ მოგვთხოვენ პასუხს და დააყენებენ სისხლის კალოს. მე ეს ვიცი, ჩემთვის უთქვამთ. გადამიტანია ეს მე პირადად და სხვა უამრავ ადამიანსაც.
კეთილი ინებოს „ქართულმა ოცნებამ" და თავისი საქმე გააკეთოს, - პარტია, როგორც ასეთი, არ არსებობდა. მივესალმები იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმეს ჩაუდგება. შესაძლოა პარტიული მშენებლობაც დაიწყოს. ბიძინა ივანიშვილი ტყუილს არასდროს ამბობს, ის ყოველთვის გულწრფელია, - ერთ წელიწადში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. 28 ნოემბერს 48 ნომერმა უნდა გაიმარჯვოს.
„რეზონანსი": რა ფორმით ბრუნდებით „ქართულ ოცნებაში" და კიდევ ვინ შეიძლება დაბრუნდეს?
ო.ნ: არ ვიცი „ქართულ ოცნებაში" რა ფორმით დავბრუნდები, თუმცა სახალხო მოძრაობაში ჩართული ვარ თავიდან ბოლომდე და ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ. არა მარტო ყოფილი პარლამენტარები, ყოფილი ჩემი თანამებრძოლებიც არიან ამ მოძრაობაში ჩართულნი.
ძველები ყველა ბრუნდებიან. ვიცი ადამიანები, ვინც „ევროპულ საქართველოსა" თუ სხვა პარტიებს მისცა ხმა, მაგრამ ახლა ისინიც ჩვენ გვერდით არიან იმისთვის, რომ ერთად შემოვაბრუნოთ ეს ყველაფერი.
განწყობა ძალიან დადებითია და სწორედ ეს აშინებს „ნაციონალურ მოძრაობას," - გვარამიასა და სააკაშვილს სურთ რევოლუციური გზით წაიყვანოს ეს საარჩევნო გარემო, ამის გამკეთებელნი ნამდვილად არიან.
„რ": რა მოხდება 28 ნოემბერს?
ო.ნ: 28 ნოემბერს ჩვენ მივიღებთ სულ სხვა შედეგს, - პირველი ტურისგან სრულიად განსხვავებულს. მართალია მარტივად არ არის საქმე, მაგრამ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. ყოველდღიურად უფრო მეტ მხარდაჭერას ვგრძნობთ.