საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო ხშირად იმართება კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული შეხვედრები და აქციები. „რეზონანსი" შეეცადა იმის გარკვევას, აპირებენ თუ არა „გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ წარმოდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ან დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და მისი მხარდამჭერი „ქართული ოცნება" მასშტაბური აქციის ჩატარებას არჩევნებამდე.
„ნაცმოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ პარტია 23 ნოემბერს, გიორგობაზე ვარდების რევოლუციის 15 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში მასშტაბური აქციის გამართვის შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ხვალ იქნება მიღებული.
„დღეს ამ თემაზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. ხვალ იწყება არჩევნების წინ ბოლო ეტაპის დაგეგმვა და, ალბათ, იქ გადავწყვეტთ როგორ მოვიქცევით", - ამბობს სამადაშვილი.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი და დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი დეპუტატი ნუკრი ქანთარია აღნიშნავს, რომ შეხვედრები და მსგავსი აქციები უკვე მიმდინარეობს რეგიონებში და ეს შეუფერხებლად გაგრძელდება.
„ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში შეხვედრებს ვატარებთ, ახლახანს ახალქალაქშიც იყო მხარდამჭერი კონცერტი და მოქალაქეებთან შეხვედრა. ეს გაგრძელდება, ერთჯერადი არ იქნება და გაიმართება სხვადასხვა ადგილას.
„ყველა აქცია, ფაქტობრივად, ფართომასშტაბიანია. მოქალაქეებთან, ჩვენს საზოგადოებასთან შეხვედები გაგრძელდება და ეს იქნება ფართომასშტაბური პროცესი. არ იქნება სალონური შეხვედრები. მაგრამ ჩვენი კანდიდატი ასევე შეხვდება გარკვეულ პროფესიულ ჯგუფებსა თუ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს. მაგრამ პარალელურად იმართება მასშტაბური აქციები ყველგან", - ამბობს ნუკრი ქანთარია.