ბიუჯეტი სოციალური პროექტებით გადაიტვირთა. 13-მილიარდიანი ბიუჯეტიდან ლამის ნახევარი სოციალური პროექტებისთვის დაიხარჯება, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის შეიძლება ზიანის მომტანის აღმოჩნდეს. ასეთი მიდგომით ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შენელდება და ვერც სოციალური პრობლემა მოგვარდება.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, საბიუჯეტო სუბსიდია გაიზრდება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მოიმატებს პენსია და რიგი სახელმწიფო მოხელეების ხელფასები და გაიზრდება სიღარიბეში მცხოვრები მოზარდების შემწეობის თანხაც. კერძოდ, 20-ლარიან სუბსიდიას ყოველთვიურად მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე ის პირი მიიღებს, რომელსაც ოთხი 18 წლამდე შვილი ჰყავს. თუ პირს 4-ზე მეტი შვილი ჰყავს, ყოველ მომდევნო შვილზე, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის გათვალისწინებით, დამატებით არა უმეტეს 10 ლარს მიიღებს.
რაც შეეხება ხელფასებს, მომდევნო წლიდან ანაზღაურება რიგ სახელმწიფო მოხელეებს ეზრდებათ. 2019-2020 წლებში 7 526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება.
პრემიერის ინფორმაციით, 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალსაც. ასევე იანვრიდან იგეგმება ხელფასის ზრდა სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც.
2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს.
მომდევნო წლიდან იზრდება სიღარიბეში მცხოვრები არასრულწლოვნების დახმარებაც. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას. აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.
მთავრობის განცხადებით ეს ნაბიჯები "იუნისეფის" კვლევის საპასუხოდ გადადგეს, რომელი თანახმადაც 2014-16 წლებში საქართველოში სიღარიბე გაიზარდა.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სოციალური პროქტების ჩამოკიდება ბიუჯეტისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის. ანალიტიკოსი რამაზ გერლიანი ვარაუდობს, რომ ამით მშპ-ს ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაიკლებს.
,,2019 წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი სოციალური პროექტებისკენაა მიმართული, რაც მაინც და მაინც სასურველი არ არის. მისი ეკონომიკური ეფექტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა მიმართულებებზე დასახარჯი რესურსი. მეორე მხრივ, რა წილიც უკავია სოციალურ პროქტებს და ჯანდაცვას, ესეც არსაკმარისია.
პირდაპირ საფრთხე ასეთ მიდგომას თან არ სდევს, მაგრამ ეკონომიკური რისკი ნამდვილად არის. ამით გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემა შეიქმნება, რადგან განვითარება შენელდება. ალბათ, საფრთხილო უფროა, ვიდრე უშუალოდ საფრთხე, რადგან ეკონომიკური ზრდისთვის შემაფერხებელია", - ამბობს "რეზონანსთან" გერლიანი და დასძენს, რომ მოჭარბებული სოციალური ხარჯი სიღარიბეს ვერ შეამცირებს.
"სოციალურ პროექტებზე თანხის ზრდას "თევზის დარიგების" ეფექტი აქვს. სიღარიბის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური აქტივობით, ეკონომიკას კი ეს რესურსი არ ხმარდება. ცუდია, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი სოციალური მიმართულებით იხარჯება. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის დროს ვკარგავთ", - ამბობს რამაზ გერლიანი.
ანალოგიური მოსაზრებისაა ეკონომისტი ლევან ქისტაური, რომელიც ფიქრობს, რომ ბიუჯეტის სოციალური პროექტებით დატვირთვა ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არ ემუქრება, მაგრამ რეალური სექტორის განვითარებას აფერხებს.
"სოციალური პროექტებისთვის დაახლოებით 5,5 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ბევრია თუ ცოტა, რთული სათქმელია, რადგან ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია. სოციალური დახმარების მიმღებს თუ ვკითხავთ, არც ეს არის საკმარისი, მაგრამ მთავრობის მხრიდან ასეთი მიდგომა ეკონომიკური წინსვლისთვის ნაკლები ეფექტის მომტანია. მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება, მაგრამ რეალური სექტორის განვითარებას დააკლდება ფული და ამ მხრივ ნამდვილად ცუდი ტენდენცია იკვეთება. ბალანსის შერჩევა საკმაოდ ძნელია.
ხელისუფლებამ სოციალური ორიენტირი აიღო და ეს დაეტყო ბიუჯეტსაც, რომელსაც უფრო სოციალური ელფერი დაჰკრავს. ცხადია, ეს პრობლემას ვერ აღმოფხვრის, მაგრამ დახმარების მიმღები ოჯახების ყოფას ასე თუ ისე შეამსუბუქებს", - აღნიშნა "რეზონანსთან" ლევან ქისტაურმა.