მარი ჩიტაია
20.11.2018

 საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდის ზრდის დიდი საფრთხეა. რისკი ქვეყანაში ისედაც არსებობს, რადგან აქციზის გადასახადის მატებამ კონტრაბანდის მასშტაბი გაზარდა. ოფიციალურად დასტურდება, რომ თამბაქოს კონტრაბანდა ბოლო 2 წელიწადში 20-ჯერ და მეტადაც არის მომატებული. ამ ეტაპზე კი საუბარი მიდის, რომ უფლიტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზი გათანაბრდეს, რაც ფასზეც აისახება. თუკი თამბაქოს ყველანაირი ნაწარმის ღირებულება ერთმანეთს გაუტოლდება, მოიმატებს კონტრაბანდის მასშტაბიც და 2-3 წელიწადში დაახლოებით 50-ჯერ გაიზრდება.

ცხადია, ამით მომხმარებელიც დაზარალდება, ბიზნესიც და ქვეყნის ბიუჯეტიც. პირველ რიგში კი, მომხმარებელი, რომელსაც იაფ პროდუქტზე წვდომა ხელოვნურად შეეზღუდება. დღეს კონტრაბანდას მეტ-ნაკლებად თუკი რამე აკავებს, ეს ბაზარზე ფასით ხელმისაწვდომი თამბაქოა.

კონტრაბანდის მასშტაბის ზრდის საფრთხეზე საუბრობს აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი, რომლის შეფასებითაც, ხელისუფლებამ აქციზის გაძვირებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი რისკი თავიდანვე სწორად ვერ გათვალა და შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს.

"როდესაც აქციზს რამე მიმართულებით ვზრდით, შესაბამისად, მატულობს შავი ბაზრისა და კონტრაბანდის რისკიც. სტატისტიკა ამას ადასტურებს, მაგალითისთვის, 2014 წელთან შედარებით, 2017 წელს კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობა 48-ჯერ იყო გაზრდილი. ესეც უკვე იძლევა თვალსაჩინო სურათს, თუ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით.

თუკი აქციზს ჯანსაღი ცხოვრების სტიმულირებისთვის ვაძვირებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იწვევს არა მოხმარების შემცირებას, არამედ ზრდას, რამდენადაც მყიდველი უფრო დაბალი ხარისხის სიგარეტზე გადადის. რამე პროდუქტზე თუ რამდენიმეჯერ გავზრდით აქციზს და ფასი რამდენიმეჯერ გადააჭარბებს მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასს, უნდა ვიცოდეთ, რომ სერიოზული კონტრაბანდული რისკი დაგვიდგება, რის გაუთვალისწინებლობაც არაფრით არ შეიძლება.

ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გათანაბრება გამოიწვევს ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარებას. 2-3 წელიწადში თამბაქოს უკანონო ბრუნვის მასშტაბი შეიძლება 50-ჯერაც გაიზარდოს", - განუცხადა "რეზონანსს" ბაირახტარმა და ისაუბრა იმ საფრთხეზეც, რაც აქციზის გათანაბრების გამო ბიუჯეტს ემუქრება.

"ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გათანაბრებას, პირველ რიგში, მომხმარებელი იგრძნობს, რადგან მათ არჩევანიც აღარ ექნებათ. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის განვითარდება შავი ბაზარი, მისი კონტროლი კი არათუ მარტივი არ არის, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შესაბამისად, შეიძლება დაგვიდგეს ბიუჯეტის შევსების პრობლემაც, რადგან კონტრაბანდა მოიმატებს და ეს ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება.

აქედან გამომდინარე, აქციზის გათანაბრება არ იქნება სწორი გადაწყვეტილება", - ამბობს პაატა ბაირახტარი.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, თამბაქოს კონტრაბანდული გზით შემოტანის ფაქტები 2016 წელსაც შეინიშნებოდა, თუმცა იმდენად ნაკლებად, რომ ვერანაირ მატერიალურ გავლენას ბიზნესზე ვერ ახდენდა. 2017 წლიდან ვითარება რადიკალურად შეიცვალა და კონტრაბანდის მასშტაბმა უპრეცედენტოდ მოიმატა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარია ფიქრობს, რომ სახელმწიფო არ უნდა წავიდეს საკანონმდებლო ცვლილებაზე, როცა შავი ბაზრის კონტროლის მექანიზმი სუსტია ქვეყანაში.

"თამბაქოს აქციზის ზრდა ყველაზე მეტად ახალისებს კონტრაბანდას, ვიდრე სხვა პროდუქციის შემთხვევაში და ამ მხრივ გადაწყვეტილება უნდა იყოს ძალიან ფრთხილი. ეს რისკი ყოველთვის არის, როცა სახელმწიფოს არ გააჩნია ბერკეტი საფრთხის აღსაკვეთად. აქციზის მატება თავისთვად ნიშნავს, რომ პროდუქცია გაძვირდება. არსებობს ხვრელი, საიდანაც შეიძლება კონტრაბანდის შემოსვლა მოხდეს.

ვერ ვიტყვი, რომ მასობრივად არის კონტრაბანდა, თუმცა ბოლო დროს ბევრი ასეთი ფაქტია. ხელისუფალი უნდა ზრუნავდეს ცხოვრების დონის ამაღლებაზე და შემდეგ დაიწყოს ფიქრი აქციზის გადასახადის ცვლილებაზე. ჩვენთან გადასახადის ზღვარი ცხოვრების ხარისხს ნამდვილად არ შეესაბამება და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყნისთვის. ჯანმრთელობის კუთხით თუ ვიმსჯელებთ, მოხმარების შემცირება ყოველთვის სჯობს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მომხმარებელს იაფფასიან პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდება", - განაცხადა კემულარიამ.

სიგარეტის კონტრაბანდის მასშტაბი მუდმივად მატულობს აფხაზეთში და საზღვრიდან უკანონო პროდუქცია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც ვრცელდება, განსაკუთრებით სამეგრელოში. ზუგდიდში მცხოვრებთა ინფორმაციით, ბაზრობებსა და მაღაზიებში აფხაზურაქციზიანი სიგარეტი იყიდება.

ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, ამბობს, რომ კონტრაბანდული სიგარეტი ე.წ. აფხაზურ საგუშაგოებზე უპრობლემოდ გადმოაქვთ. იმ შემთხვევაში, თუკი უფილტრო სიგარეტზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდება, დიდია რისკი, რომ უკანონო საზღვრიდან "იაფი სიგარეტის" შემოტანა გაორმაგდეს და გასამმაგდეს.

"სიგარეტის ბიზნესიდან ადამიანებს საკმაოდ დიდი მოგება რჩებათ. ერთი კოლოფი სიგარეტი, სულ მცირე, 1,5 ლარ მოგებას ტოვებს, ამიტომ ხალხს უღირს რისკზე წასვლა. მართალია, "საზღვარზე" არალეგალური სიგარეტის ბიზნესს საკმაოდ მკაცრად აკონტროლებენ, მაგრამ ხალხი მაინც რისკავს. ყველა სხვადასხვა ხერხს იყენებს, რათა დაკავებას გადაურჩეს. თუ დაგაკავეს, ჯარიმას სიგარეტის რაოდენობა განსაზღვრავს. სასამართლო წყვეტს, საბოლოოდ რა ბედი გელის, არის შემთხვევები, როცა ითვალისწინებენ გაჭირვებული ოჯახების მდგომარეობას, ზოგჯერ კი საკმაოდ მაღალ ჯარიმას აკისრებენ", - უთხრა "რეზონანსს" ზუგდიდის მკვიდრმა, რომელიც აღნიშნული სქემის თაობაზე საკმაოდ ინფორმირებულია და ამიტომ ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×