"ოცნება" საკუთარი პრესტიჟისთვის იბრძვის, "ნაცმოძრაობა" - მისი პოლიტიკური რეამინირებისათვის
თამარ შუკვანი
19.11.2018

 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე 9 დღე დარჩა და დაძაბულობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ორი დაპირისპირებული მხარე ყველა შესაძლო ხერხით ცდილობს ერთმანეთის დემონიზებას და იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ამ არჩევნების შედეგს მათთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

რატომაა ეს არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როდესაც ახალ პრეზიდენტს უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შეკვეცილი ექნება? კონკრეტულად რა შეიძლება წყდებოდეს ამ არჩევნებით? ამასთან დაკავშირებით "მთელი კვირა" ანალიტიკოსებს ესაუბრა.

რამაზ საყვარელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, იგი მთელი სახელისუფლებო სტრუქტურის შეცვლას მოინდომებს და შესაძლოა, სცენრამა ქუჩაში გადაინაცვლოს, "ქართულ ოცნებასაც" სწორედ ეს აწუხებს.

"ორთაბრძოლის დროს ორივე გუნდი იბრძვის, იმედიც აქვს და ეშინია კიდეც. დამარცხება არ უნდა "ქართულ ოცნებას", დამარცხება არ უნდა არც "ნაციონალურ მოძრაობას", რადგან ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე წყდება საკითხი, "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაცია მოხდება თუ არა.

"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის სავარძელს თუ მიიღებს, მთელი სახელისუფლებო სტრუქტურის შეცვლას მოინდომებს, მათ შორის ქუჩის აქციებით, ანუ დესტაბილიზაციით, რაც მათმა კანდიდატმაც განაცხადა," - აღნიშნა საყვარელიძემ.

ნიკა ჩიტაძე "ნაციონალური მოძრაობის" რევოლუციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ თუკი "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება, ეს მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება.

"შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების გზით დაბრუნდეს ხელისუფლებაში, თუ "ოცნება" აღიარებს არჩევნების შედეგებს და ვაშაძე პრეზიდენტი გახდება, რევოლუციის გზით კი ვერ დაბრუნდება.

"2003 წელს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და "ვარდების რევოლუცია" ამიტომაც მოხდა. ტერორსა და რევოლუციას ვერ დაიწყებს "ნაციონალური მოძრაობა". "ქართული ოცნება" საკუთარ პრესტიჟს უფრთხილდება და ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეიძლება სამოქალაქო ომი დაიწყოს. როგორ შეიძლება ომი დაიწყოს მაშინ, როდესაც არანაირი შეიარაღებული დაჯგუფება გაერთიანებული ოპოზიციის მხარეს არ არის? აქ არ არის მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირება ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის, დაპირისპირება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის," - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

კორნელი კაკაჩიას აზრით კი, "ნაციონალურ მოძრაობას" რევოლუციის თავი არა აქვს და ერთადერთი, რაც შეიძლება მმართველ გუნდს აღელვებდეს, ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია.

"თუკი "ქართული ოცნების" კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს, ეს ხელისუფლებისთვის დიდი ტრაგედია არ იქნება. მისთვის მთავარია კონცენტრაცია 2020 წლისთვის.

"ასეთი აჟოიოტაჟის ასატეხი თითქოს არაფერია, მაგრამ მათ ეშინიათ, ამ არჩევნებში დამარცხებას არ მოჰყვეს მთლიანად რეჟიმის ცვლილება 2020 წელს და "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.

"არ მგონია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" რევოლუციის თავი ჰქონდეს, ან ვინმე სხვას. არ მგონია, რომ საზოგადოება მხარს უჭერდეს რევოლუციას. "ოცნებას" ეშინია, რომ 2020 წლის არჩევნების წინ ოპოზიციას მიეცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობა გამარჯვებისთვის," - აღნიშნა კაკაჩიამ.

რეალურად, რა შეიძლება წყდებოდეს ამ საპრეზიდენტო არჩევნებით? საყვარელიძის აზრით, ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რევოლუციური სცენარი კვლავ გაიმეოროს, რის აცილებასაც ხელისუფლება ცდილობს.

"საკითხი ასე რომ არ იდგეს "ნაციონალების" მხრიდან, მაშინ ალბათ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლიდა, ბრძოლა მხოლოდ საპრეზიდენტო უფლებამოსილებისთვის იქნებოდა და არა მთლიანად სახელისუფლებო ძალაუფლებისთვის.

"ქუჩის პროცესები, მგონია, რომ არა მარტო "ქართული ოცნებისთვის", წესით, რიგითი მოქალაქეებისთვისაც არ უნდა იყოს სასურველი. "ქართულ ოცნებას" მიაჩნია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიძლება ისევ რევოლუციის სცენარით იმოქმედოს და ის ამ სცენარს ებრძვის," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ჩიტაძის აზრით კი, ხელისუფლება პრესტიჟს უფრთხილდება და სწორედ ამიტომაც სურს, მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს. იგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც არ გამორიცხავს, რაც შესაძლოა, ხალხის ნებიდან გამომდინარეობდეს.

"თუკი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა, "ქართული ოცნება" მთავრობაზე კონტროლს მაინც შეინარჩუნებს, ამასთანავე, საკონსტიტუციო უმრავლესობაც აქვს. მგონია, რომ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებს განიხილავს, როგორც საკუთარი პრესტიჟის საკითხს - გაიმარჯვოს იმ კანდიდატმა, რომელსაც მხარს უჭერს. თუკი ზურაბიშვილი დამარცხდება, ეს ფაქტი "ქართული ოცნების" პრესტიჟზე ნეგატიურად იმოქმედებს.

"ასევე, ნათლად გამოჩნდება, რომ საზოგადოება ოპოზიციურ ძალებს მხარს უჭერს და "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, რაც შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საფუძველი გახდეს, რასაც თავისი სამართლებრივი პროცედურები აქვს. თუმცა გარკვეული პოლიტიკური თუ სამართლებრივი ბერკეტები მაინც არსებობს, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვოს, დღევანდელი რეიტინგით კი "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება.

"თუკი საპარლამენტო არჩევნებში "ოცნება" დამარცხდა, ეს ხელისუფლება რაღაც კონკრეტული დროისთვის დამთავრდება. თუკი მაღალი კულტურის ადამიანი ხარ, შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს შესაძლო მოსალოდნელი დამარცხება. "ქართული ოცნებისთვის" საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება არ უნდა იყოს ტრაგედია, პირიქით, მათ კონცენტრაცია საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მოახდინონ, თუკი ხელისუფლებაში დარჩენა სურთ," - აღნიშნა ჩიტაძემ.

კაკაჩიას განმარტებით კი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური "გენერალური რეპეტიციაა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და სწორედ ამ არჩევნებით განისაზღვრება, ვინ შეიძლება გაიმარჯვოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

"ეს არჩევნები გააზრებულია, როგორც გენერალური რეპეტიცია 2020 წლის არჩევნების წინ. ოპოზიციისთვის ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გაზომოს, რამდენად დიდია მისი მხარდაჭერა. ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს მისი მაღალი რეიტინგი, რაც პირველ ტურში ვერ დადასტურდა. ამიტომაც არის ასეთი გააფთრებული ბრძოლა.

"ორივე მხარე ცდილობს, რომ ერთმანეთის დემონიზაცია მოახდინოს. ამიტომაც გვაქვს ეს დაპირისპირება მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×