ლარის კურსი კანონზომიერებას არ ემორჩილება. აშკარაა, რომ ძალაშია პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც არჩევნების შემდეგ ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს. წესით, ლარის კურსი მიმდინარე პერიოდში უნდა უფასურდებოდეს, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით მიცურავს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც დევალვაციის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, ლარი ანტირეკორდებს ამყარებდა, ახლა კი, როცა ეროვნული ვალუტა უნდა უფასურდებოდეს, პირიქით, ნახტომისებურად მყარდება.
გაუფასურება (ისევე როგორც გამყარება) აქამდეც პოლიტიკურ სიტუაციას ბრალდებოდა. ეროვნულმა ბანკმა ბოლო 10 დღეში 20 მილიონი დოლარი გამოაცალა ბაზარს, პოლიტიკური დაძაბულობა საერთოდ პიკშია, თანაც წინასაახალწლო შეკვეთების პერიოდია, როცა ყველა გამალებული ითხოვს დოლარს, მაგრამ ლარზე უკვე გავლენას ვერაფერი ახდენს - ქვეყანაში რევალვაცია მიმდინარეობს.
ბაზრიდან დოლარის აღების მიუხედავად, ბოლო დღეების სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარმა პოზიცია დოლარის მიმართ რამდენიმე პუნქტით გაიუმჯობესა. სწორედ ამიტომ ფინანსისტი დავით წიქარიძე ამბობს, რომ ლარის კურსი პოლიტიკურია და ვითარება ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.
"მოვლენები ისე ვითარდება, რომ უკვე აღარავის ესმის, რეალურად როგორ ყალიბდება კურსი. თუკი ვალუტის სტაბილურობას შეინარჩუნებენ, კარგია, მაგრამ არჩევნების მერე რა იქნება, არავინ იცის. ყველამ გაიგო და მიხვდა, რომ დღეს ლარი სწორედ არჩევნების გამო მყარდება, მაგრამ პოლიტიკური დაძაბულობა გადაივლის და მერე რა მოხდება, უკვე შეუძლებელია ამის განსაზღვრა.
რაც შეეხება ვალების ჩამოწერის საკითხს და ამ პროცესის გავლენას გაცვლით კურსზე, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, გავლენა არ ექნება, ლარს ვერ გაამყარებს. ეს ის ვალებია, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და მოსახლეობა არ იყო ამ თანხის გადამხდელი, ასე რომ ბაზარზე ფულის დამატებითი მასის მოძრაობასთან საქმე არ გვექნება. ცხადია ისიც, რომ არავის მისცემენ ფულს, თუმცა მოხდება ზარალის დათვლა", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" წიქარიძე.
მისი ვარაუდით, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ძალიან მცირე ხნით შეიცვლება და საბოლოოდ კრახი შეიძლება გარდაუვალიც გახდეს.
"გამოაქვთ რეზერვები და ლარს ამით ამყარებენ. ეს იქნება ძალიან მოკლევადიანი გამყარება და ისევ ტოტალურად გაექცევათ კურსი, სხვა მოლოდინი არ მაქვს. ახალ წლამდე რომ გააჩერონ გაუფასურების პროცესი, ესეც მიღწევად ჩაეთვლებათ. არ გაუჭირდებათ, რომ 200 მილიონი გამოიტანონ და გაყიდონ, მაგრამ ამით სავალუტო ბაზარზე მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება ან გაუმჯობესდება მხოლოდ მოკლე პერიოდში.
მეორე საკითხია, ხალხს რა დამოკიდებულება ექნება ამ პროცესის მიმართ. მთავარია, ხელოვნურად დაიჭირონ კურსი და მერე უკვე აღარავის აინტერესებს, რა მოხდება. მთავარია, ამ არჩევნებში თავი გადაირჩინონ", - ამბობს წიქარიძე.
ეროვნული ბანკის ინტერვენციები გაუგებარია ეკონომისტ აკაკი ცომაიასთვის. მისთვის უცნაურია სებ-ის ქმედება, ლარის გაუფასურების პირობებში შეევსო სავალუტო რეზერვები.
"ეროვნულ ბანკს, სავარაუდოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ჰქონდა მითითება, რომ სავალუტო რეზერვი უნდა შეევსო, მაგრამ რატომ აკეთებს ამას ასე მყისიერად, თან იმ დროს, როცა მოცემულ მომენტში ამის აუცილებლობა არ არის, არ ვიცი.
ბოლოდროინდელი გამყარების მიუხედავად, დევალვაციის რისკი კვლავაც არსებობს. სებ-მა როცა დაინახა, რომ ლარი მყარდებოდა, მაშინ გადაწყვიტა, სავალუტო აუქციონზე დოლარი ეყიდა. დოლარის ამოღება ეროვნულ ვალუტას ნამდვილად ვერ გაამყარებს", - ამბობს ცომაია.
პოლიტიკურ ფაქტორზე სვამს აქცენტს ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე, რომლის შეფასებითაც, კურსი სპეკულაციური მომენტებიდან გამომდინარე გამყარდა.
"ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში იმდენად სწრაფად მოხდა ლარის გაუფასურება და შემდეგ გამყარება, რომ ეჭვი დადასტურდა. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ეს პროცესი არ იყო ფუინდამენტურ ფაქტორებზე დამოკიდებული. რეალურად, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კურსი, სხვა ფაქტორები აქ გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. სებ-მა ჯერ 10 მლნ დოლარი შეისყიდა ბაზარზე, შემდეგ - დამატებით კიდევ 10 მლნ და მას შემდეგ კურსი გამყარებას აგრძელებს, თუმცა ესეც ერთი შეხედვით, რადგან კითხვის ნიშნებია იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის ეს ხელოვნური პროცესი, რაც საბოლოოდ არჩევნების შემდეგ გამოჩნდება.
გაუფასურების სწრაფი ტემპი თუ გაგრძელდება, ეს დაადასტურებს, რომ ხდება სპეკულაციური ჩარევა და კურსი ხელოვნურად აქვთ დაჭერილი. ლარისთვის ეს კარგი ნამდვილად არ არის, თუკი შემდეგ უნდა გაუფასურდეს", - ამბობს ბერძენაძე და დასძენს, რომ ლარის კურსი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ფუნდამენტური ფაქტორების მიღმა.
"ლარის გაუფასურება და გამყარება უკვე ყველა საფუძველს აცდენილია. მაშინ, როცა სებ-ი ეკონომიკას აცლის დოლარს და ვხედავთ, რომ ჩვენი ვალუტა მყარდება, ჩნდება ეჭვი, რომ პრობლემაა. უნდა დაველოდოთ, არჩევნების შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება ისიც დადასტურდეს, რომ გაუფასურება ხდებოდა ხელოვნურად, რაც ასევე ძალიან ცუდია.
მნიშვნელოვანია, არჩევნები რომ გადაივლის, როგორ შეიცვლება ვითარება. პარადოქსია, მაგრამ იმ დროს უფასურდება ლარი, როცა არ უნდა უფასურდებოდეს და მყარდება, როცა ამის საფუძველი რეალურად არ არის. ყველაფერი თავდაყირა დადგა. ერთი ის ვიცით, რომ ინტერვენციები გაგრძელდება და სებ-ი დოლარს ისევ შეისყიდის, ამაზე მკაფიოდ განაცხადეს", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ბერძენაძე.
ამდენად, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. სებ-ის ინფორმაციით, მსგავს პირობებში გაცვლითი კურსი ხასიათდება მოკლევადიან პერიოდში მერყეობით. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები რომ შეინარჩუნოს ადეკვატურ დონეზე, ბაზარზე პერიოდულად ახორციელებს სავალუტო ინტერვენციას და ყიდულობს უცხოურ ვალუტას.