ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისების საფრთხე კვლავ გაიზარდა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის ნორმა გაუქმდეს. როგორი პრინციპებით ხელმძღვანელობენ ამ სასამართლოში, ყველას მოეხსენება, თუნდაც მარხუანას დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილებით საზოგადოებას უდიდესი დარტყმა მიაყენეს. ასე რომ, ქართული მიწა ისევ დიდი საფრთხის წინაშეა.
შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით "ბიზნეს-რეზონანსი" საკონსტიტუცია სასამართლოს წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც პირად საუბარში დაადასტურა, რომ ასეთი სარჩელი უწყებაში აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან ნამდვილად შევიდა, თუმცა ოფიციალური კომენტარი არავინ ისურვა.
არასამთავრობო სექტორის პოზიცია მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ცნობილია. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ზოგიერთი ორგანიზაციის პოზიცია ქართული მიწის ინტერესების დაცვას კი არა, უცხოელთა ინტერესებს ემსახურება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან მსგავსი ინიციატივის გამოჩენა შეიძლება ქართული მიწის ღალატადაც შეფასდეს.
აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ანზორ მესხიშვილი ამბობს, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვის შესახებ საუბარი წარმოუდგენელია, სანამ ქვეყანას არ ექნება მიწის ბალანსი და "მიწის კოდექსი", რაც ქართულ მიწასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
"ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველის მოადგილემ სატელევიზიო ეთერით თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი და სურთ, რომ მიწა უცხოელებზე გაიყიდოს. ალოგიკურია, სახალხო დამცველის აპარატი ამ შემთხვევაში საქართველოს ინტერესს არ იცავს და სხვა ქვვეყნების მოქალაქეების ბედი აღელვებთ? ცოტა არ იყოს, უცნაური ამბავია.
უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვის გაუქმება იმ დროს, როცა არ გვაქვს მიწის ბალანსი, არ ვიცით, რა დანიშნულების და კატეგორიების მიწებია, არ გვაქვს მიღებული "მიწის კოდექსი", ყოვლად დაუშვებელია. სანამ ეს საკითხები არ მოწესრიგდება, უცხოელებზე მიწის გაყიდვა კატეგორიულად უნდა აიკრძალოს", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" მესხიშვილი და დასძენს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მიწის რეალიზაციის პირობები უმკაცრესია და საერთაშორისო გამოცდილება მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული.
"ჩემი პოზიციაა, რომ უცხოელს თუ აქვს ინვესტიცია და დაინტერესებულია, აიღოს მიწა იჯარით, ეს ნორმალური დამოკიდებულებაა. სინამდვილეში კი მიწა უნდათ იმისთვის, რომ ჩამოსახლდნენ აქ და შექმნან სოფლები, რაც მცხეთასა და კიდევ რამდენიმე ადგილას არის გათვალისწინებული. ადრე ავსტრიის მოქალაქემ შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა თვითონ ავსტრიაში ისეთი კანონია, რომ იქ უცხოელ მოქალაქეების წვდომა მიწის რესურსზე უკიდურესად შეზღუდულია, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
გერმანიაში ადგილობრივსაც კი არ შეუძლია მიწის ყიდვა, თუ მას მიწის მართვის საკითხები უმაღლეს დონეზე არ აქვს შესწავლილი. საერთაშორისო გამოცდილება მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ. ასე ხელაღებით განცხადება, რომ მიწა მივყიდოთ უცხოელებს და აკრძალვა გაუქმდეს, ქართული მიწის და ქვეყნის ღალატის ტოლფას საქმედ მიმაჩნია", - აცხადებს მესხიშვილი.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით გამონაკლისიც კი დაუშვებელია. ამ პრინციპულ პოზიციაზეა აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი, რომელიც ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნებისმიერი ფორმით უცხოელებზე მიყიდვა არასდროს უნდა დავუშვათ.
"კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისება აკრძალულია, ამას ემხრობა მოსახლეობის უმრავლესობა. პირადად მე ვფიქრობ, რომ არავითარი გამონაკლისი არ უნდა დავუშვათ, 1 ჰექტარიც კი არ უნდა გასხვისდეს. ვინც უცხოელებზე ქართული მიწის მიყიდვის აკრძალვის გაუქმებას შეეცდება, ის ან უვიცია, ან ქვეყნის მტერი.
დღეს ბევრი განიხილავს სასოფლო-სამეურნეო მიწას არა როგორც კულტურას, არამედ როგორც ნივთს, რაც სწორად არ მიმაჩნია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამეურნეო მიწის უცხოელებზე გადაცემა, გარდა სამშენებლო მიწისა. აქ შეიძლება გამონაკლისის დაშვება. ისეთი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ქართულ ეროვნულ საუნჯეზე, ანუ მიწაზე, რომ მათ არც კი აქვთ ინფორმაცია, რას ეხებიან და რას აკეთებენ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას პაატა კოღუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ახალი დოკუმენტი - მორატორიუმი მიიღო და კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების ძალაში შესვლამდე უცხოელებზე მიწის გასხვისება აკრძალა იმ დათქმით, რომ გარდამავალ ეტაპზე რეგულაცია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება, ასევე, საქართველოს მთავრობა დისკრეციის უფლებით ისარგებლებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მორატორიუმის მიუხედავად, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.