ეკატერინე ბასილაია
19.11.2018

 პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ "ნაციონალების" დროს არსებული ბევრი ცუდი რამ კარგად აითვისა "ოცნებამ" და ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რაც სხვისი არ მოგწონს, თვითონ რატომ უნდა გააკეთო?! მისი აზრით, "ოცნებას" ქრონიკული ავადმყოფობა სჭირს და ვერა და ვერ მოაბა თავი ნორმალური პიარსამზარეულოს ჩამოყალიბებას.

"მაგალითად, პიარ-მექანიზმი "ნაციონალებთან" მუშაობს, "ოცნებაში" კი ჯერ არ იგრძნობა ხოლმე და თუ ჩაირთო მექანიზმი, გადმოაგდებს დაახლოებით ისეთ რამეს, როგორიც ეს ბილბორდებია. დასანანია, ამხელა პოლიტიკურ ორგანიზაციას ასეთი დაბალი ხარისხის პიარმექანიზმები რომ აქვს," - ამბობს საყვარელიძე.

"მთელი კვირა": კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი და ერთგვარად სარკასტული განხილვის თემა იყო საარჩევნო ბილბორდებიდან გამქრალი სალომე ზურაბიშვილის ფოტო და მის ნაცვლად "ოცნების" ლიდერების გამოსახვა. თქვენი აზრით, წარმატებულია ეს პიარსტრატეგია?

რამაზ საყვარელიძე: რა თქმა უნდა, ეს არ იყო წარმატებული სვლა. ანალოგიური ტიპის პიარსვლებს პიარტექნოლოგები აკეთებენ, როდესაც ბილბორდებზე კანდიდატი გამოჰყავთ ამა თუ იმ ჯგუფთან ერთად, ოღონდ, როგორც წესი, კანდიდატთან ერთად არის ეს ჯგუფი - მოსახლეობისთვის უფრო მეტად მისაღები და მაღალი რეიტინგის მქონე პირები. ამიტომ ძალიან ხშირად ასეთ ბილბორდებზე ფიგურირებენ ხელოვანები, სპორტსმენები, სახელიანი ადამიანები, იშვიათად პოლიტიკური ფიგურები.

ანალოგიური, ინტელიგენციასთან ერთიანობის დემონსტრირებით მოიგო ნაწილობრივ, მაგალითად, ელცინმა თავის დროზე არჩევნები, როდესაც საწყის პოზიციაზე 6% ჰქონდა მხოლოდ და ბოლოს 60%-ით დაამთავრა. ასეთი რამ კი, რომ ბილბორდზე კანდიდატი საერთოდ არ იყოს, არ მინახავს და ლოგიკაც გაუგებარია.

"მ.კ.": ამის გამო "ფეისბუქში" ძალიან ბევრი ქილიკია და ალბათ დამსახურებულადაც.

რ.ს.: კი, ასეა. ეს იმ ქრონიკული ავადმყოფობის ბრალია, რაც "ოცნებას" სჭირს - ვერა და ვერ მოაბა თავი ნორმალური პიარსამზარეულოს ჩამოყალიბებას. მაგალითად, პიარმექანიზმი "ნაციონალებთან" მუშაობს, "ოცნებაში" კი ჯერ არ იგრძნობა ხოლმე და თუ ჩაირთო მექანიზმი, გადმოაგდებს დაახლოებით ისეთ რამეს, როგორიც ეს ბილბორდებია. დასანანია, ამხელა პოლიტიკურ ორგანიზაციას ასეთი დაბალი ხარისხის პიარმექანიზმები რომ აქვს.

"მ.კ.": კვირის მეორე მთავარი თემა იყო, აღმოჩნდებიან თუ არა ქართველი სამხედროები ჰააგის სასამართლოში ბრალდებულის სკამზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ თეა წულუკიანმა ამაზე მიანიშნა, "ოცნება" კი პასუხად ამბობს, რომ "ნაციონალები" ჯარისკაცების თემით სპეკულირებენ და მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის. თქვენი აზრით, ჯარისკაცები არა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რომ აღმოჩნდეს ჰააგის ტრიბუნალის წინაშე, ამის სურვილი "ოცნებას" აქვს?

რ.ს.: ჯარისკაცებს რამდენად შეიძლება შეეხოს, მინდა, ამით დავიწყო. ყველაზე მასშტაბური სასამართლოს ისტორიაში, ნიურნბერგის პროცესს ვგულისხმობ, უმაღლეს გენერალიტეტს დააკისრეს პასუხისმგებლობა, დაბალი დონის ოფიცრებზე კი ლაპარაკიც არ იყო. ამგვარი პროცესები სამხედრო დანაშაულის გამო ჯარისკაცის თემით არ იმართება და დგება ბრძანების გამცემის პასუხისმგებლობის საკითხი არა ბრძანების შემსრულებლისა.

გარდა ამისა, ჩემი აზრით, საყურადღებოა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო გარკვეული პერიოდის შემდეგ გააქტიურდა და ჰააგის ამ ინიციატივის გამოვლენა დროში საკმაოდ ახლოსაა იმ პერიოდთან, როცა რუსეთის მიმართ დასავლეთი კრიტიკული გახდა. ამიტომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ჰააგაც დაინტერესებული იქნება რუსეთთან ანგარიშის გასწორებით.

რუსეთი არის იმ მასშტაბის ქვეყანა, რომლის დანაშაულს ყურადღებას მიაქცევენ, საქართველო კი ასეთი მასშტაბის ქვეყანა არ არის.

"მ.კ.": ჰააგას რა შეიძლება აინტერესებდეს, ამაზე კი არ არის საქართველოში დებატები, არამედ იმაზე, დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს თუ არა ჰააგის მეშვეობით ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების გასამართლებას. მაგალითად, ეკა ბესელიამ თქვა, რომ უკანონო ბრძანების გამცემ პირებზე შეიძლება მსჯელობა და, თქვენი აზრით, "ოცნება" მხოლოდ განცხადებების დონეზე, შიდა მოხმარებისთვის ამბობს მსგავს რაღაცებს, თუ მართლაც აქვს სურვილი, ჰააგაში სააკაშვილი გაასამართლონ?

რ.ს.: მათი განცხადებების გარდა, მე მეეჭვება, რომ თვითონ ობიექტურმა რეალობამ მოასურვოს მათ ამდაგვარი რამ. იმიტომ, რომ ანალოგიური ტიპის გამწვავების, "ნაციონალების" ხელისუფლების პასუხისმგებელი პირების სასამართლოზე წარდგენის შემთხვევაში შიგნით ამუშავდება მთელი ეს პოლიტიკური პიარმანქანა, რომელიც ახლაც მუშაობს და რომელთან გამკლავებაც, როგორც ვხედავთ, ხელისუფლებას უჭირს. ამას კიდევ დაემატება საგარეო პოლიტიკური პიარმანქანა, იგივე ევროპის სახალხო პარტია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებისთვისაც მხოლოდ რუსეთის დანაშაულზე ლაპარაკი არის მიზანშეწონილი, ხოლო საქართველოს დანაშაული რომ გახდეს მსჯელობის საგანი, ეს მათთვის პრინციპულად მიუღებელია.

ამდენად, ასეთ რთულ სიტუაციაში, სირთულეების წინაშე აღმოჩნდება ხელისუფლება. ამიტომ მათთვის მეტისმეტად გართულებული ვერსიაა ქართული მხრიდან სასამართლოზე ვინმეს წარდგენა.

"მ.კ.": არჩევნების სამუშაო დღეს, ოთხშაბათს, დანიშვნის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ და იხსენებენ, თავად ივანიშვილი სააკაშვილს როგორ აკრიტიკებდა 2012 წელს არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის გამო და აცხადებდა, რომ ამით ემიგრანტებს ექმნებოდათ დაბრკოლება. რატომ იქცევა "ოცნება" ასე?

რ.ს.: მეეჭვება, რომ ხმის მიცემის დაბრკოლება ყოფილიყო გადამწყვეტი მოტივი, რადგან მართლაც 2012 წელი აჩვენებს, რომ თუ გული გულობს, ამომრჩეველს ვერაფერი აჩერებს, გადამწყვეტი ხმების რაოდენობას გამარჯვებისთვის კანდიდატი მაინც აიღებს.

მე არ ვიცი, რამდენად მაქვს მორალური უფლება, რამდენად მიზანშეწონილია ის ვერსია, რასაც გაგიზიარებთ, მაგრამ ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყო ის, რომ ორივე კვირა დღე უკავშირდება იმ დაღუპულ ახალგაზრდებს, რომელთა კარვებიც დღეს რუსთაველზე დგას.

"მ.კ.": თუ 2 დეკემბერზე გაქვთ საუბარი, როდესაც ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა, 1-ლ დეკემბერს, შაბათს ჩაეტარებინათ არჩევნები, რა უშლიდათ ხელს?! აქ საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილი რის გამოც აკრიტიკებდა სააკაშვილს, როცა დასჭირდა, თავადაც იგივე გააკეთა.

რ.ს.: კარგით, ავიღოთ ეს ვერსია - რომ იმეორებს იმავე მიზეზით, რათა მოსახლეობას გაურთულოს არჩევნებზე მისვლა. მაგრამ ეს ხომ "ოცნების" ამომრჩეველსაც გაურთულებს საქმეს და ხომ ნახეს, რომ ის 50%, რომელიც დასვენების დღეს არ წავიდა არჩევნებზე, ძირითადად "ოცნების" ამომრჩეველი იყო. ასე რომ, თუკი ოდნავ სირთულე შეიქმნა, თუ ვინმე დაკარგავს ხმებს არჩევნებზე, სწორედ "ოცნების" ამომრჩეველი დაკარგავს და არა "ნაციონალების" ამომრჩეველი, რომელიც მობილიზებულია და მონდომებულია საიმისოდ, რომ გადალახოს ყველა ბარიერი.

"მ.კ.": გამოდის, რომ ივანიშვილი 2012-ში სპეკულირებდა, როცა ემიგრანტების დაბრკოლებაზე საუბრობდა, ან ახლა იყენებს იმ ხერხს, რა ხერხსაც სათავისოდ იყენებდნენ "ნაციონალები".

რ.ს.: რაც მოგახსენეთ, ეს არითმეტიკა არის დამაჯერებელი? სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნით ალბათობა იზრდება იმისა, რომ სწორედ "ოცნების" ხალხი არ მივიდეს და არა "ნაციონალებისა", რომელიც მოტივირებულია. თუ ამ ლოგიკიდან გამოვალთ, ეს წამგებიანია "ოცნებისთვის".

რაც შეეეხება მაშინდელ რიტორიკას, პოლიტიკაში ასეთი ფრაზები არც ისე იშვიათია. სიტყვის მასალად რომ თქმულიყო, დიდად არ გამიკვირდებოდა. ივანიშვილმა იპოვა დასარტყამი წერტილი და დაარტყა.

"მ.კ.": რამდენად მისაღებია, რაც "ნაციონალებში" არ მოსწონდა "ოცნებას", ზუსტად იმავეს თავადაც რომ იმეორებს?

რ.ს.: ეს ერთი ფრაგმენტია ასეთი?

"მ.კ.": არა, საზოგადოებაც მიიჩნევს, რომ "ნაციონალების" დროს არსებული ბევრი ცუდი რამ კარგად აითვისა "ოცნებამ".

რ.ს.: კი, ასეა. გეთანხმებით, რომ რაც სხვისი არ მოგწონს, თვითონ რატომ უნდა გააკეთო. ბევრი პრობლემა გროვდება და ამ პრობლემებში ეს ერთ-ერთი ფრაგმენტია. თავის ნათქვამს რომ ივიწყებს ადამიანი, ამის მიზეზი პოლიტიკური გამოუცდელობაა და თუ არ ივიწყებს, დამატებით განმარტებას რომ არ იძლევა, რათა დამაჯერებელი იყოს მისი ნაბიჯი, ესეც პოლიტიკური გამოცდილებისა და პოლიტიკური ინტუიციის დიდი დეფიციტის შედეგია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×