„ეს კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ პოლიცია სხვა სტრუქტურებზე უფრო ეფექტურად ერევა ძალადობის აღკვეთის პროცესებში და ეს მაჩვენებელი ამით არის გამოწვეული. ამ მხრივ სიტუაცია გარკვეულწილად გაუმჯობესებულია, რადგან მოსახლეობის ნდობა მაღალია," - ევროსაბჭოს კვლევას, რომლის მიხედვითაც საქართველოში დისკრიმინაციის შემთხვევებზე პოლიციისადმი ნდობა მაღალია, „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აფასებს.
პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" ფარგლებში ევროსაბჭოს დაკვეთით, კვლევითმა ორგანიზაციამ „სიარარსი"-მ კვლევა 2018 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში ჩაატარა.
დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა საქართველოში კვლავ პრობლემურ საკითხთად რჩება საქართველოში. ამას ადასტურებს უმცირესობებისმიმართ, სავარაუდოდ, მტრული დამოკიდებულბებით მოტივირებული გახმაურებული შემთხვევები, როგორიც არის, ამა წლის წლის ინციდენტი, რომლის დროსაც თბილისში მიგრანტები ფეხბურთის სტადიონიდან გააძევეს.
2013 წლის "ჰომოფობიათან ბრძოლის საერთაშორისო დღის" აღსანიშნავად გამართული მცირემასშტაბიანი დემონსტრაციის საპასუხოდ მომხდარი არეულობა. გარდა ამისა, საყურადღებოა დისკრიმინაციით მოტივირებული შედარებით პატარა ინციდენტები, რომლებიც ყოველდღიურად ხდება.
სწორედ არსებული სიტუაციის შეფასებას წარმოადგენს ის კვლევა, რაც ევროსაბჭომ წარმოადგინა; კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი პოლიციას ნდობას უცხადებს, სიძულვილის ენის ან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთა დიდი ნაწილი კი, - პოლიციას მიმართავს.
„კვლევის შედეგებით დგინდება, რომ გამოკითხულთა ყველაზე მეტი (62%) ნდობას პოლიციას უცხადებს. კვლევით ასევე დგინდება, რომ სიძულვილის ენის ან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთა ყველაზე დიდი ნაწილი (49%) სწორედ პოლიციას მიმართავდა.
ევროსაბჭოს მიერ დაკვეთილმა კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა სამართლებრივი დაცვის არსებულ მექანიზმებში ყველაზე დიდ ნდობას პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხადებს," - აცხადებენ შსს-ში.
ანალიტიკოსმა წინა ხელისუფლების პერიოდში შესაბამისი უწყების მუშაობაზეც ისაუბრობა და დასძინა, რომ საპატრულო პოლიციამ ის ნდობა, რომელიც დღეს საზოგადოებაში არსებობს, სამართლიანად მოიპოვა.
„საპატრულო პოლიციის მიმართ ნდობა მაღალია, რომელიც ამ სტრუქტურამ სამართლიანად მოიპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო წინა ხელისუფლების პირობებში რას აკეთებდა და როგორ იქცეოდა, ყველას კარგად მოგვეხსენება," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევის, სიღმისეული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების შედეგებს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ იმის დასადგენად, მოსახლეობის აზრით, საქართველოში ყველაზე მატად რომელ ჯგუფებზე ახდენს გავლენას სიძულვილის ენა, რესპოდენტების მიმართ რამდენიმე კითხვა დაისვა, კერძოდ: საქართველოში რომელი ჯგუფის მიმართ გამოიყენება სიძულვილის ენა ყველაზე ხშირად ან იშვიათად გამოიყენება სიძულვილის ენა საქართველოში კონკრეტული ჯგუფების მიმართ, რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა სიძულვილის ენა საქართველოში.
უმრავლესობა (45%) ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი პრობლემაა. უფროსი ასაკის ადამიანები (36%+) და თბილისის გარეთ არსებულ ურბანულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი ყველაზე ნაკლებად აღიქვამენ სიძულვილის ენას პრობლემად. ასევე, უმცირესობების მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენა პრობლემას წარმოადგენს.
ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად რომელი ჯგუფის მიმართ გამოიყენება სიძულვილის ენა, - ადამიანთა უმეტესობას მიაჩნია, რომ სიძულვილის ენა ლგბტ ადამიანების მიმართ გამოიყენება ხშირად, ან ზოგჯერ, უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჯგუფის მიმართ.
შემდეგ სახელდებიან რელიგიური უმცირესობი, - ჯგუფები, რომლებიც მიგრაციის შედეგად, ძირითადად, რეგიონებში ცხოვრობენ და ჯგუფები, რომლებიც ისტორიულად კავკასიის მაცხოვრებლებს წარმოადგენენ.
ასევე, საინტერესოა ის ფაქტი, რომ,საზოგადოების აზრით, ქალები სიძულვილის ერთ-ერთ ძირითად სამიზნეს არ წარმოადგენს. შედარებით ნაკლები ადამიანი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენა ხშირად გამოიყენება შშმ პირების მიმართ.